დღეს საქართველოს არ ჰყავს იმაზე დიდი მტერი, ვიდრე „ნაციონალური მოძრაობა“ და მისი კონკრეტული წევრები, – ამის შესახებ კახა კალაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
თბილისის მერმა და „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა ასევე ოპოზიციურ პარტიაში არსებული ვითარება შეაფასა.
„ნაციონალური მოძრაობა“ რამდენად საინტერესოა, ვერ გეტყვით. ძალიან დიდი პრობლემები აქვს ამ პოლიტიკურ პარტიას – დაპირისპირებები, გახლეჩილობა, ხალხში არანაირი ნდობა არ აქვს. იმიტომ რომ როგორ შეიძლება მხარი დაუჭირო პოლიტიკურ გუნდს, რომელიც ხალხს აუპატიურებდა. გახსოვთ, ციხეებიდან გამოჰყავდათ პატიმრები და როგორ ეპყრობოდნენ. გახსოვთ, რა დამოკიდებულება ჰქონდათ ბიზნესის მიმართ, როგორ ატერორებდნენ. რომელი ერთი მაგალითი მოვიყვანო? შესაბამისად, არ მინდა ამ ყველაფერზე საუბარი. ხალხმა მათ 2012 წელს და შემდეგ მოყოლებული არჩევნების დროს გასცა შესაბამისი პასუხი და 2024 წელსაც გასცემს შესაბამის პასუხს“, – განაცხადა კალაძემ.