Home ეკონომიკა ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 18,7% იყო — საქსტატი

ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 18,7% იყო — საქსტატი

0
ივნისში საქართველოს ეკონომიკის წლიური ზრდა 18,7% იყო — საქსტატი

საქსტატის წინასწარი შეფასებით, მიმდინარე წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 18,7%-ით გაიზარდა, ხოლო 2021 წლის პირველი ექვსი თვის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 12,7% იყო.

ფოტო: საქსტატი

როგორც ცნობილია, ზრდის მსგავსი მონაცემი მნიშვნელოვნად გამოწვეულია ე.წ საბაზისო ეფექტით, რადგან მიმდინარე წლის ეკონომიკური ზრდის ივნისის თვის მაჩვენებელი 2020 წლის მძიმე ლოქდაუნის პერიოდს შედარდა — შეგახსენებთ, რომ გასული წლის ივნისში საქართველოს ეკონომიკა 7.7%-ით შემცირდა. თუმცა, აქვე უნდა აღინიშნოს, რომ მიმდინარე წლის ივნისში, 2019 წლის იმავე თვესთან შედარებით, ქვეყნის ეკონომიკა 9,5%-ით არის გაზრდილი.

რაც შეეხება სექტორალურ ანალიზს, საქსტატის ინფორმაციით, 2021 წლის ივნისში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: დამამუშავებელი მრეწველობა, საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობა, ტრანსპორტი და დასაწყობება, ვაჭრობა, სასტუმროები და რესტორნები, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობა, მშენებლობა. როგორც საქსტატის ანგარიშშია აღნიშნული, ივნისის თვეში კლების ტენდენცია დაფიქსირდა სამთომოპოვებითი მრეწველობის დარგში.

საქსტატის ანგარიშში ნათქვამია, რომ 2021 წლის იანვარ-ივნისში საქონლის ექსპორტი 25,2%-ით, ხოლო იმპორტი 18,9%-ით გაიზარდა. შესაბამისად, საგარეო სავაჭრო ბრუნვა 20,7%-ით არის გაზრდილი.

მიმდინარე წლის ივნისში ახლადრეგისტრირებულ საწარმოთა რაოდენობა წლიურად 13,3%-ით, 4 883-მდე გაიზარდა. ამავე პერიოდში დღგ-ს გადამხდელ საწარმოთა ბრუნვამ 37,5%-ით 9,1 მილიარდ ლარამდე მოიმატა.

ეკონომიკური ზრდის ანგარიში ქვეყანაში არსებული ინფლაციის შესახებ მონაცემებსაც მოიცავს და აღნიშნულია, რომ ივნისში წიური ინფლაცია 9,9%-იყო. უნდა ითქვას, რომ ეს ბოლო 10 წელში ფასების ზრდის რეკორდულად მაღალი მაჩვენებელია.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეკონომიკის შემცირება გასული წლის მარტიდან დაიწყო, რაც კორონავირუსით გამოწვეული პანდემიის ფონზე მიღებულ შეზღუდვებს უკავშირდებოდა. ეკონომიკის ვარდნის ტენდენცია გაგრძელდა მომდევნო თვეებშიც. ბოლო გათვლების მიხედვით, 2020 წლის მეორე კვარტალში ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტი 13,2%-ით, მესამე კვარტალში — 5,6%-ით, ხოლო მეოთხე კვარტალში 6,8%-ით შემცირდა. წლიურად, 2020-ში საქართველოს ეკონომიკამ 6,2%-ით იკლო. რაც შეეხება მიმდინარე წლის სტატისტიკას, პირველ კვარტალში ქვეყნის ეკონომიკა 4,5%-ით შემცირდა, ხოლო მერე კვარტალში 29,8%-ით გაიზარდა.

რაც შეეხება პროგნოზებს, მთავრობამ უკვე დააკორექტირა ბიუჯეტი, რომელიც მიმდინარე წელს ეკონომიკის 7,7%-იანი ზრდის მოლოდინზეა აგებული. წელს საქართველოს ეკონომიკის 7,7%-ით ზრდას ელოდება საერთაშორისო სავალუტო ფონდიც. უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკური ზრდის მოლოდინების გამართლება ვაქცინაციის პროცესის ეფექტიანად წარმართვასა და პანდემიის მართვაზე იქნება დამოკიდებული.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here