16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ჩვენ არ გვაღელვებს, რომელი პარტია მართავს საქართველოს – დენიელ ფრიდი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

რუსეთ-საქართველოს ომიდან 13 წელი გავიდა. ქვეყნის ტერიტორიის 20% ოკუპირებულია. საოკუპაციო ხაზის მუდმივი ცვლილება, საქართველოს მოქალაქეების გატაცება, მათი უფლებების დაღვევა, ანტიდასავლური ჯგუფების მხარდაჭერა, დეზინფორმაცია – კრემლი საქართველოს წინააღმდეგ აგრესიის კვლავ არაერთ განსხვავებულ მეთოდს იყენებს. ქვეყნის უსაფრთხოების გაძლიერებისა და უზრუნველყოფის ერთ-ერთ უმთავრეს გზად დასავლელი ანალიტიკოსები შიდაპოლიტიკური პოლარიზაციის შემცირებას მიიჩნევენ. რათა კრემლმა ვერ შეძლოს შიდა დაპირისპირების საკუთარი მიზნებისთვის გამოყენება.

დენიელ ფრიდი, ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი სტაჟის მქონე ყოფილი ამერიკელი დიპლომატი და სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსანი 2008 წელს მიმდინარე მოვლენებს იხსენებს და საქართველოს პოლიტიკურ ელიტას მოუწოდებს არ გაფლანგოს ვაშინგტონში დაგროვებული პოლიტიკური კაპიტალი.

– აგვისტოს ომის შემდეგ 13 წელი გავიდა. გვიამბეთ უშუალოდ იმდროინდელი დისკუსიების შესახებ ვაშინგტონში, როგორი რეაქცია გქონდათ, რა გახსოვთ?

– ჩემი მოგონებები ძალიან მკაფიო და ცოცხალია. ვიცოდით, რომ ხიფათი ახლოვდებოდა. რუსების განზრახვა ნათელი იყო. ვშიშობ, მოვლენებს ალბათ ერთი ან ორი კვირით ჩამოვრჩებოდით. ვისურვებდი, უფრო მაღალი დონის გაფრთხილებები გაგვეგზავნა რუსებისთვის. ჩვენ ეს გავაკეთეთ, მაგრამ ვამზადებდით უფრო მაღალი რანგის დიპლომატიურ ჩართულობას, რომელიც ბერლინში უნდა გამართულიყო ერთი კვირის შემდეგ მას მერე, რაც ეს ყველაფერი დაიწყო. შოკირებულნი ნამდვილად არ ვიყავით. ჩვენ არ ვიყავით ბედნიერნი იმით, როგორ წამოეგო სააკაშვილი რუსულ პროვოკაციას, მაგრამ ეჭვი არ არსებობს იმის შესახებ, რომ ომი ვლადიმირ პუტინს სურდა. ბრალეულობა იყო ნათელი.

მახსოვს, ვმუშაობდით ამერიკის ელჩთან, ჯონ ტეფტთან, ამერიკის ეროვნული უშიშროების საბჭოსთან ერთად, სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და ფრანგულ მხარესთან ერთად. პრეზიდენტ სარკოზისა და სხვა მეგობრების მოლაპარაკებების შედეგად, რა თქმა უნდა, ნაკლოვანი, მაგრამ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება, რომელიც სულ არაფერს სჯობდა, მიღწეული იყო.

ქართული შეიარაღებული ძალები დამარცხდა, მაგრამ არ განადგურდა. ის მზად იყო განეგრძო ბრძოლა თბილისის დასაცავად. ვფიქრობ, რუსულმა ჯარებმა ამიტომ არ სცადეს თბილისში შესვლა და სრულიად საქართველოს დაპყრობა. იმიტომ, რომ ქართველმა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია მათ და ქართულმა ჯარმაც რთულ გარემოებებში კარგი შთაბეჭდილება დატოვა. ქართველმა ხალხმა დაიცვა თავისი ქვეყანა.

საქართველომ ომის შემდეგ დაკარგა ტერიტორიები, თუმცა რუსები ისედაც აკონტროლებდნენ სამხრეთ ოსეთს და აფხაზეთს და მათ დამოუკიდებელ ქვეყნებად აღიარებდნენ. საქართველომ მცირედით მეტი ტერიტორია დაკარგა სამხრეთ ოსეთში და ისინი წევენ დე-ფაქტო ხაზს უფრო ღრმად, მაგრამ საქართველო თავისუფალი დარჩა.

საქართველო ომის შემდეგ ეკონომიკურ დახმარებას ითხოვდა და ვფიქრობ, ქართველებს უნდა ახსოვდეთ, როგორ გაიცა ეს დახმარება: ბუშის ადმინისტრაცია აღმოჩნდა დემოკრატების სკეპტიციზმის პირისპირ. უფრო კი ერთი დემოკრატის, ჯო ბაიდენის სკეპტიციზმის, რომელიც მაშინ ვიცე-პრეზიდენტობისთვის იყრიდა კენჭს. მან საჯაროდ თქვა, რომ ამერიკა საქართველოს 1 მილიარდი დოლარით უნდა დახმარებოდა. ჩვენ კი ბუშის ადმინისტრაციიდან მაშინვე მივიღეთ ეს შემოთავაზება. ვიცოდით, რას აკეთებდა ბაიდენი, ის ამას ორპარტიულ ძალისხმევად აქცევდა. მისთვის ამას არანაირი პოლიტიკური უპირატესობის, ქულების მოტანა არ შეეძლო.

მაგრამ მან ეს გააკეთა, რადგან ეს იყო მართებული ნაბიჯი, ის, რაც უნდა გაკეთებულიყო. ბუშის ადმინისტრაცია მიჰყვა ბაიდენის ლიდერობას. მანაც და ჩვენც ვიცოდით, რას ვაკეთებდით. ეს არ იყო პარტიული საკითხი, არ იყო დემოკრატები რესპუბლიკელების წინააღმდეგ. ეს იყო ძალისხმევა საქართველოსთვის. ეს იყო ჯო ბაიდენის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ნაბიჯი საგარეო პოლიტიკის მიმართულებით.ჩვენ ეს 1 მილიარდი დოლარი ბუშის ადმინისტრაციიდან მოგვიანებით, საქართველოს და მისი ეკონომიკის სტაბილიზაციის დახმარებებლად 3.5-4 მილიარდ დოლარად ვაქციეთ საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელიც შემოდგომის დასაწყისში გაიმართა. მიხარია, რომ ეს გავაკეთეთ. ეს იყო მართებული.

ქართველმა ხალხმა შეინარჩუნა თავისი ქვეყანა. მათ ეს გააკეთეს ამერიკელთა და ევროპელთა დახმარებით, მაგრამ, პრინციპულად, საკუთარი ძალისხმევით, და ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მომავალი კვლავ შესაძლებელია, რომ იწერებოდეს ქართველების მიერ. ზუსტად ისე არა, როგორც ქართველებს გაუხარდებოდათ, თქვენ დიდი, ცუდი მეზობელი გყავთ, ვიცი, მაგრამ ქართველებს აქვთ შესაძლებლობა და ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგობის შედეგი.

– გარდა უდიდესი ფინანსური მხარდაჭერისა, რას ნიშნავდა ამერიკის დახმარება მაშინ საქართველოსთვის, რა განცხადება, რა გზავნილი იყო ეს შეერთებული შტატების მხრიდან?

– ეს ნიშნავდა იმას, რომ ამერიკას სჯერა, რომ საქართველო არ ეკუთვნის რუსეთს. რომ ის ეკუთვნის ქართველ ხალხს. ნიშნავდა, რომ ბუშის ადმინისტრაცია, დემოკრატების ძლიერი მხარდაჭერით, ამბობდა: ჩვენ არ ვაღიარებთ პუტინის დომინირებას საქართველოზე მიუხედავად იმისა, რომ მან სულ ეს-ესაა მოიგო ომი. ეს ნიშნავს, რომ ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული სისტემის მსოფლიოში და არა დამცინავი, ფსევდო-პოლიტიკის. ეს იყო უფრო ფართო ხედვა იმისა, როგორი უნდა იყოს მსოფლიო, და რაც კარგია ამერიკისთვისაც, არა მხოლოდ საქართველოსთვის.

– ომის შემდგომ პერიოდში ამერიკა-საქართველოს ურთიერთობები ძალიან გაღრმავდა და გააქტიურდა. იყო უდიდესი ფინანსური და პოლიტიკური მხარდაჭრა, ხელი მოეწერა სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიას. დღემდე ამერიკა საქართველოს სუვერენიტეტისა და მისი დასავლური მისწრაფებების უდიდესი მხარდამჭერია. რა როლი ითამაშა ომმა და ომის შემდგომმა პერიოდმა ამერიკა-საქართველოს ურთიერთობაში? იყო ის ერთგვარად გარდამტეხი? და რამდენად იყენებს საქართველო ახლა ამ პოლიტიკურ კაპიტალსა და ორპარტიული მხარდაჭერის უპირატესობებს?

– ომი არ იყო გარდამტეხი მომენტი. ეს იყო გამოცდის მომენტი, და ამერიკა იდგა საქართველოს გვერდით. ეს იყო ბუშისა და ობამას ადმინისტრაციები. მათ განსხვავებული პერსპექტივები ჰქონდათ, მაგრამ საბოლოოდ, ისინი იდგნენ საქართველოს გვერდით. ბაიდენის ადმინისტრაციას ლიდერობენ ადამიანები, რომლებიც ობამას ადმინისტრაციისასაც იდგნენ საქართველოს გვერდით: სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი, მდივნის მოადგილე ვიქტორია ნურლანდი…

შეკითხვა ახლა სწორედ ისაა, იყენებს თუ არა ამას საქართველო ბოლო წლებში ისე, როგორც ამას უნდა აკეთებდეს. პოლიტიკური კაპიტალი საქართველოს ევროპული მომავლისთვის შეიძლება წარმოიშვას მხოლოდ ქართველების მიერვე. რა წარმოქმნის ამ პოლიტიკურ კაპიტალს? საქართველოს მიღწევები ქვეყნის ევროპეიზაციისკენ.

სააკაშვილმა, მის ყველაზე კონსტრუქციულ პერიოდში, მისი ლიდერობის ადრეულ წლებში, ეს პოლიტიკური კაპიტალი გაამდიდრა, რადგან მან გადაარჩინა ეკონომიკა და ვითარდებოდა ბიზნესი. ამან ქვეყანა უფრო დინამიკური გახადა, გააფართოვა ეკონომიკა და ჩანდა, რომ საქართველო ვითარდებოდა. ამან გაამდიდრა საქართველოს პოლიტიკური კაპიტალი. სააკაშვილი ამ პოლიტიკურ კაპიტალს ნატოსთან დასაახლოვებლად იყენებდა. ბუქარესტის სამიტისას ამან არ იმუშავა ისე კარგად, როგორც ის იმედოვნებდა, მაგრამ ვგულისხმობ იმას, რომ ის იყენებდა ამ კაპიტალს.

ჩვენ არ გვაღელვებს, რომელი პარტია მართავს საქართველოს, „ქართული ოცნება“, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“, თუ ვინმე სხვა. ეს ჩვენი საქმე არაა. თუმცა ჩვენ გვაღელვებს საქართველოს დემოკრატიული, თავისუფალ ბაზარზე და კანონის უზენაესობაზე დაფუძნებული გარდაქმნა.

ჩვენ მხარს ვუჭერთ ნებისმიერ პარტიას, რომელიც ამ მიმართულებით ქვეყანას დააწინაურებს და სკეპტიკურად ვართ განწყობილი ნებისმიერის მიმართ, ვინც ამას არ გააკეთებს. ჩვენ არ ვიყავით პრო- ან ანტი-სააკაშვილი,პრო- ან ანტი-ივანიშვილი. შეკითხვა ისაა, რას აკეთებდნენ ისინი თავიანთი ლიდერობის პერიოდში?

პუტინს მოსწონს კორუმპირებული, დაყოფილი ქვეყნები, რადგან ისინი უფრო ადვილი სამართავია. მოსწონდა იანუკოვიჩის მმართველობის დროინდელი უკრაინა. მას მოსწონს ოლიგარქიები. არ მოსწონს დიდად ლუკაშენკო, მაგრამ მის დემოკრატიულ ალტერნატივას, ხალხს, ვინც ბელარუსში მასობრივ პრო-დემოკრატიულ მოძრაობას წარმოადგენს, ნამდვილად ურჩევნია.

შეკითხვა ქართველებისთვის ასეთია: აკეთებენ კი ისინი იმას, რასაც უნდა აკეთებდნენ ქვეყნის გარდასაქმნელად? არა ამერიკისთვის, არამედ მათი საკუთარი თავისთვის? აკეთებს საქართველო საკმარისს? ვშიშობ, რომ პასუხია – არა.

საქართველოს აქვს ლიბერალური პოლიტიკის ტრადიცია. მას მე-19 საუკუნეშიც ვხედავთ… ესაა საქართველო. ის არაა სტალინი. მე ვუყურებ ამ პოლარიზაციას და ბრალი შეიძლება ორივე მხარეს მიუძღოდეს, მაგრამ მმართველ პარტიებს მეტი პასუხისმგებლობა აქვთ, რადგან ისინი მართავენ ხელისუფლებას.

შემაშფოთებელი იყო, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ისე ჩანდა, რომ წაახალისა ძალადობრივი თავდასხმები ლგბტქ დემონსტრანტებზე. და ამ თავდასხმებს შედეგად ჟურნალისტის გარდაცვალება მოჰყვა. საქართველოს, როგორც თავისუფალ ქვეყანას შეუძლია გადაწყვიტოს, როგორი იქნება მისი პოლიტიკა ამგვარ საკითხებზე, მაგრამ ღირსეული პატივისცემა და ის, რომ არ ჩანდეს ისე, თითქოს მხარს უჭერ ძალადობას ქუჩებში, არის ძალიან მნიშვნელოვანი.

პოლიტიკური პოლარიზაცია პრობლემაა. ბრალი ორივე მხარეს მიუძღვის. ევროკავშირი და ამერიკა დაეხმარა მხარეებს პოლიტიკური კომპრომისის მიღწევაში და ვწუხვარ,რომ ამას ვამბობ, მაგრამ მან ვერ იმუშავა. „ქართული ოცნება“ გავიდა შეთანხმებიდან. ეს ქართული პოლიტიკაა, ქართველების საქმეა და არა ამერიკელების, მაგრამ ჩვენ საქართველოს ვუყურებთ, როგორც სერიოზულ ქვეყანას და არა როგორც მხოლოდ გულდასწაყვეტ წარუმატებლობას და როგორც სერიოზული ქვეყნისგან, ჩვენ მოველით და იმედი გვაქვს, რომ საქართველო გაიაზრებს მის საუკეთესო პეტენციალს. მისი უსაფრთხოება, მისი შესაძლებლობა, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს ვლადიმირ პუტინს, საბოლოოდ შიგნიდან მოდის.

– შიდაპოლიტიკური დაპირისპირება, პოლარიზაცია და ამჟამად მიმდინარე პოლიტიკური მოვლენები, შედეგად კი დასავლელი მეგობრების შეშფოთებული განცხადებები – აძლევს ეს ყველაფერი კრემლს იმის ფიქრის საფუძველს, რომ დასავლეთი ჩვენით იმედგაცრუებულია? რომ შესაძლოა უფრო მეტი აგრესიული ქმედებისთვის სწორედ შესაბამისი გარემო იყოს შექმნილი?

– დიახ, ნამდვილად. ეს სწორედ ასე მუშაობს. რუსები დასავლეთს ეუბნებიან: ქართველები უიმედონი არიან. რას ელით მათგან, ისინი ემოციურები, ისტერიკულები არიან. [რუსები] იყენებენ და შეუძლიათ გამოიყენონ ყველა სტერეოტიპი იმისთვის, რომ დაარწმუნონ დასავლეთი, რომ საქართველო უსარგელოა, „უმჯობესია დაგვანებოთ, ჩვენ გავუმკლავდებით ქართველებს“. მეორე მხრივ კი, ქართველებს ეუბნებიან: დასავლეთს არ მოსწონხართ, მაინ მიგატოვებენ და ჯობია ჩვენ მოგვანდოთ რაღაცების გაკეთება, მართვა, მოგვარება.

ამერიკის ხმა

 

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X