16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

მეგრელები კარგად გამიგებენ, გახარია ჩემს თვალში არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე -ღარიბაშვილი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

2012 წლის პირველ ოქტომბერს გიორგი გახარიას არანაირი მონაწილეობა არ მიუღია, ჩამოვიდა მოსკოვიდან, შემდეგ ერთ-ერთი ადამიანის რეკომენდაციით მოხვდა მთავრობაში, დაინიშნა ბიზნესომბუდსმენად, შემდეგ გახდა ეკონომიკის მინისტრი, შინაგან საქმეთა მინისტრი, პრემიერ-მინისტრი; ჩვენი პარტიის დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სრულ ნდობას უცხადებდა ამ ადამიანს, ისევე, როგორც მთელი გუნდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს მარტვილში, გიორგი გახარიასთან დაკავშირებით დასმული კითხვის საპასუხოდ განუცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, გიორგი გახარიას მმართველობის დროს ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული.

„ძალიან ბევრი შეცდომა იყო დაშვებული, რომლებიც ძალიან მძიმე შედეგებით დასრულდა. ძალიან ბევრი წარუმატებელი ოპერაცია იყო, თუნდაც კლუბების, შემდეგ პანკისის, შემდეგ „გავრილოვის ღამის“ მართვა, რაშიც „ქართულმა ოცნებამ“ ძალიან მაღალი პოლიტიკური ფასი გადაიხადა. ეს ყველაფერი ჩვენს და ჩვენი მოქალაქეების ხარჯზე განხორციელდა. ამის შემდეგ მთელი გუნდი მას გადაეფარა, შეინარჩუნა, გვერდში დაუდგა, პანდემიის დროს მთელი მთავრობა იყო ჩართული და მას, საპარლამენტო გუნდთან ერთად, მთელი პარტია მაქსიმალურად ვაძლიერებდით, როცა ერთ-ერთი კრიტიკული დრო დადგა ჩვენს ქვეყანაში და ჩვენი გუნდის ფარგლებში. ამას სახელი დაარქვა პარტიის დამფუძნებელმა, პირდაპირ უნდა ითქვას, მან ღალატი ჩაიდინა. ღალატი ჩაიდინა სახელმწიფოსა და ჩვენი გუნდის წინაშე. მან უღალატა ჩვენს გუნდს, პირველ რიგში, უღალატა სახელმწიფოს, რადგან ქვეყანა ასეთ დროს პირდაპირ მიატოვა. მსოფლიო ისტორიაში ალბათ ანალოგი არ მოიძებნება, როცა უმაღლესი თანამდებობის პირი, პრემიერ-მინისტრი გადადგა მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთი თავგასული ადამიანის დაჭერას არ დაეთანხმა, მაშინ, როდესაც წინა დღეს და წინა საათებში დაჟინებით თავად ითხოვდა მის დაკავებას. ამის გამო ადამიანმა მიატოვოს და შუა ოპერაციის დროს სისტემა დააყენოს ჩამოშლის საფრთხის წინაშე, რა თქმა უნდა, არის ღალატი, პირველ რიგში სახელმწიფოს და ჩვენი გუნდის წინაშე“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.
ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნულის შემდეგ გიორგი გახარია გამოვიდა და განაცხადა, რომ პოლიტიკაში დარჩენას აპირებდა.

„სრული პასუხისმგებლობით მინდა, გითხრათ, რომ ის და მისი გუნდის წევრები აცხადებდნენ და მიზანმიმართულად ავრცელებდნენ ინფორმაციას, თითქოს იგი იყო ბატონი ბიძინა ივანიშვილის პროექტი, რაც სრული სიცრუეა. სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ ამას. ამის თაობაზე პარტიის დამფუძნებელმა გააკეთა განცხადება და მას დაარქვა სახელი, როგორც მოღალატე სახელმწიფოსი და ჩვენი გუნდის. ამის შემდეგ მეორე ვერსია გაავრცელა, თითქოს შესაძლო კოალიციაში „ქართული ოცნება“ პარტნიორად განვიხილავთ გახარიას პარტიას. კითხვას ვუსვამ ნებისმიერ მოქალაქეს, კაცი, რომელიც საკუთარი გადაწყვეტილებით ნდობას დაამსხვრევს, უღალატებს და ზურგში დანას ჩაარტყამს კრიზისულ, კრიტიკულ სიტუაციაში და საკუთარი გადაწყვეტილებით თავად ანგრევს ნდობას, რომელიც რვა წელი ერთად ვაშენეთ, როგორ შეიძლება, ამ ადამიანს ნდობა გამოუცხადოს როგორც მმართველმა გუნდმა, ასევე ჩვეულებრივმა ადამიანებმა.
რა თქმა უნდა, ჩემს თვალში გახარია არის ჩვეულებრივი მოღალატე და მეტსაც ვიტყვი, გახარია არის იშვიათი მოღალატე. სამეგრელოში ვარ და მეგრელები გამიგებენ, ის არის იშვიათი, მაზაკვალი მოღალატე, ამას კარგად გამიგებენ მეგრელები. ჩვენ არაერთი ღალატის პრეცედენტი გვინახავს, ყოფილი პრეზიდენტი მარგველაშვილი და აღარ მინდა, სხვა გვარები ჩამოვთვალო. ამ შემთხვევაში მართლაც რაღაც განსაკუთრებულ შემთხვევასთან გვაქვს საქმე.
ასე რომ, კიდევ ერთხელ მინდა, სიცხადე შემოვიტანო და ჩვენს მოსახლეობას ავუხსნა. ეს არ არის მხოლოდ ჩემი პოზიცია, ეს არის ჩვენი გუნდის საერთო პოზიცია“, – განაცხადა პრემიერ-მინისტრმა.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X