16.8 C
Tbilisi
შაბათი, ოქტომბერი 16, 2021

ევროკავშირის სესხზე გაცხადებული უარი ჩემთვის საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია – პრეზიდენტი

- რეკლამა -spot_imgspot_img
- რეკლამა -spot_imgspot_img

საქართველოს პრეზიდენტი ევროკავშირის სესხზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილებას გაუგებარს უწოდებს. ამის შესახებ დღეს სალომე ზურაბიშვილმა ცოტა ხნის წინ ორბელიანების სასახლეში ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, გაუგებარია, რა განაპირობებს, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული.

„დღეს ორი სექტემბერია, ზუსტად ერთი თვე რჩება ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი ევროპული გზისთვის მნიშვნელოვანი დატვირთვის მატარებელია და იქნება. უნდა შევძლოთ და ჩავატაროთ სამაგალითო არჩევნები სიძულვილის ენის, ძალადობის, შეურაცხყოფის გარეშე დემოკრატიულ, კონკურენტულ და სამართლიან გარემოში. ამას ელოდებიან ჩვენი მოქალაქეები და ამას დააკვირდებიან ჩვენი პარტნიორები. აქამდე მოვედით და გადავლახეთ უამრავი ეკონომიკური თუ პოლიტიკური სირთულე. რომ არა ჩვენი პარტნიორების დახმარება, სოლიდარობა, გვერდში დგომა და გაწეული შრომა, ძალიან რთული იქნებოდა პანდემიის მიერ გამოწვეული მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის, თუ შიდა დაპირისპირების გაძლება, გადალახვა და სტაბილურობის შენარჩუნება. ისიც გვესმის, რომ რაიმე სახით ან რაიმე მიზეზით ევროპული თანადგომისა და მისი ჩვენი ქვეყნის და რეგიონის მიმართ ინტერესის შესუსტება ხელს აძლევს მხოლოდ ქვეყნის იმ შიდა თუ გარე ძალებს, რომლებიც ცდილობენ გამოიწვიონ ქვეყნის დესტაბილიზაცია თუ დასუსტება.

სწორედ ამ გარემოებებიდან გამომდინარე, გაცხადებული უარი ევროკავშირის სესხის მიღებაზე, მოსახლეობის დიდი ნაწილისა და პირადად ჩემთვის, საკმაოდ გაუგებარი ნაბიჯია. ეკონომიკური არგუმენტი, ვალის შემცირების აუცილებლობა ანალიზს ვერ უძლებს. რაც არ უნდა იყოს ჩვენი ეკონომიკის ზრდა, თუნდაც ორ ციფრიანი, ის მაინც არ ანულირებს იმ სოციალურ და ადამიანურ ზიანს, რაც კოვიდმა მოუტანა ჩვენს მოსახლოებას და რისი შემცირებაც უშუალოდ ემსახურებოდა აღნიშნული 75 მილიონიან ევროიანი, ანუ 300 მილიონი ლარის ოდენობის სესხი. გაუგებარია, რა განაპირობებს იმას, რომ დღეს საკუთარი მოქალაქეების კრიზისულ მდგომარეობაზე მეტად საერთაშორისო ვალის შემცირება გახდა პრიორიტეტული. სანამ ორციფრიანი ზრდის შედეგი საზოგადოების კეთილდღეობაზე არ აისახება დახმარებაზე უარის თქმის ლოგიკა ძნელად გასაგებია. ცოტა არ იყოს, პარადოქსულადაც ჟღერს, ერთი ხელით ევროპულ სესხზე თქმა და მეორე მხრივ, სხვადასხვა პროექტზე, მათ შორის რიკოთის მაგისტრალის მშენებლობაზე აპელირება მაშინ, როდესაც იგი დიდწილად ევროპიდან წამოსული სესხებით ხორციელდება. ეკონომიკური შედეგები ამ ნაბიჯის, ამ სესხის აღება არ აღებით“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ მადლიერი არიან ევროკავშირის ყველა იმ დახმარებისთვის, რაც მათ შორის კოვიდპანდემიის მართვის დროს გაუწიეს ქვეყანას. ამასთან, პრემიერის თქმით, წელს საქართველომ დაიწყო საგარეო ვალის შემცირება, რის გამოც მაღალი ალბათობით, ევროკავშირიდან სესხის სახით თანხის მიღების აუცილებლობა აღარ იქნება.

ფინანსურ დახმარებასთან დაკავშირებით 31 აგვისტოს განცხადება გაკეთდა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობაში. როგორც ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელის მოვალეობის დროებითმა შემსრულებელმა, ჯულიენ კრამპმა აღნიშნა, საქართველომ ვერ შეძლო დახმარების მიღების პირობის საკმარისად შესრულება. მისივე თქმით, ევროკავშირი მოუწოდებს ხელისუფლებას, შეასრულოს რეფორმებთან დაკავშირებული ვალდებულებები.

- რეკლამა -spot_imgspot_img

ბოლო სიახლე

- რეკლამა -spot_img

მსგავსი სიახლეები

- რეკლამა -spot_img

დატოვე პასუხი

გთხოვთ, მიუთითოთ თქვენი კომენტარი!
გთხოვთ, შეიყვანოთ თქვენი სახელი აქ

ka Georgian
X