Home ქართული პრესა კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, გახარიას “დამსახურებაა” – ძაბირაძე

კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, გახარიას “დამსახურებაა” – ძაბირაძე

0
კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა,  გახარიას “დამსახურებაა” – ძაბირაძე
“სააკაშვილის ჩამოსვლამ იმუშავა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმუშავა ბოლო ჯერზე. დასრულდა ეპოქა, რომ გვაშინებდნენ, არიქა, “ნაციონალები” მოვლენო"

“სიმართლე გითხრათ, ჩემთვის ამ შედეგებში მოულოდნელი ბევრი არაფერი ყოფილა. დარწმუნებული ვიყავი, რომ არჩევნების პროპორციულ ნაწილში პირველ ადგილზე “ქართული ოცნება”გავიდოდა, მეორეზე “ნაციონალური მოძრაობა”, მესამეზე კი გიორგი გახარიას პარტია. სავარაუდოდ, პროცენტული მაჩვენებელი იქნებოდა განსხვავებული, რომ არა ის მოვლენები, რაც 1-ლ ოქტომბერს განვითარდა. ჩემი აზრით, ამან ახეირა “ქართული ოცნება” და “ნაციონალური მოძრაობა” და დაარტყა გახარიას პარტიას, თუმცა, ვფიქრობ, მის მიერ მოპოვებული მხარდაჭერა მაინც ანგარიშგასაწევია. წვრილი პარტიები მართლაც გაიკრიფნენ თვალსაწიერიდან, მაგრამ ამას მხოლოდ მიშას ჩამოსვლას ნუ დააბრალებენ, უპირველესად, საკუთარ თავს დააბრალონ. შარშანდელი არჩევნებიდან მოყოლებული ამ პარტიებმა, ჩვენდა სამწუხაროდ, ყველაფერი გააკეთეს, რომ დღეს სწორედ ამგვარი შედეგი მიეღოთ“, – აცხადებს ექსპერტი ვახტანგ ძაბირაძე გაზეთ “კვირის პალიტრისთვის” მიცემულ ინტერვიუში, სათაურით “კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა” / “რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ისევ არ გამოვრიცხავ, იმის მიუხედავად, თუ რა მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”.

 

“რაც შეეხება თბილისის მერის არჩევნებს, მას შემდეგ, რაც გიორგი გახარიამ დააყენა კანდიდატურა, ცხადი იყო, რომ აუცილებელი გახდებოდა მეორე ტურის ჩატარება, კალაძემ პირველივე ტურში რომ ვერ გაიმარჯვა, ეს გახარიას “დამსახურებაა”, თუმცა დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, კალაძე მეორე ტურში აუცილებლად გაიმარჯვებს. პირველ ტურში მოპოვებულ მის ხმებს დაემატება გახარიას მხარდამჭერთა ხმების აბსოლუტური უმრავლესობა და ასევე იმ პატარა პარტიების ხმებიც, როგორიცაა, მაგალითად, ანა დოლიძის პარტია, “ლელო” და “პატრიოტთა ალიანსი”… ჩემთვის სასიამოვნო მოულოდნელობა ის იყო, რომ არჩევნებზე ასეთი აქტიურობა ვნახეთ, მილიონ რვაასი ათასზე ცოტა მეტი მოქალაქე მივიდა საარჩევნო ურნებთან, რაც ნიშნავს, რომ უამრავი იმედგაცრუების მიუხედავად, საზოგადოებაში მაინც არსებობს იმედი იმისა, რომ ქვეყანაში არჩევნების გზით შესაძლებელია ცვლილებები, წინააღმდეგ შემთხვევაში, ასეთი აქტიურობა ადგილობრივ არჩევნებზე არ იქნებოდა. ამ მიმართულებით სააკაშვილის ჩამოსვლამ და ოპოზიციის განცხადებებმა, რომ ეს არჩევნები უნდა ექციათ რეფერენდუმად, ნაყოფი გამოიღო, თუმცა მოლოდინი, რომ “ოცნება” 43%-იან მხარდაჭერას ვერ მიიღებდა და ოპოზიცია რიგგარეშე არჩევნებისთვის ბრძოლას დაიწყებდა, არ გამართლდა”, – აღნიშნავს გამოცემის კორესპონდენტთან საუბრისას ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ქართულმა ოცნებამ” მიიღო სასურველი პროცენტები, რასაც, ჩემი აზრით, სააკაშვილის ჩამოსვლამ დიდად შეუწყო ხელი. რომ არ დაგიმალოთ, მეგონა, სააკაშვილის ჩამოსვლა უფრო დიდი დარტყმა იქნებოდა გიორგი გახარიასთვის, ვიდრე აღმოჩნდა. თუმცა, ჩემი აზრით, მან სააკაშვილის ფაქტორის გათვალისწინებით, საკმაოდ კარგი შედეგი აჩვენა. რაც მთავარია, ნამდვილად გამოიკვეთა მესამე ძალა, რომელიც პროპორციულ ნაწილში ორჯერ უსწრებს მის შემდგომ ოპოზიციურ პარტიას. ორიოდე სიტყვით ამ პატარა პარტიებსაც შევეხები. იმის ნაცვლად, მათ ეს ერთი წელი მოეხმარებინათ იმისთვის, რომ დაფუძნებულიყვნენ ამომრჩევლის თვალში როგორც მესამე, დამოუკიდებელი ძალა, მთელი წელი თავიანთ ამომრჩევლიანად შეწირეს “ნაციონალურ მოძრაობას”. არ შეიძლებოდა თუნდაც საპარლამენტო არჩევნების შემდგომი პროტესტისას ასე შეზრდილიყვნენ “ნაციონალურ მოძრაობასთან”. აუცილებელი იყო დამოუკიდებლად პოზიციონირება, რაც არ გააკეთეს”, – განაგრძობს რესპონდენტი.

 

“ნაციონალურმა მოძრაობამ~ და მასთან შექმნილმა ოპოზიციურმა ერთობამ სწორი სტრატეგია შეარჩიეს, როდესაც მერობის კანდიდატებად ლიდერები დაასახელეს – ხატია დეკანოიძის, გიგი უგულავას და დავით კირკიტაძის დასახელება სწორი ნაბიჯი იყო, მაგრამ რა იქნება მეორე ტურში? არაერთგზის მითქვამს, რომ დღევანდელი ოპოზიციის პრობლემა მისი ლიდერების განსხვავებულ ხედვაში კი არა, სრულიად განსხვავებული პოზიციის ამომრჩეველშია. ლიდერებმა შეიძლება ერთმანეთში მოილაპარაკონ ბევრ რამეზე, მაგრამ პრობლემა ის არის, რომ ოპოზიციონერ ლიდერთა ერთიანობა ვერ უზრუნველყოფს ოპოზიციონერი ამომრჩევლის გაერთიანებას. მაგალითად, “ლელო” თავის ამომრჩეველს მოუწოდებს, რომ მეორე ტურში მხარი დაუჭიროს ოპოზიციის კანდიდატებს, მაგრამ არა ვარ დარწმუნებული, რომ “ლელოს” მხარდამჭერების მნიშვნელოვანი ნაწილი მზად იყოს “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატების მხარდასაჭერად”, – თვლის ექსპერტი.

 

“ოპოზიციამ ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ სადაც მეორე ტური ჩატარდება, მათმა წარმომადგენლებმა გაიმარჯვონ, ეს უმნიშვნელოვანესია. თუ მართლაც გაიმარჯვებენ და შემდგომ სწორად წარმართავენ საქმიანობას, ეს იქნება ერთი ნაბიჯი პოლარიზაციის ხარისხის შემცირებისა და თანამშრომლობისკენ, რამაც საბოლოოდ კოალიციურ მმართველობამდე უნდა მიგვიყვანოს. მით უფრო საინტერესოა, რომ რამდენიმე ქალაქში, მაგალითად, ზუგდიდში, წინასწარი მონაცემებით, საკრებულო ოპოზიციური იქნება. მაგრამ შეძლებენ კი ამ წარმატების გამყარებას? მაგალითად, ხატია დეკანოიძეს საკმაოდ შთამბეჭდავი შედეგი აქვს ქუთაისში და ცოტა სჭირდება საბოლოო გამარჯვებამდე, მაგრამ არის კი ამომრჩეველში ამის მისაღწევად საჭირო რესურსი? რა მხარდაჭერაც მიიღო დეკანოიძემ პირველ ტურში, ეს მისთვის და მისი ძალისთვის პიკია, ანუ ის ოპოზიციური ხმები, რაც მიიღეს სხვა ოპოზიციური პარტიების კანდიდატებმა წავა კი “ნაციონალური მოძრაობის” კანდიდატის მხარდასაჭერად? მეეჭვება, ასე მოხდეს. დიდი იმედი მაქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” არ გაიმეორებს, მაპატიეთ და, იმ პოლიტიკურ სიბეცეს, რაც 2016 და 2021 წლებში დაემართათ, როდესაც მაჟორიტარები მოხსნეს და მეორე ტურში მონაწილეობა არ მიიღეს. იმედია, ისევ აქციებისა და არეულობის გზით არ წავლენ”, – მიიჩნევს ვახტანგ ძაბირაძე.

 

“ვერ ვიტყვით, რომ ეს არჩევნები ძალიან განსხვავდებოდა წინასგან – ან უარესი იყო, ან უკეთესი. არ შველის საარჩევნო გარემოს გაჯანსაღებას მხოლოდ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები. ბევრი სხვა ფაქტორიც მუშაობს და ეს კომპლექსური პრობლემაა. შესაძლოა ხმის მიცემის პროცედურა შედარებით მოწესრიგებული იყო, მაგრამ არსებითი უკეთესობა და ახალი საარჩევნო ერის დასაწყისი ნამდვილად არ გვინახავს. ჩვენთან ტრადიციულად ხელისუფლება მაშინ იცვლება, როდესაც ოპოზიციონერი ამომრჩეველი ერთიანია არა არითმეტიკული ჯამით, არამედ ერთი კონკრეტული ჯგუფის მხარდასაჭერად რომ ერთიანდება. ასე მოხდა 2003 და 2012 წლებშიც. ეს უნდა გაიაზროს ოპოზიციამ, მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმას”, – განმარტავს რესპონდენტი.

 

“სიმართლე გითხრათ, რიგგარეშე არჩევნების ჩატარების შესაძლებლობას ისევ არ გამოვრიცხავ, იმის მიუხედავად, თუ რა მხარდაჭერა მიიღო “ქართულმა ოცნებამ”. იმიტომ კი არა, რომ არჩევნების არალეგიტიმურობის გამო გამოვა ხალხი ქუჩაში, არა, უბრალოდ, იმდენად რთული სოციალურ-ეკონომიკური ვითარებაა, შესაძლოა ამან გაიყვანოს ხალხი ქუჩაში. ოპოზიცია უნდა ჩამოყალიბდეს და გაიაზროს, რა სურს. სააკაშვილის ჩამოსვლით ოპოზიცია ჩამოვიდა ყველაზე მაღალ კოზირს, რაც კი მის ხელში იყო. ეს ქმნის ახალ რეალობას, რის შედეგადაც, ბოლოს და ბოლოს, იქნებ მართლაც მოხდეს “ნაციონალური მოძრაობის” რეალური რებრენდინგი. იმედია, ხედავენ, რომ მათი ძველი პოლიტიკური კაპიტალი, მათ შორის სააკაშვილის ფაქტორიც, გახარჯულია”, – ამბობს ექსპერტი და შეკითხვაზე – “მივედით გასული კვირის ყველაზე უცნაურ ამბამდე, რასაც სააკაშვილის საქართველოში დაბრუნება ჰქვია…” – პასუხობს:

 

“გულწრფელად გითხრათ, ვფიქრობდი, რომ მისი ჩამოსვლის ალბათობა ძალიან მცირე იყო, მაგრამ ჩამოვიდა, თან სრულიად გაუგებარი რამ მოხდა – კაცი, რომელიც ამდენი წელია ქვეყნიდან გაქცეულია, ჩამოვიდა და, ფაქტობრივად,­- ჩაბარდა. უნდა ვაღიარო, ვერ გავიგე, რეალურად რა მიზანი ჰქონდა მის ჩამოსვლას. ის, რომ ხელისუფლება შოკში იყო, როცა სააკაშვილმა განცხადება გაავრცელა, გამოჩნდა იმათ განცხადებებში, ვისაც ეკრანზე ვხედავდით. ათასი სისულელე მოვისმინეთ მათგან, რაც თავისთავად ცალკე აუხსნელი რამაა. დავუშვათ ვიღაცამ იცოდა სააკაშვილის შემოსვლის ამბავი, მაგრამ ქვეყნის პირველ პირებს რატომ არ ჰქონდათ ეს ინფორმაცია?! თუ ასეა, ეს არის უნდობლობის კატასტროფული დონე. როგორ შეიძლებოდა პარტიის თავმჯდომარეს, პარლამენტის სპიკერს, მმართველი პარტიის ფრაქციის ლიდერს არაფერი სცოდნოდათ და ამდენი სისულელე ელაპარაკათ. თუ უშიშროება ოპერაციას ატარებდა, ის მაინც ერჩიათ მათთვის, რომ ამგვარი განცხადებები არ გაეკეთებინათ”…

 

“მეორე მხარეა თვითონ სააკაშვილი. ახლა ამტკიცებს, ლეგალურად შემოვედიო, თუმცა, როგორც ვიცი, ბრალს საზღვრის უკანონო კვეთისთვის წაუყენებენ. უნდა გაირკვეს, როგორ, რა გზით შემოვიდა საქართველოში? დღევანდელი ინფორმაციით, ვიცით, რომ შემოიპარა და რამდენიმე დღე დასეირნობდა ქვეყანაში, მაგრამ გაუგებარია, რომ არ დაეჭირათ, რას აპირებდა, რა ჰქონდა მიზნად? უამრავი კითხვის ნიშანი და ვერსიაა, ვერაფერს გამოვრიცხავთ. უკვე ვთქვი, რომ მისმა ჩამოსვლამ ოპოზიციის ხელში არსებული ყველაზე დიდი კოზირი გაათამაშა. ამით დასრულდა პროცესი, როდესაც სააკაშვილი იყო საარჩევნოდ პოლარიზაციის მნიშვნელოვანი ფაქტორი. უფრო სწორად, ის აქამდე იყო “ნაციონალურ მოძრაობასა” და “ქართულ ოცნებას” შორის შეთამაშებული საარჩევნო ხრიკი, რომელსაც ამგვარი გზავნილით სთავაზობდა მმართველი პარტია საზოგადოებას, ჩვენ თუ არ აგვირჩევთ, მიშა მოვაო… ეს “მგელი მოდის” ძახილი სააკაშვილის ჩამოსვლამ დაასრულა. თავის მხრივ, “ნაციონალური მოძრაობის” ამომრჩეველში იყო განცდა, რომ მიშა ჩამოვიდოდა და ყველაფერს დაალაგებდა, მაგრამ ციხეში ჩაჯდა და მათი მოლოდინიც გაცრუვდა”, – დაასკვნის ძაბირაძე.

 

“სააკაშვილის ჩამოსვლამ იმუშავა, მაგრამ, ჩემი აზრით, იმუშავა ბოლო ჯერზე. დასრულდა ეპოქა, რომ გვაშინებდნენ, არიქა, “ნაციონალები” მოვლენო. სააკაშვილი დარჩება საქართველოს ციხეში თუ გადასცემენ უკრაინას, აღარ აქვს მნიშვნელობა, მან პოლიტიკური კაპიტალი სრულად ამოწურა. ამიტომაც ამის შემდეგ მისი გავლენა არჩევნებზე ეფემერული იქნება, თუ, რა თქმა უნდა, ხელისუფლება ისეთ პირობებს არ შექმნის, რომ სააკაშვილს ეს კაპიტალი კიდევ შეუნარჩუნოს და მომავალში კვლავაც გამოიყენოს. ჩემი აზრით, სწორი ნაბიჯი ის იქნებოდა, თუ 3-ში მართლაც გაიმართებოდა საპროტესტო აქცია და სააკაშვილი იქ გამოჩენილიყო. ეს იქნებოდა ხელისუფლებისთვის გამანადგურებელი დარტყმა, მაგრამ ესეც არ გააკეთა”, – აღნიშნავს ექსპერტი.

 

“როდესაც ლოგიკური ბმა არა აქვს ადამიანის მოქმედებებს, ჩნდება უამრავი ეჭვი და ვერსია. მაგალითად, სულაც არ გამოვრიცხავ, რომ სამეული შეთანხმდა მაშინ, როდესაც ღარიბაშვილი და ზელენსკი შეხვდნენ ერთმანეთს და სწორედ იქ გადაწყვიტეს, რომ სააკაშვილი ჩამოვიდოდა, მერე უკრაინა მოითხოვდა მისი მოქალაქის გადაცემას და ესენიც გადასცემდნენ. მაგრამ სააკაშვილი რის ფასად დათანხმდა ამას, თუ ამგვარი რამ მოხდა? თუ ასეთი გარიგების ვერსიას მივყვებით, სააკაშვილის მოტივაციისთვის ორი შესაძლებლობა რჩება – დიდი ფული, რომელიც ძნელი მისახვედრი არ არის ვის შეიძლება გადაეხადა და ჩვენი მეზობელი ქვეყნის ინტერესი. აბა, ევროპიდან და დასავლეთიდან ვნახეთ მიშას ჩამოსვლის თაობაზე რა კატეგორიული განცხადებები გაკეთდა. მოკლედ, ამ ყველაფერს დეტალური და არგუმენტირებული ახსნა-განმარტება სჭირდება. სააკაშვილმა უპირველესად საკუთარ მომხრეებს უნდა აუხსნას, რა იყო მისი საქართველოში ჩამოსვლის მიზანი”, – დასძენს ვახტანგ ძაბირაძე.

“კვირისპალიტრა”

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here