26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნები გადამწყვეტი იქნება ქართველების მომავლისთვის, რადგან მათ მოუწევთ, არჩევანის გაკეთება ევროპის ორ ხედვას შორის, – წერს გამოცემა „ლე მონდის“ საავტორო სტატიაში სილვი კაუფმანი.
„რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით გამოწვეული დიდი გეოპოლიტიკური ცვლილებების ფონზე, ერთი პატარა პაიკი გამორჩათ – პაიკი, რომელიც ევროპელებს ურჩევნიათ არ დაინახონ, მაგრამ რომელიც შეიძლება სამ კვირაში უხეშად შეახსენონ: საქართველო. 26 ოქტომბერს ამ კავკასიური ქვეყნის 3.7 მილიონი მაცხოვრებელი მიიღებს მონაწილეობას საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც გადამწყვეტი იქნება იმ გზისთვის, რომელიც აირჩიეს 1991 წელს საბჭოთა კავშირიდან გამოყოფის შემდეგ“, – ნათქვამია სტატიაში.
ავტორის თქმით, ოპოზიციური პარტიები არჩევნებს წარმოაჩენენ როგორც გადამწყვეტს რუსეთსა და ევროპას შორის.
„ოპოზიციას სჯერა, რომ გამარჯვების კარგი შანსი აქვს, ასევე იმედოვნებს, რომ დაასრულებს „ქართული ოცნების“ 12-წლიან მმართველობას“, – წერს სილვი კაუფმანი.
ამასთან, სტატიაში აღნიშნულია, რომ ოპოზიციის ლიდერებმა არ იციან, დათანხმდება თუ არა „ქართული ოცნება“ გადადგომას დამარცხების შემთხვევაში.
„რა კავშირი აქვს ამას ევროპელებთან? ქართველი მოსახლეობის 80%-ს სურს ევროკავშირში გაწევრიანება. ეს მიჯაჭვულობა იმდენად ძლიერია, რომ როგორც მთავრობა, ისე ოპოზიცია კამპანიას ევროკავშირის დროშის ქვეშ აწარმოებენ, მაგრამ რა სახის ევროპაზეა საუბარი? „ქართული ოცნების“ ევროპა ძალიან ჰგავს უნგრელი ლიდერის, ვიქტორ ორბანის ევროპას, რომელთანაც პარტიას მჭიდრო კავშირები აქვს: ევროპა, რომელშიც „გლობალური ომის პარტია“ დომინანტი არ იქნება, რომელიც შეწყვეტს უკრაინის დახმარებას და LGBTQ+ უმცირესობებს უფლებებს ჩამოართმევს. ხელახალი არჩევის შემთხვევაში, „ქართული ოცნება“ ამომრჩევლებს ოპოზიციური პარტიების აკრძალვას ჰპირდება“, – წერს „ლე მონდი“.
სტატიის მიხედვით, „ოპოზიცია თავის მხრივ ცდილობს, დაუბრუნდეს ევროკავშირთან და მის ღირებულებებთან ინტეგრაციის გზას“.
„სწორედ გაწევრიანების პროცესი გაყინა ბრიუსელმა ამ ზაფხულში, საქართველოს პარლამენტის მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ რეპრესიული კანონის მიღების საპასუხოდ, რომელიც შეუთავსებელია ევროპულ კანონმდებლობასთან.
ევროკავშირი კიდევ ერთხელ დგას დილემის წინაშე: უნდა უპასუხოს თუ არა გეოპოლიტიკურ გამოწვევას და დაუკავშიროს საქართველო ევროპას რუსული გავლენისგან დასაცავად, თუ უარი თქვას კომპრომისზე დემოკრატიული რეფორმების საკითხზე, თუნდაც ეს ნიშნავდეს საქართველოს მოსკოვის ორბიტაში გადახრის რისკს?“ – წერს „ლე მონდი“.