დიდი შაბათი ქრისტიანულ სამყაროში იესო ქრისტეს საფლავად დადების დღეა და აღდგომის წინა ყველაზე მნიშვნელოვანი მომენტია.
ვნების შაბათი – დიდი მარხვის ბოლო დღეა, რომელიც წინ უძღვის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. ვნების კვირეულის დიდი შაბათი მორწმუნეთათვის ერთდროულად გლოვისა და სიხარულის დღეა.
ვნების შვიდეულის შაბათი ქრისტიანულმა ეკლესიამ იმ დღის აღსანიშნავად დააწესა, როცა პილატესთან მისულმა მღვდელმთავრებმა მისი ნებართვით დარაჯები მიუჩინეს ქრისტეს გვამს, რომელიც მდიდარმა მოწაფემ იოსებ არიმათიელმა კლდეში დაასვენა და მას ლოდი მიაგორა.
წმინდა ცეცხლის ლიტანიობა დიდი შაბათის მწუხრის მსახურებას უკავშირდება. ამ დღეს მაცხოვარი სხეულით საფლავში იმყოფებოდა, ხოლო სულით ჯოჯოხეთში მართალთა სულების ამოსაყვანად ჩაბრძანდა.
„დიდი შაბათის ღვთისმსახურება მართლმადიდებლური ლიტურგიული ტრადიციის მწვერვალია. ეს არაა იესო ქრისტეს სიკვდილისა და დასაფლავების ისტორიული მოვლენების დრამატული გათამაშება ან სახარებისეული რიტუალური დადგმა. ეს ღვთისმსახურება ღრმა სულიერი წვდომაა მაცხოვრის იმ ქმედების მარადიულ არსში, რომლითაც მან კაცობრიობა იხსნა.
ბასილი დიდის საღვთო ლიტურგია ანუ წირვა ამ დღეს ჩვეულებრივზე გვიან იწყება და მწუხრს უერთდება. მღვდელი საკურთხეველში ტრაპეზთან კი არ მსახურობს, არამედ ტაძრის შუაგულში, გარდამოხსნასთან.
მცირე შესავლისა და “ნათელი მხიარულის” გალობის შემდეგ იკითხება 15 საწინასწარმეტყველო საკითხავი ძველი აღთქმიდან. ყოველ მათგანში ნაწინასწარმეტყველევია ღვთის მიერ სამყაროს ხსნა, რაც აღთქმული მესიის მოსვლით აღსრულდა.
წირვის დამთავრების შემდგომ აკურთხებენ ღვინოსა და პურს მლოცველთა სანუგეშოდ და განსამტკიცებლად. ამას “მოციქულთა საქმეების” კითხვა მოსდევს, რაც შუაღამიანის ლოცვამდე გრძელდება.
ღამის თორმეტ საათამდე აღესრულება შუაღამიანი, რომლის დროსაც იკითხება დიდი შაბათის კანონი, მის დასასრულს კი სამღვდელოება ტაძრის შუაგულიდან აღსავლის კარით უხმოდ გადაასვენებს გარდამოხსნას საკურთხეველში, წმინდა ტრაპეზზე, სადაც ის უფლის ამაღლების დღესასწაულამდე რჩება, ნიშნად იმისა, რომ იესო ქრისტემ მკვდრეთით აღდგომის შემდეგ ორმოცი დღე დაჰყო ამქვეყნად.
ამის შემდეგ მორწმუნენი სასოებით ელიან შუაღამის დადგომას, როდესაც ჩვენი უფლის, იესო ქრისტეს, ბრწყინვალე აღდგომის უდიდესი დღესასწაული იწყება. აღდგომის სიხარული უდიდესი სიხარულისა, რომლის მსგავსიც დედამიწის ზურგზე არც არის და არც შეიძლება იყოს. ეს არის უსასრულო სიხარული მარადიული სიცოცხლისა და ნეტარებისა“ – ვკითხულობთ საეკლესიო ლიტერატურაში.
ტროპარი: შუენიერმან იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი, ქრისტე და არმენაკითა წმინდითა წარგრაგნა, სუნელებითა შემურვილი, ახალსა საფლავსა დაგდვა.ტროპარი: რაჟამს შთახედ საფლავად ცხოვრებაი ეგე უკვდავი, მაშინ ჯოჯოხეთი შეაძრწუნე ელვითა მით ღმრთაებისა შენისათა, ხოლო რაჟამს მკვდარნი ქუესკნელით აღმოიყვანენ, მაშინ ყოველნი ძალნი ცათანი ღაღადებდენ: ცხოვრებისმომცემელო ქრისტე ღმერთო, დიდებაი შენდა.ტროპარი: მენელსაცხებელთა დედათა საფლავსა ზედა ანგელოზი უღაღადებდა: ნელსაცხებელი მოკუდავთათვის სახმარ არს, ხოლო ქრისტე ხრწნილებისაგან უცხო იქმნა.
კონდაკი: რომელმან დაჰხშნა უფსკრულნი მკვდრად იხილვების, მურითა და ალოითა შემურვილი, საფლავსა დაიდების წარგრაგნილი სუდარითა, ვითარცა მკვდარი, უკვდავების მომცემელი, და დედანი ნელსაცხებლისა მიმღებელნი საფლავსა მისსა ზედა გოდებით ღაღადებდეს: ესე დღე უფროსად კურთხეული შაბათისა წმიდა, რომელსა ქრისტესა ღმერთსა, ვითარცა რა ძილისაგან, აღდგომაი ნებავს საფლავისაგან მესამესა დღესა.

