“სოხუმი სხვანაირი ქალაქია საქართველოში. მრავალეროვანი. ბაბილონის გოდოლივით ერთმანეთში ირეოდა ქართული, მეგრული, სვანური საუბრები, აფსარული, რუსული, სომხური, ბერძნული, ბოშური ენები. როცა ტურისტები ჩამოჰყავდა საკრუიზო ხომალდს, მაშინ ენათა პალიტრა კიდევ უფრო აჭრელდებოდა. ამიტომაც არაა გასაკვირი, რომ სოხუმელებმა რამდენიმე ენა თავისუფლად თუ არა, საყველპურო დონეზე მაინც იცოდნენ, ან მისალმება-დამშვიდობება და თუ საქმე და ვითარება მოითხოვდა, პატარა საუწმაწურო სიტვებსაც მოიშველიებდნენ სხვათა ენაზე. ეს ლექსიკონი კი ლამის ყველამ იცოდა და ვაი, თუკი მას ვინმე უადგილოდ და ტყუილუბრალოდ გამოიყენებდა. აქ უკვე საქმე გართულდებოდა. ასე რომ, ამ ლექსიკას კბილს მაგრად აჭერდნენ.
მოდაც სოხუმიდან შემოდიოდა. ტურისტული გემის ჩამოდგომა და მეორე დღეს ახალმოდურად გამოპრანჭულ სოხუმელთა დეფილე ეწყობოდა ქალაქში. ქალაქმა განაპირობა, რომ სოხუმელები მორჩილი საბჭოელები არ იყვნენ. შეიძლება “ძირს კომპარტია”-ს ხმამაღლა არ გაჰყვიროდნენ (ამისთვის, რაც მოხდებოდა, ყველამ იცოდა და გაციმბირება არავის უნდოდა), მაგრამ იმოსებოდნენ ისე, როგორც დაუშვებელი იყო საბჭოთა ტიპის “მოქალაქისთვის”. ხელისუფლება თვალს ხუჭავდა პროტესტის ამ ფორმაზე. “ოღონდ ბუნტი ნუ იქნება”.
სოხუმელთა საფიხვნოზე, “ბრეხალოვკას” ანუ სალაყბოს რომ ეძახდნენ, ისეთ რამეებზე საუბრობდნენ, რისთვისაც ციხის კარები ღია იყო, მაგრამ არავის აპატიმრებდნენ, რადგან ბრეხალოვკაზე, ქვიშაზე მოხარშული ყავით მასლაათი და თან დომინოს რახუნისას, ნარდის გაგორებისას თუ ჭადრაკში ტვინის ჭყლეტისას “კაი ბიჭები” თუ სამართალდამცავები, პროფესორები თუ პოეტ-მწერლები, საქმოსნები თუ უსაქმურები, ხუმრობით თუ სერიოზულად ისეთ ამბებს განიხილავდნენ, საქვეყნოდ რომ მეორე დღეს თუ ერთი კვირის შემდეგ იქცეოდა. ამიტომ ბრეხალოვკაში ადგილის დამკვიდრება არც თუ ადვილი იყო. იქ უნდა დაგედასტურებინა, რომ ღირსი იყავი სოხუმელთა “აკადემიკოსობისა”. ამისთვის, პირველ რიგში, ღირსეული ქცევა უნდა გეჩვენებინა ან სხვა, “სტაჟიან” ბრეხალოვკელს ჩაესვი “სასტავში”. ის შემომყვანი კი რეკომენდატორი ხდებოდა, რომელსაც შემდგომ პასუხი მოეთხოვებოდა “პროტეჟეს” უღირსობისთვის, თუკი ასეთი რამ გამოჩნდებოდა.
ბრეხალოვკა – ჩვეულებრივი “ბირჟა” თითქოს – სინამდვილეში უფრო მნიშვნელოვანი იყო აფხაზეთისთვის, ვიდრე ქალაქის თუ ავტონომიური რესპუბლიკის ხელმძღვანელი სტრუქტურები. რასაც ბრეხალოვკაზე დაადგენდნენ, იმ გადაწყვეტილებას მიიღებდნენ სამართალდამცავები თუ ხელისუფლებია სხვა ორგანოები.
ბრეხალოვკა ერთგვარი სახალხო საბჭო იყო.
თუმცა ომი ბრეხალოვკამ ვერ აიცილა. ვერ მოერია ამ პრობლემას, რომელიც აფხაზეთის გარეთ იშვა და რამაც სოხუმელები ერთმანეთს წაჰკიდა. ემოციებმა იმძლავრა მაშინ. სამხრეთელთა ცხელი გული უფრო ძლიერი აღმოჩნდა გონებაზე.
უყვართ სოხუმელებს სანაპიროსა და ბულვარზე გამოსეირნება. თან ქალაქი ისეა დაპროექტებული, რომ ზღვა ყველა მხრიდან ჩანს. ზღვა კი უსაზღვრობაა, თავისუფლებაა, სილაღეა, ღიაობაა. ზღვამ შვა სოხუმელთა ხასიათი.
ჩამოსხდებოდნენ კაფეში და, შეუკვეთავდნენ, პირველ რიგში, ქვიშაზე მოხარშულ ცხელ ყავას თუ ცივ ყავას სოხუმური ნაყინითურთ. წრუპავდნენ გემრიელად და ზღვას უყურებდნენ. ვინ რას ხედავდა ლურჯ ჰორიზონტში და ვინ – რას. ყველას მისი საკუთარი ოცნება ჰქონდა, რომელსაც გაანდობდა ძმაკაცსა თუ დაქალს, ან საიდუმლოდ დაიტოვებდა სამუდამოდ. მაგრამ შორს, ჰორიზონტისაკენ მაინც იყურებოდა.
არც საკურორტო რომანები აკლდა ქალაქს. ამის გარეშე ზღვისპირა ქალაქი როგორ იქნებოდა. და არც იყო. ზღვის ოდნავი დათბობის პირდაპორპროპორციული იყო სოხუმელ ჯეელთა ვნებები დაცხელება მოძმე საბჭოთა რესპუბლიკების მშვენიერი წარმომადგენლებისადმი. პრობლემები სოხუმშიც იყო. მაგრამ რაღაცნაირად წყდებოდა ეს საკითხები.
ლაღი ქალაქი იყო ძველი სოხუმი. ალბათ ახლაც შეინარჩუნებდა ამ თავისუფლებას, თუმცა ქართველების გარეშე, ძნელად წარმოსადგენია.
30 წლის წინ სოხუმიდან წამოსულ სოხუმელს დღესაც ვცნობ ათასს სხვა ადამიანში. ის სოხუმელობა ვერ ამოგვეშალა.
ისევ იქით ვიყურებით, ჰორიზონტისკენ”.
სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი