თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის შოთა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტის სამეცნიერო საბჭომ და თსუ ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის პროფესორებმა, ხმათა უმრავლესობით, ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატად საქართველოდან მწერალი აკა მორჩილაძე (გიორგი ახვლედიანი) წარადგინეს.
“აკა მორჩილაძეს შეუძლია წეროს ძალიან სერიოზულ, აქტუალურ და მტკივნეულ თემებზე, როგორიცაა: სამოქალაქო ომი და მის ფონზე წარმოქმნილი სოციალური კრიზისი, პოლიტიკური ქაოსი, თაობათა დაპირისპირება და ა.შ. ამიტომაც მისი რომანები საკითხავად მიმზიდველია. ეს არის მისი პოპულარობის მიზეზი. მწერალი ყურადღებას ამახვილებს თანამედროვე საზოგადოებაზე და მისთვის დამახასიათებელ წინააღმდეგობებზე, რომელსაც განსაკუთრებული ოსტატობით აანალიზებს და ადგენს მათ მიზეზ-შედეგობრივ კავშირებს. მისი რომანები გამოირჩევა ჟანრული მრავალფეროვნებითა და მრავალხმიანობით, რის გამოც ის იმ იშვიათ მწერალთა რიგებშია, რომლებიც ქმნიან დამამახსოვრებელ პერსონაჟებს, რომელთა უნიკალურობაც დიდხანს რჩება მკითხველის მეხსიერებაში.
აკა მორჩილაძე პატარა ერის წარმომადგენელია, ამიტომ ცდილობს მკითხველს (განსაკუთრებით უცხო აუდიტორიას) წარუდგინოს თავისი ქვეყნის ეროვნული თავისებურება და, ამავდროულად, აქცენტი გადაიტანოს ისეთ უნივერსალურ ადამიანურ ღირებულებებზე, რომლებიც თანაბრად ფასეულია ყველა ქვეყნის მკითხველისთვის.
ყველაზე მთავარი ის არის, რომ აკა მორჩილაძე თავის რომანებში განსხვავებულ ენობრივ სისტემას ქმნის – მისი გმირების მეტყველება განსხვავდება იმის მიხედვით, თუ რომელ ასაკს ან სოციალურ ჯგუფს მიეკუთვნებიან. ეს არის ერთგვარი ენობრივი ექსპერიმენტი – საქართველოს სხვადასხვა კუთხის დიალექტების, ქალაქური მეტყველების, ჟარგონის თავისებური ნაზავი, რომელიც ჩანაცვლებულია თვით ავტორის მიერ გამოგონილი ხელოვნური დიალექტით,“- ნათქვამია წარდგენაში.
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის კანდიდატის წარდგენაზე წერილი ნობელის კომიტეტიდან მიიღო. 1993 წლიდან ნობელის პრემიაზე საქართველოდან კანდიდატის წარდგენა თსუ ლიტერატურის ინსტიტუტის პრეროგატივაა.
მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული ჯილდო – ნობელის პრემია ლიტერატურის დარგში, ყოველწლიურად ენიჭება ავტორს, რომელსაც ალფრედ ნობელის აზრით შექმნილი აქვს „იდეალისტური ხასიათის საუკეთესო თხზულება“. ლიტერატურის დარგში ნობელის პრემიის 2024 წლის ლაურეატის ვინაობა ოქტომბერში გახდება ცნობილი.