იოანე ზოსიმეს უნიკალური ხელნაწერი საქართველოშია. ის თბილისის საერთაშორისო აეროპორტში სულ რამდენიმე წუთის წინ ჩამოიტანეს.
უნიკალური ხელნაწერი ბიძინა ივანიშვილმა „კრისტის“ აუქციონზე მილიონ ფუნტად 11 ივნისს შეიძინა და საჩუქრად ეროვნული მუზეუმის ოქროს ფონდს გადასცა.
აუქციონზე წარმოდგენილი იყო ქართული ხელნაწერი სინას მთის კოლექციიდან (V-VII საუკუნეები) არამეულ და ქართულ ენებზე. ტექსტის ნაწილი ბერი იოანე ზოსიმეს მიერაა გადაწერილი და მისი ფასი 1, 000 000 – 1, 500 000 გირვანქა სტერლინგი იყო. ის ქრისტიანული პალესტინის არამეულ ენაზე შექმნილი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფრაგმენტია. დასავლურ არამეულ დიალექტს მელქის ქრისტიანული საზოგადოება პალესტინასა და ტრანსიორდანიაში მე-5 -მე-13 საუკუნეებში იყენებდა. ის შემონახულია მხოლოდ რამდენიმე წარწერაში, პალიმფსესტსა (ხელნაწერი, რომლის ფურცლები გადარეცხვის შემდეგ ხელახლა არის გამოყენებული საწერ მასალად) და ხელნაწერში. ხელნაწერი შეიცავს სახარებების ყველაზე ადრეულ ტექსტებს არამეულის უახლოეს დიალექტზე – იესოს დიალექტზე.
პალიმფსესტი გადაწერილია ცნობილი კალიგრაფის, ავტორის, მთარგმნელისა და წიგნის შემკვრელის, ბერი იოანე-ზოსიმეს მიერ. დაწერილია ქართული ტექსტით და შემორჩენილია მე-10 საუკუნის სინას წმინდა ეკატერინეს მონასტერში.