2022 წელს საქართველო ომს და ნგრევას გადავარჩინეთ. ომს, რომელიც საბოლოოდ დაასამარებდა ჩვენი მოქალაქეების იმედებსა და ოცნებებს. დედებს კვლავ შავებში შემოსავდა. მშვიდობაში წამოზრდილ ახალ თაობას კვლავ სიკვდილისა და ქაოსისთვის გაწირავდა. თავისუფალი და დამოუკიდებელი საქართველო კი კვლავ მხოლოდ ისტორიის წიგნებში გადაინაცვლებდა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა თბილისში, „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის დასკვნით ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პაპუაშვილის თქმით, ყველამ კარგად დაინახა, გააზრებულად თუ გაუაზრებლად, როგორ უბიძგებდნენ საქართველოს საკუთარი თავის განადგურებისკენ, როგორი ზეწოლა იყო შიგნიდან თუ გარედან, რომ საქართველოს ფეხი წასცდენოდა.
„როცა ვკითხულობდით, სანქციებზე მიერთებით გამოწვეულ საპასუხო ეკონომიკურ დარტყმებზე თუ გვაძლევდნენ ეკონომიკურ ან ფინანსურ გარანტიებს? პასუხი იყო – არა. როცა ვკითხულობდით, ამ ესკალაციის ომში გადაზრდის შემთხვევაში, გვაძლევდნენ თუ არა უსაფრთხოების გარანტიებს? პასუხი იყო – არა. როცა ვკითხულობდით, მაშინ გამოდის, რომ უბრალოდ თავი უნდა შევწიროთ? პასუხი იყო დუმილი. დუმილი, რომელიც პასუხზე მეტია. მაშინ ჩვენ არჩევანი დაგვიყენეს ჩაყოლასა და ჩათრევას შორის. ჩვენ არც ჩავყევით და არც თავი ჩავათრევინეთ, რადგან ჩვენ უკან იდგა ჩვენი ხალხი, რადგან ჩვენს უკან იდგნენ ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, რომელთა სისხლისღვრისკენ მოგვიწოდებდნენ სოხუმსა და ცხინვალში გასეირნებით. ეს იყო არჩევანი ომსა და მშვიდობას შორის, ნგრევასა და შენებას შორის, სახელმწიფოებრიობის დაკარგვასა და სუვერენიტეტის განმტკიცებას შორის. ამიტომ, ჩვენ უნდა გავიმარჯვოთ საკონსტიტუციო უმრავლესობით, რათა ვერავინ გაბედოს ჩვენი არეულობებში ჩათრევა და მშვიდობით გავაერთიანოთ ჩვენი ქვეყანა“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.