“მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის გვერდზე, დეა ერემაშვილის, როზა გუჩმანიძის და სხვა 7 პირის სახელით გამოქვეყნდა მიმართვა და გავრცელდა ცილისმწამებლური წერილი – “საქართველოს ყრუთა კავშირის” და მისი პრეზიდენტის, ამირან ბატატუნაშვილის მიმართ. -ნათქვამია საპასუხო წერილში, რომელსაც “საქართველოს ყრუთა კავშირი” ავრცელებს.
აღნიშნული წერილით, “საქართველოს ყრუთა კავშირი”, მათი მისამართით გაჟღერებულ ბრალდებებს პასუხობს, რომელზეც საუბარია, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილისადმი გაგზავნილ მიმართვაში.
როგორც მიმართვიდან ირკვევა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სამ მოქალაქეს – გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის იგეგმებოდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის დაჯილდოება, ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო. . რასაც მიმართვის ავტორები ეწინააღმდეგებოდნენ. (იხილეთ მიმართვა)
“ჯორჯიან პრესი” “საქართველოს ყრუთა კავშირის” საპასუხო წერილს უცვლელად გთავაზობთ:
“2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის – ქალბატონ სალომე ზურაბიშვილის ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ 2023 წლის 9 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტი, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი სამ პიროვნებას გადასცემდა საქართველოს სახელმწიფო ჯილდოს, მათ შორის იგეგმებოდა „საქართველოს ყრუთა კავშირის“ თავმჯდომარის დაჯილდოება, ჟესტური ენის განვითარებაში შეტანილი წვლილის გამო.
მიმდინარე წლის 8 დეკემბერს, საქართველოს პრეზიდენტის, ადმინისტრაციის გვერდზე, დეა ერემაშვილის, როზა გუჩმანიძის და სხვა 7 პირის სახელით გამოქვეყნდა მიმართვა და გავრცელდა ცილისმწამებლური წერილი – “საქართველოს ყრუთა კავშირის” და მისი პრეზიდენტის, ამირან ბატატუნაშვილის მიმართ.
გვსურს გამოვეხმაუროთ აღნიშნულ წერილს და სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ საზოგადოებას, რათა შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი.
უპირველეს ყოვლისა, გვსურს ხაზი გავუსვათ იმას, რომ ამირან ბატატუნაშვილი, თავადაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია (ყრუ პირი). ბატონი ამირანი 1990-იანი წლებიდან მუდმივად იყო და არის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დაცვის სადარაჯოზე, უერთდებოდა კოალიციურ ინიციატივებსა და ძალისხმევებს სხვადასხვა ძირეული საკითხების და რეფორმების ადვოკატირების მიზნით, წარმოადგენდა როგორც ყრუ, ისე სხვა შეზღუდვის მქონე პირების ინტერესებს, რამაც მნიშვნელოვანი როლი შეასრულა საქართველოში შეზღუდული შესაძლებლობის სფეროში სოციალური დაცვის საბაზისო ეკოსისტემის ჩამოყალიბებაში.
წერილის ავტორები, ამირან ბატატუნაშვილს ბრალს დებენ, რომ თითქოსდა მის ნებაზეა დამოკიდებული ჟესტური ენის თარჯიმნის სერტიფიცირება. აღნიშნული არ არის არც ბატონ ამირანთან და არც საქართველოს ყრუთა კავშირის ნებაზე დამოკიდებული. ჩვენი ორგანიზაცია ღიაა ყველა იმ პირისათვის, რომლებიც გადაწყვეტენ ჟესტური ენის შესწავლას, ხოლო სერტიფიცირება ხორციელდება განათლების სამინისტროს ჩართულობით .
საფუძველს მოკლებულია ბრალდება, თითქოსდა ჩვენი ორგანიზაცია არ ეხმარება, რომელიმე ბენეფიციარს, რომელიც საჭიროებს თარჯიმნის მომსახურებას ნებისმიერი დონის სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით არც ერთი საჩივარი არ შემოსულა ამირან ბატატუნაშვილის სახელზე ან ორგანიზაციის სახელზე.
წერილის ავტორები აღნიშნავენ, რომ 5 ივნისს, დაიწყო გამოძიება, შშმ არასრულწლოვანი გოგონას მიმართ სექსუალური შევიწროების ფაქტზე. განსაკუთრებული ხაზგასმით და არაორაზროვნად გვსურს განვაცხადოთ, რომ აღნიშნული გამოძიება სწორედ საქართველოს ყრუთა კავშირის პრეზიდენტის და ვიცე პრეზიდენტის მყისიერი რეაგირების გამო დაიწყო.
რა მომენტშიც გახდა აღნიშნული ინფორმაცია ცნობილი კავშირის ხელმძღვანელობისათვის, იმ მომენტშივე ადმინისტრაციის წევრები ( გამგეობის წევრები და იურისტი) მივიდნენ პოლიციაში და განაცხადეს აღნიშნული ფაქტის შესახებ, ამას არაერთი ადამიანი დაადასტურებს.
დეა ერემაშვილი, სარგებლობს ყრუთა პირების შესაძლებლობით, კომუნიკაციის პრობლემის სირთულით და ინფორმაციის ხელმისაწვდომობის შეზღუდვით.
დეა ერემაშვილი, აცხადებს, რომ ბევრი ფაქტის შესახებ ფლობს ინფორმაციას და ამ ფაქტები შესახებ არ მოუმართავს ორგანიზაციისათვის არც წერილობით და არც სატელეფონო საკომუნიკაციო საშუალებით. არცერთ მათგანს, დეა ერემაშვილს და არც იმ პიროვნებებს რომლებიც მონიშნულები არიან მიმართვაზე.
2023 წლის 11 დეკემბერს, 10:00-ზე შედგა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გამგეობის წევრების შეხვედრა, სადაც მოწვეული იყო დეა ერემაშვილი და განიხილებოდა საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონ სალომე ზურაბიშვილისათვის მიმართვის საკითხი. განხილვაზე დეა ერემაშვილმა ვერ მიუთითა კონკრეტული ფაქტები და ქეისები და გვრჩება შთაბეჭდილება, რომ მისი ბრალდება, მიზანმიმართულია და პირად აღქმებზეა დაფუძნებული
ერთი თვის წინ ჩატარდა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის საერთო კრება, სადაც ბატონი ამირან ბატატუნაშვილი, არჩეულ იქნა საქართველოს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ქსელის გამგეობის წევრად.
ამ კრებას ესწრებოდა დეა ერემაშვილიც და მონაწილეობაც მიიღო არჩევნებში , მას არც ერთი მსგავსი სახის კომენტარი და მოსაზრება არ გაუჟღერებია , სწორედ ეგ გვაძლევს საფუძველს და მიგვანიშნებს რომ ცდილობს ა(ა)იპ “საქართველოს ყრუთა კავშირის” (შემდგომში – „ყრუთა კავშირი“) და მისი ხელმძღვანელის სახელის გატეხვას და ღირსების შელახვას.
ამირან ბატატუნაშვილი. იმპლემენტაციის საბჭოს წევრების, ერთ-ერთ ტრენინგზე- გამოეხმაურა მიმდინარე სისხლის სამართლის ქეისს და თქვა, რომ რამდენად მნიშვნელოვანია ჟესტური ენა შვილების აღზრდაში , ჯგუფებისათვის ყრუ ქალთა , ასევე მამაკაცებისათვის.
ბატონ ამირანს განსაკუთრებული დამსახურება მიუძღვის ქართული ჟესტური ენის შექმნაში, განვითარებასა და პოპულარიზებაში. მისი აქტიური ჩართულობით საქართველოში დაიგეგმა და ჩამოყალიბდა ყრუ პირებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სოციალური მომსახურებები, როგორიცაა ჟესტური ენის თარჯიმანთა მომსახურება და დამხმარე საშუალებების უზრუნველყოფა; განხორციელდა არაერთი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავდა ყრუ პირების ცნობიერების ამაღლებას და დასაქმებას; საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობის გაზრდას, მათ შორის, კულტურის, სპორტის, თუ სხვა სფეროებში ჩართულობის გზით. ამ ყველაფრისთვის იმსახურებს მადლობას”- ნათქვამია “საქართველოს ყრუთა კავშირის” მიერ გავრცელებულ წერილში.