საქართველო დღეს იქნება ყველას განხილვის საგანი. კონკრეტული გადაწყვეტილებები იქნება მიღებული. ჩემი შეთავაზებაა, რომ შევწყვიტოთ მნიშვნელოვანი პროგრამების ნაწილის მხარდაჭერა, რაც მიდის მთავრობასთან. საუბარია 100 მილიონ ევროზე მეტზე, რომელიც გაიყინება და ნაცვლად მთავრობისა, ჩვენ დავეხმარებით სამოქალაქო სექტორს, – ამის შესახებ საგარეო პოლიტიკისა და უსაფრთხოების საკითხებში ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა, ჯოზეფ ბორელმა განაცხადა.
ბორელის თქმით, დაახლოებით 120 მილიონ ევროს გადასცემენ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს მხარდაჭერისთვის. მისივე განმარტებით, ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი შეჩერებულია, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება ევროკავშირის გზას.
„ჩვენ ავიღებთ ამ ფულს, დაახლოებით 120 მილიონ ევროს და გადავცემთ მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს, რათა მხარი დავუჭიროთ მათ ბრძოლაში სამართლიანი არჩევნებისთვის. ქართველი ხალხის მიმართ ევროკავშირის მხარდაჭერა გაგრძელდება. ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი დაპაუზდა. ის შეჩერებულია, ვიდრე საქართველოს მთავრობა არ დაუბრუნდება უკან ევროკავშირის გზას. ამისთვის კი საჭიროა ბევრი რამის ცვლილება. ამავე დროს, ჩვენ იმ ფულს, რომელიც გამოყოფილი იყო მთავრობისთვის, გამოვიყენებთ იმ ხალხის მხარდასაჭერად, რომლებიც საკუთარი თავისუფლებისთვის იბრძვიან. გამოძიება ნამდვილად უნდა ჩატარდეს. ის, რაც მოხდა, სრულად უნდა შეფასდეს. თქვენ ვერ იტყვით, რომ არჩევნები იყო თავისუფალი და სამართლიანი, როდესაც გამოძიებაზე უარს ამბობ. ჩვენ თავიდანვე ვითხოვდით ხელისუფლებისგან, სრულად გახადოს ცხადი ყველაფერი, რაზეც ხალხის საჩივრები არსებობს. ასე რომ, გამოძიება უნდა ჩატარდეს და უნდა იყოს ანგარიშვალდებულება“, – განაცხადა ბორელმა ბრიუსელში, ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის დაწყებამდე.