წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, დაწყებულია არავის მითითებით, არავის მოთხოვნით, სპონტანურად. ჩვენ ვართ ყველანი ერთად, ვიდრე საქართველო არ მიაღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ვიდეომიმართვაშია განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილმა, მათ შორის, მიმართა სამართალდამცველებს და აღნიშნა, რომ არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს სამართალდამცველების ჩართულობას და დარბევას.
„ძალიან მაგარია საქართველო და მისი საზოგადოება. ყველანაირად ჩანს, რომ არავინ არ არის მზად, შეეგუოს გარუსებულ საქართველოს, კონსტიტუცია წართმეულ საქართველოს, არალეგიტიმური მთავრობისა და პარლამენტის ხელში მყოფ საქართველოს. ამიტომ დღეს თქვენ ხართ ძალიან ბევრნი გამოსული, გიყურებთ რუსთაველზე, საქართველოს სხვადასხვა ქალაქში – ბათუმი, ქუთაისი, ზუგდიდი, ახმეტა, ლაგოდეხი, თელავი. არნახულია, რომ ერთდროულად და სპონტანურად გამოდიოდეს საქართველოს მოქალაქეები ამ ფორმით, მშვიდობიანად, უაღრესად მშვიდობიანად.
მინდა, პირველ რიგში, მივმართო სამართალდაცველებს. ვიცი, რომ პოლიციელები, საპატრულო პოლიცია რაც შეუძლია, ყველაფერს აკეთებს და მინდა, ამისთვის მადლობა ვუთხრათ. დანარჩენებს, მინდა, მოგმართოთ, რომ არ აწიოთ ხელი ჩვენს ახალგაზრდა მოქალაქეებზე, არც სხვებზე, თავი შეიკავეთ და თქვენი მოვალეობა დაიცავით. არაფერი ხდება არც რუსთაველზე, არც სხვა ქალაქებში, რაც მოითხოვს თქვენ ჩართულობას და დარბევას. ამიტომ ამ ყველაფერზე პასუხისმგებლობა არის მხოლოდ თქვენი და თქვენი უფროსების. იმათაც ამაზე იფიქრონ.
მინდა, ასევე მივმართო ადამიანებს, რომლებიც სოლიდარობით გამოდიან. ჩვენი თანამოქალაქეები, ჩვენი დიასპორის წევრები გამოდიან ბერლინში, პარიზში, ვაშინგტონში, პოზნანში, ბრიუსელში და სტრასბურგში. ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც მოითხოვს, რომ ჩვენი საგარეო უწყება, ჩვენი დიპლომატიური კორპუსი გახდეს სრულიად თანამონაწილე ამ პროცესის. ნელ-ნელა ხდება და ამ პროტესტსაც აქვს თავისი შედეგი, რადგან დღეს ვნახეთ, რომ უკვე საგარეო საქმეთა სამინისტროს 155 თანამშრომელი გაემიჯნა ჩვენს ახალ პოლიტიკას, პრორუსულ პოლიტიკას და გამოხატა პროტესტი ხელმოწერებით. ასევე, ერთი ჩვენი დიპლომატიური კორპუსის ელჩი ბულგარეთში გადადგა და სხვებმა ხუთ სხვა ქალაქში გამოხატეს თავიანთი პროტესტი. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, მით უმეტეს, ევროკავშირის დედაქალაქებში, სადაც ესენი უნდა წარმოადგენდნენ საქართველოს ევროპულ მომავალს და არა შეჩერებულ, თუ დროებით, თუ ძალიან დიდი ხნით შეჩერებულ ევროინტეგრაციის პროცესს. თავდაცვის სამინისტროში 40-ზე მეტი თანამშრომელი ასევე შეუერთდა პროტესტს და განაცხადი გააკეთა ამ კუთხით, ესეც ძალიან ბევრს ნიშნავს, რადგან კიდევ ერთხელ მინდა, ხაზი გავუსვა, რომ ვიცი და, როგორც უმაღლესი მთავარსარდალი, ვგულშემატკივრობ იმ მდგომარეობას, რომელშიც იმყოფება სრულიად ჩვენი ჯარი, როცა მას ეუბნებიან, რომ ჩვენი პარტნიორები არ არიან სანდო პარტნიორები, შეურაცხყოფას რომ აყენებენ ჩვენს პარტნიორებს, მათთვის კიდევ მეტად არის მიუღებელი.
რაც ეხება უაღრესად მნიშვნელოვან სექტორს, განათლების სფეროს, იქ 450-ზე მეტი თანამშრომელი უკვე ამ პროტესტს შეუერთდა, რაც უკვე ძალიან მნიშვნელოვანი მონაცემია. 17 მოსამართლე და ორი რაიონული სასამართლოს მოსამართლე, ესენი ყველა კიდევ ერთხელ გაემიჯნენ ამ პრორუსულ პოლიტიკას. იუსტიციის სამინისტროს სერვისების განვითარების სააგენტოდან 100-ზე მეტი თანამშრომელი, საკონსტიტუციო სასამართლოს 16 თანამშრომელი, აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის 42 თანამშრომელი, თბილისის ივანე ჯავახიშვილის სენატის ცხრა წევრი – ეს არის ძალიან დიდი მოძრაობა, რომელიც დაწყებულია საჯარო სექტორში, სახელმწიფო სექტორში და რომელიც ნელ-ნელა მოიცავს მთლიანად საქართველოს. ეს ნიშნავს, რომ იქ, სადაც ყველაზე უფრო ემსახურებიან სახელმწიფოს და საქართველოს მომავალს, ინტერესებს, იქ პროტესტი გაჩნდა და აღარ გაჩერდება. ლაპარაკი არ არის იმაზე, რომ ადამიანები, რომლებიც იქ მუშაობენ, მაინც და მაინც უნდა გადადგნენ, არა, ეს ადამიანები უნდა დარჩნენ თავიანთ ადგილას, რათა ხვალაც ემსახურონ ქვეყანას და სახელმწიფოს, მაგრამ უნდა გამოთქვან თავიანთი პროტესტი.
დღეს შევხვდი რამდენიმე არასამთავრობოს და შემიძლია ვთქვა, რომ ყველა, ვინც ამ პროტესტის გამო, ამ გახმაურებული და საჯაროდ ნათქვამი პროტესტის გამო იქნებიან რამენაირად დასჯილი, ისინი ასევე იქნებიან დაცულნი. ასევე, დროებით შეჩერდა სწავლის პროცესი რამდენიმე უნივერსიტეტში, კერძო უნივერსიტეტში – ჯიპა, „მეტეო“, კავკასიის უნივერსიტეტი, სულხან- საბას უნივერსიტეტი და „ალტერ ბრიჯი“.
ჩემთვის, არასამთავრობო ორგანიზაციების, პოლიტიკური პარტიებისთვის და, ზოგადად, საზოგადოებისთვის ძალიან საყურადღებოა, რომ გუშინდელი აქციის შემდეგ 43 ადამიანი არის დაკავებული. ისინი არ გვავიწყდება, მათი ბედი არის ძალიან მნიშვნელოვანი, ეს არის მთელი საზოგადოების პასუხისმგებლიბა და მეც ვგრძნობ პირადად ამ პასუხისმგებლობას. კიდევ ერთხელ მინდა, ვთქვა, რომ ეს არის ძალიან დიდი აქცია, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას, ძალიან დიდი პროტესტი, რომელიც მოიცავს მთელ ქვეყანას, ჩვენ, ყველანი ვართ ერთგული ამ პროტესტში, ჩვენ, ყველანი ვართ ერთად ამ პროტესტში. მე შემიძლია დღეს ვთქვა, რომ წინააღმდეგობის მოძრაობა დაწყებულია, დაწყებულია თქვენ მიერ, არავის მითითებით, არავის მოთხოვნით, სპონტანურად, მშვიდობიანი და კონსტიტუციური წინააღმდეგობის მოძრაობა, რომლის სოლიდარული მეც ვარ, მთლიანად თქვენ გვერდით ვარ. ჩვენ ვართ ყველანი ერთად, ვიდრე საქართველო არ მიაღწევს თავის მიზანს, დაუბრუნდეს თავის ევროპულ გზას, მიაღწიოს ახალ არჩევნებს და მიაღწიოს იმას, რომ მისი მომავალი იყოს ერთხელ და სამუდამოდ დაცული“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.