მიყვარს ეს! „ქართულო ოცნებავ“, შენი დღეები დათვლილია. არავინაა თქვენს მხარეს, არც მოცეკვავეები, არც IT და HR სფეროს წარმომადგენლები, დედები, ბავშვები, ბებიები. თქვენს მხარეს, მხოლოდ რუსეთია და ისინი სუსტები არიან“, – ამის შესახებ „მაკკეინის ინსტიტუტის“ გლობალური დემოკრატიის პროგრამების დირექტორი, საქართველოში NDI-ის ოფისის ყოფილი ხელმძღვანელი ლორა თორნტონი სოციალურ ქსელში წერს და აქციაზე „ხორუმის“ ცეკვის ვიდეოს აზიარებს.
ამასთან, ლორა თორნტონმა ატლანტიკური საბჭოს და ევრაზია-ცენტრის მიერ გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ საქართველოში 26 ოქტომბერს ჩატარებული არჩევნები არ აკმაყოფილებდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტებს.
„ჩვენი დელეგაცია მიიჩნევს, რომ არჩევნები არ აკმაყოფილებდა სამართლიანი და თავისუფალი არჩევნების სტანდარტებს. ამასთან, საარჩევნო კოლეგია, რომლის ნახევარიც არის პარლამენტი და მომავალი პრეზიდენტი დანიშნა, ასევე იყო არალეგიტიმური. ჩვენი დელეგაცია, მიიჩნევს, რომ „ქართული ოცნების“ მთავრობა არის არალეგიტიმური, რადგან ის აწამებს საკუთარ ხალხს. ჩვენ შევხვდით აქციის რამდენიმე მონაწილეს და მინდა, განვაცხადო, რომ შემაძრწუნებელი იყო არა მარტო ამ პერსონალური ისტორიების მოსმენა, არამედ ის სისტემატური და ორკესტრირებული მეთოდები, როგორც ისინი აწამეს.
საქართველო ბელარუსიზაციის გზას ადგას და ამ დროს სანქციები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, მათ შორის ფინანსური სანქციები. კარგია, რომ აშშ-მა სანქციები დაუწესა ორ პირს, მაგრამ ამ სიაში უნდა იყვნენ ბიძინა ივანიშვილი და „ქართული ოცნების“ ლიდერები. ჩვენ უკვე ვნახეთ „ქართული ოცნების“ პასუხი აშშ-ის სანქციებზე, იმ ორ პირებზე, ისინი დააწინაურეს. ამაზე ზემოქმედების ერთადერთი გზა ხელმძღვანელობაში ბზარების შეტანაა. ბზარების შეტანის ერთადერთი გზა არის იმის მტკიცება, რომ ივანიშვილი არ არის დაუმარცხებელი“, – განაცხადა თორნტონმა.