მოვიდეს სასახლეში ივანიშვილი, რადგან ის მართავს ყველაფერს და მე მზად ვარ, დავსხდეთ და მოვიფიქროთ, როგორ უნდა დაინიშნოს არჩევნები, ოღონდ არჩევნების დანიშვნის რიცხვი შეთანხმებული უნდა იყოს 29-მდე, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
სალომე ზურაბიშვილის თქმით, ის ელოდება პასუხს.
მანამდე, სალომე ზურაბიშვილმა აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა: „ძალიან სიმბოლური ადგილია, სადაც ახლა ვდგავარ თქვენ წინაშე. აქ, ამ სკოლაში სწავლობდა მამაჩემი, ჩემს ზურგს უკან ილია და აკაკი გვიყურებენ და უყურებენ ამ ახალ საქართველოს, რომელიც უკვე დაიბადა თქვენით, რომელიც ხვალ, ზეგ იქნება ძალიან ძლიერი, ძალიან ევროპული საქართველო, ამას ვერავინ გააჩერებს. მართალია, თქვენ აქ რაღაცა 300 კაცი ხართ, მართალია, დაგვიპატიმრეს სცენა, თუ მიკროფონები ორჯერ, მართალია, მე დამპირდნენ, რომ გისოსების უკან ვიქნებოდი მალე, მაგრამ ჩვენ ხომ არ გვეშინია, არ გვეშინია, რადგან აქ მოხლოდ სიყვარული სუფევს. ვინც ამობს, რომ აქ იბადება რაღაცა, ვინმესთან დაპირისპირება, ეს არის კიდევ ერთი ტყუილი ბევრ ტყუილთა შორის, აქ სუფევს მხოლოდ მშვიდობა, სიყვარული და თავისუფლება, დღეს აქ მრავალთა მარშს შორის მოდიოდა ერთი ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც იყო ანწუხელიძეს მარში, ანწუხელიძის წინაშე ვარ მე ვალდებული, თქვენ ვალდებული, რომ ვიყოთ ერთგული იმ საქართველოსი, რომლისთვისაც მან თავისი სიცოცხლე დადო. ანწუხელიძესთან ერთად, ის უამრავი გმირი, რომელსაც საქართველოს წარსული ითვლის და რომლის გამოც ჩვენ აქ ვდგავართ, თორემ არ ვიქნებოდით, დღეს საქართელო არ იქნებოდა, მაგრამ საქართველო არასოდეს არ ეგუება, საქართველო არასოდეს არ თმობს, როცა მართალია და მართალია საქართველო და მართალი ხართ თქვენ. მინდა, ახლა გითხრათ, რას გავაკეთებთ. პირველ რიგში, მე რას გავაკეთებ. მე ვრჩები ერთგული ქვეყნის იმ კონსტიტუციის, რომლის წინაშე დავდე ფიცი ექვსი წლის წინ, ეს კონსტიტუცია, რომელიც გათელეს ფეხქვეშ, მაგრამ დგას, როგორც დგას საქართველო და მე შეიძლება მხოლოდ გავაგრძელო და ვიყო მისი ერთგული. მე ვიქნები ერთგული იმ ქართული ჯარის, მისი ვეტერანების, რომლებიც დღეს აქ მოდიოდნენ და ჯარის, რომელიც იცავს საქართველოს, თვითონ არის ერთგული იმ პარტნიორების, რომლებმაც შექმნეს, აღჭურვეს და გააძლიერეს საქართველოს ჯარი. მე ვარ და ვიქნები მისი უმაღლესი მთავარსარდალი. მე ვარ და ვიქნები ერთგული ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, მაგრამ არა მხოლოდ ამ ხალხის, რომელიც აქ დგას, არავინ ჩათვალოს, რომ მე არ ვარ ყველას პრეზიდენი, ვარ და ვიქნები“.
ტექნიკური ხარვეზის, კერძოდ, მიკროფონის გათიშვის გამო, სალომე ზურაბიშვილმა ვეღარ გააგრძელა გამოსვლა და განაცხადა, რომ პრეზიდენტის სასახლიდან ხვალ გაავრცელებს მიმართვას.