14 აპრილი საქართველოში დედაენის დღეა – თარიღი, რომელიც სიმბოლოდ იქცა ეროვნული თვითმყოფადობისა და ქართული ენის დაცვის.
ეს დღე უკავშირდება 1978 წლის ისტორიულ მოვლენებს, როდესაც საბჭოთა კავშირის ხელისუფლებამ მოკავშირე რესპუბლიკებში ადგილობრივი ენებისთვის სახელმწიფო ენის სტატუსის გაუქმება გადაწყვიტა. ამ ცვლილების შედეგად, მხოლოდ რუსული ენა უნდა დარჩენილიყო სსრკ-ის სახელმწიფო ენად.
საქართველოს სსრ-ის ახალი კონსტიტუციის პროექტში, 1936 წლის კონსტიტუციისგან განსხვავებით, ქართული ენა სახელმწიფო ენად აღარ იყო განსაზღვრული – გადაწყვეტილება, რომელმაც საზოგადოებაში ძლიერი პროტესტი გამოიწვია.
თბილისში დაიწყო მასობრივი გამოსვლები. ათასობით ადამიანი შეიკრიბა და მსვლელობა მოეწყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტიდან უზენაესი საბჭოს შენობამდე. ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მშვიდობიანი პროტესტი საბჭოთა საქართველოში.
მდგომარეობა ხელისუფლებისთვის უკიდურესად დაიძაბა. იმდროინდელი პირველი მდივანი, ედუარდ შევარდნაძე, იძულებული გახდა გამოსულიყო ხალხთან და დაეწყო მოლაპარაკება.
საბჭოთა ხელისუფლება დადგა არჩევანის წინაშე — ძალის გამოყენება თუ დათმობა. საბოლოოდ, მოსკოვმა უკან დაიხია და ქართული ენა სახელმწიფო სტატუსით შენარჩუნდა.
ამ გამარჯვების აღსანიშნავად, 14 აპრილი გამოცხადდა დედაენის დღედ.
დღესაც, ყოველწლიურად, დედაენის ძეგლი-თან იმართება ღონისძიებები, რომლებიც პატივს მიაგებს ამ ისტორიულ დღეს და კიდევ ერთხელ გვახსენებს ქართული ენის მნიშვნელობას.

