შრი-ლანკის ხელისუფლების ინფორმაციით, დედაქალაქ კოლომბო-ს საერთაშორისო აეროპორტში 22 ბუდისტი ბერი 110 კილოგრამზე მეტი კანაფის შენახვისთვის დააკავეს.
CNN-ის ცნობით, ეს აღნიშნულ ტერმინალში ნარკოტიკული საშუალების ამოღების ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ოპერაციაა.
ხელისუფლების წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ მამაკაცებს, რომლებიც ტაილანდიდან ბრუნდებოდნენ, ბანდარანაიკეს საერთაშორისო აეროპორტში თან ჰქონდათ ჩემოდნები, რომელშიც თითოეულს ხუთ კილოგრამზე მეტი კანაფი აღმოუჩინეს.
პოლიციის განცხადებით, ოპერაცია ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა. სამართალდამცველების თქმით, ნარკოტიკები სპეციალურად მოდიფიცირებულ ბარგში, ორმაგი ჯიბეების გამოყენებით იყო დამალული.
ნარკოტიკების სავარაუდო ღირებულება 3,45 მილიონ დოლარზე მეტია (1,1 მილიარდი რუპია).
შრი-ლანკაში ნარკოდანაშაულზე მკაცრი სასჯელებია დაწესებული, ხოლო აეროპორტებში არალეგალური ნივთების აღმოსაჩენად სპეციალური ტექნოლოგიებია დანერგილი. ნარკოდანაშაულისთვის დაკავება შეიძლება დასრულდეს ბრალის წარდგენის გარეშე განუსაზღვრელი ვადით დაკავებით, ხოლო მსჯავრდების შემთხვევაში — ხანგრძლივი პატიმრობით.
Daily News-ის ცნობით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც აეროპორტში არალეგალური ნარკოტიკების გადატანის ფაქტზე ბუდისტი ბერები დააკავეს.
შრი-ლანკის პოლიციის ნარკოტიკების ბიურო იძიებს, არის თუ არა ეს კონტრაბანდული საქმიანობა დაკავშირებული ნარკოტრაფიკის ადგილობრივ ქსელებთან.

