საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ისტორიული გარდატეხის წინაშე დგას.
ილია II-ის ეპოქის დასრულების შემდეგ, საზოგადოების მთავარი კითხვა უკვე არა მხოლოდ ისაა, ვინ გახდება ახალი პატრიარქი, არამედ — რა გზით ივლის ეკლესია მომავალ წლებში.
საპატრიარქო ტახტის გარშემო მიმდინარე პროცესებს ყურადღებით აკვირდებიან როგორც საეკლესიო წრეები, ისე საზოგადოება და პოლიტიკური სპექტრი.
მიზეზი მარტივია — საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ინსტიტუტად რჩება, ხოლო ახალი პატრიარქის არჩევა მხოლოდ საეკლესიო გადაწყვეტილება არ იქნება. ეს იქნება არჩევანი ეკლესიის მომავალი კურსის შესახებ.
როგორ აირჩევა ახალი პატრიარქი?
საქართველოს ეკლესიის მართვა-გამგეობის დებულების მიხედვით, ახალი კათოლიკოს-პატრიარქი გაფართოებულ კრებაზე აირჩევა, რომელშიც მონაწილეობას მხოლოდ მღვდელმთავრები მიიღებენ.
თავდაპირველად წმინდა სინოდი ასახელებს სამ კანდიდატს, რის შემდეგაც გაფართოებულ კრებაზე იმართება კენჭისყრა.
პატრიარქად არჩეულად ჩაითვლება კანდიდატი, რომელიც ხმათა ნახევარზე მეტს მიიღებს.
თუ პირველ ტურში გამარჯვებული ვერ გამოვლინდა, გაიმართება მეორე ტური, ორი ლიდერი კანდიდატის მონაწილებით.
მეუფე შიო მუჯირი — პატრიარქის ნება და ადმინისტრაციული მემკვიდრეობა
ანალიტიკოსებისა და საეკლესიო წრეების მნიშვნელოვანი ნაწილი მიიჩნევს, რომ პატრიარქობის ყველაზე რეალური კანდიდატი სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირია.
მისი ფიგურა ბოლო წლებში პრაქტიკულად განუყოფელი გახდა საპატრიარქოს ყოველდღიური მართვისგან. მეუფე შიო აქტიურად მონაწილეობდა როგორც ადმინისტრაციულ, ისე სახელმწიფო უწყებებთან კომუნიკაციის პროცესებში და ეკლესიის შიდა მმართველობით სისტემაში ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან სასულერო იერარქად ჩამოყალიბდა.
სიმბოლური და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ის ფაქტიც, რომ უწმინდესმა ილია II-მ, მეუფე შიო, მოსაყდრედ გიორგობის დღესასწაულზე, 2017 წლის 23 ნოემბერს დაასახელა.
მაშინ პატრიარქმა თქვა: “წმინდა გიორგიმ ინება მოსაყდრედ მეუფე შიო”
საეკლესიო წრეებში ეს სიტყვები ბევრისთვის აღიქმებოდა არა მხოლოდ ფორმალურ გადაწყვეტილებად, არამედ ერთგვარ სულიერ გზავნილადაც.
მეუფე შიოს ძლიერი მხარეებად მიიჩნევა:
• ეკლესიის მართვის გამოცდილება,
• სინოდში სტაბილური მხარდაჭერა,
• დაბალი კონფლიქტურობა,
• და საპატრიარქოს არსებული კურსის გაგრძელების შესაძლებლობა.
ამასთან, მისი ოპონენტები ფიქრობენ, რომ ეკლესიას მომავალში შესაძლოა უფრო აქტიური საზოგადოებრივი როლი და ახალი ხედვები დასჭირდეს.
მეუფე გრიგოლი — ინტელექტუალური და შედარებით გახსნილი ხედვის წარმომადგენელი
პატრიარქობის შესაძლო კანდიდატებს შორის ხშირად სახელდება ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი ბერბიჭაშვილი.
სინოდში იგი ერთ-ერთ ყველაზე ინტელექტუალურ და განათლებულ მღვდელმთავრად მიიჩნევა. მისი სახელი უკავშირდება როგორც საგანმანათლებლო, ისე კულტურული პროექტების განვითარებას, მათ შორის ფოთში ახალი სასწავლო სივრცეების შექმნას.
მეუფე გრიგოლი გამოირჩევა შედარებით გახსნილი რიტორიკით, ზომიერი პოზიციებით და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფთან დიალოგის უნარით.
სწორედ ამიტომ, ეკლესიის იმ ნაწილში, რომელიც ფიქრობს, რომ საპატრიარქოს საზოგადოებასთან უფრო აქტიური კომუნიკაცია სჭირდება, მეუფე გრიგოლი მისაღებ და თანამედროვე ფიგურად განიხილება.
თუმცა სინოდის შიდა ბალანსებში მისი მთავარი გამოწვევა კონსერვატიული ფრთის გავლენაა, რომელიც ეკლესიის ტრადიციული მოდელის შენარჩუნებას ემხრობა.
მეუფე იობი — კონსერვატიული ფრთის მტკიცე ხმა
საპატრიარქო ტახტის ერთ-ერთ რეალურ კანდიდატად მოიაზრება ასევე მროველ-ურბნელი მიტროპოლიტი იობ აქიაშვილი.
მეუფე იობი ეკლესიის შიგნით კონსერვატიული მიმართულების ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან წარმომადგენლად ითვლება. იგი ცნობილია მკვეთრი და შეუვალი პოზიციებით ტრადიციული ღირებულებების დაცვის საკითხში.
მის ეპარქიაში არაერთი ტაძარი და მონასტერი აღდგა, ხოლო სამონასტრო ცხოვრების გაძლიერებაში მისი როლი ეკლესიაში განსაკუთრებულად ფასდება.
მეუფე იობის მხარდამჭერები მიიჩნევენ, რომ თანამედროვე გამოწვევების ფონზე ეკლესიას სწორედ სიმტკიცე და ტრადიციების მკაცრი დაცვა სჭირდება.
მეუფე ისაია — ზნეობრივი ავტორიტეტი ეკლესიაში
სტატიის დასასრულს გვერდს ვერ ავუვლით ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ ისაია ჭანტურია-ს.
მართალია, ის მისი მიმართვის მიუხედავდ აქტიურ საპატრიარქო კანდიდატად არ განიხილება, თუმცა ეკლესიაში მისი ავტორიტეტი გამორჩეულია.
2008 წლის აგვისტოს ომის დროს მეუფე ისაიამ ნიქოზი არ დატოვა და მრევლთან ერთად დარჩა საომარ ზონაში. ამ ფაქტმა მისი სახელი საზოგადოებაში განსაკუთრებულად დაამკვიდრა.
მისი ინიციატივით საოკუპაციო ხაზთან ყოველწლიურად ტარდება ანიმაციური ფილმების საერთაშორისო ფესტივალი — კულტურული პროექტი, რომელიც ნიქოზს ერთგვარ სულიერ და კულტურულ ცენტრად აქცევს.
საეკლესიო წრეებში მეუფე ისაიას ხშირად მოიხსენიებენ როგორც თავმდაბალი, მშვიდი და ზნეობრივი ორიენტირის მქონე მღვდელმთავარს.
რა იქნება გადამწყვეტი?
სინოდის შიდა ბალანსი, სხვადასხვა ჯგუფის გავლენა და ეკლესიის მომავლის ხედვა — სწორედ ეს ფაქტორები შეიძლება აღმოჩნდეს საბოლოო არჩევანის განმსაზღვრელი.
დღეს მთავარი კითხვა მხოლოდ ის აღარ არის, ვინ გახდება შემდეგი პატრიარქი.
მთავარი კითხვაა — როგორი იქნება საქართველოს ეკლესია ილია II-ის ეპოქის შემდეგ:
• შეინარჩუნებს თუ არა დღევანდელ მოდელს,
• გახდება თუ არა უფრო აქტიური საზოგადოებრივ ცხოვრებაში,
• თუ მომავალ წლებში ტრადიციასა და განახლებას შორის ბალანსის მოძებნას შეეცდება.
ახალი პატრიარქის არჩევა სწორედ ამ გზის განსაზღვრის პროცესად იქცევა.
