საქართველო — ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა და ქრისტიანობის პირველი ქადაგება ივერიაში
12 მაისს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულის საქართველოში შემოსვლის დღეს აღნიშნავს — თარიღს, რომელსაც ქართული ეკლესიის ისტორიაში განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს.
წმინდა ანდრია პირველწოდებული წმინდა პეტრე მოციქულის ძმა იყო. სწორედ მას მოუწოდა უფალმა მოციქულთა შორის პირველად, რის გამოც ეწოდა „პირველწოდებული“.
საეკლესიო გადმოცემის მიხედვით, მაცხოვრის ამაღლების შემდეგ, როდესაც მოციქულებმა ქვეყნები საქადაგებლად წილისყრით გაინაწილეს, ივერია ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს ხვდა წილად. თუმცა, რადგან ღვთისმშობლის მიცვალების ჟამი მოახლოებული იყო, უფლის ნებით საქართველოში საქადაგებლად წმინდა ანდრია პირველწოდებული გამოიგზავნა.
გადმოცემის თანახმად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ფიცარზე სასწაულებრივად დატოვა თავისი ხელთუქმნელი ხატი ყრმა იესოსთან ერთად და ეს სიწმინდე წმინდა ანდრიას გადასცა, რათა იგი საქართველოში ჩამოებრძანებინა.
წმინდა მოციქულმა საბერძნეთი და მცირე აზია გაიარა, შემდეგ კი შავიზღვისპირეთის გავლით საქართველოში შემოვიდა.
საეკლესიო წყაროების მიხედვით, მისი პირველი გაჩერება დიდაჭარა იყო, სადაც, გადმოცემით, თავად ააგო ტაძარი. სოფელში დღემდეა შემორჩენილი იმ უძველესი ნაგებობის ნანგრევები, რომელსაც ადგილობრივები წმინდა ანდრიას სახელს უკავშირებენ.
წმინდა მოციქულს თან ახლდა ღვთისმშობლის ხელთუქმნელი ხატი, რომლის მეშვეობითაც მრავალი სასწაული აღესრულა.
ანდრია პირველწოდებული მოგვიანებით საბერძნეთის ქალაქ პატრაში მოწამებრივად აღესრულა — იგი ჯვარზე გააკრეს.
საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესია წმინდა ანდრია პირველწოდებულის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს:
- 12 მაისს — საქართველოში შემოსვლის დღეს;
- 13 დეკემბერს — მისი გარდაცვალების დღეს.
🕊️ წმინდა ანდრია პირველწოდებულო, ევედრე ღმერთსა ჩვენთვის.

