თითქოს ერთდროულად განვიცადე სიკვდილი, ახლიდან დაბადების დაბნეულობა და სიხარული.
არის რაღაცები, რაც მხოლოდ ჩვენ ვიცით და რასაც სხვებს ვერასოდეს ავუხსნით ისე, რომ სრულიად გასაგები გახდეს მათთვის.
ეგ კი არა, ზოგი რამ, რაც ჩვენში ხდება, სრულად ჩვენც არ გვესმის ხოლმე.
ჩემშიც ზუსტად ასეთი რამ მოხდა, თითქოს ძალიან მარტივი და თან იმდენად რთული, რომ სიტყვებით მისი ზუსტად გადმოცემა შეუძლებელია.
თითქოს ერთდროულად განვიცადე სიკვდილი, ახლიდან დაბადების დაბნეულობა და სიხარული.
და იყო ასე:
ვცხოვრობდი ჩემი უღმერთო ცხოვრებით და ვცდილობდი ყველა ბნელი სურვილის ასრულებას… სიფხიზლეს გავურბოდი. ვსვამდი და ვეწეოდი… ყელამდე ცოდვებში ვიხრჩობოდი. ხალხს კი რატომღაც მაინც კაი ტიპი ვეგონე…
ყოველი დღე ერთმანეთს ჰგავდა, არაფერი განსხვავებული არ ხდებოდა…
მოკლედ, ერთი რიგითი ნიჰილისტი ვიყავი, რომელიც წუთიერი ხორციელი სიამოვნებებით ცდილობდა მარადიული სულიერი სევდის გაქრობას.
ერთ დღესაც მივხვდი, რომ მთლიანად დავცარიელდი.
ჩემი პიროვნებისგან აღარაფერი დარჩა.
მოსიარულე მუმიად ვიქეცი.
შემაძრწუნა იმ სიბნელემ და სიცარიელემ, რომელიც ჩემში დავინახე.
გავიფიქრე, რომ ასეთია ჯოჯოხეთი – მარადიული მარტოობა სრულ სიბნელეში.
მერე არ მახსოვს… რაღაც მოხდა…
რაღაც აფეთქდა ჩემს შიგნითარსებულ სიბნელესა და სიცარიელეში.
აფეთქდა და მისი ცეცხლი გარეთ პოეზიად გადმოიფრქვა…
ჩემგან დამოუკიდებლად დაიწერა პოემა – „აპოკალიფსი“
ესე იგი – გამოცხადება.
დაიწერა და მოვკვდი.
მოკვდა ის ვიღაც უცხო, ვიღაც ძველი, ვიღაც ბილწი, ვიღაც სასტიკი და შემზარავი.
მაგრამ სიკვდილი არ ყოფილა ერთჯერადი. ეს საკმაოდ ხანგრძლივი და საშინლად მტკივნეული პროცესი იყო.
ვგრძნობდი, რომ გარდა საკუთარი სხეულისა და სულისა, რაღაც სხვა, ბევრად ძლიერი და საშიში ძალაც მებრძოდა… მტკენდა… მაწამებდა…
თავდაპირველად ცდილობდა ჩემს მოთაფვლას და ეს რომ არ გამოსდიოდა, მერე შეშინებას… ტანჯვას… გასრესვას…
სრულიად მარტო დავრჩი.
გარშემო ჩამობნელდა.
ჩემთვის ძვირფას ადამიანებს აღარ ესმოდათ ჩემი.
ერთგულმა მეგობრებმაც დამივიწყეს, ორგულებზე რაღა უნდა ვთქვა.
იყო ღალატი. იყო დაცინვა. იყო სასტიკი გულქვაობა და მიტოვება.
განსაკუთრებით ერთი დღე მახსოვს – სახლში ვიყავი. ჩემს ოთახში. ფიზიკურად სრულად ჯანმრთელი.
მაგრამ სულში რაღაც ძლიერი წვა ვიგრძენი. ისეთი მწარე. ისეთი ბნელი. ისეთი მძიმე. სასოწარკვეთის დემონი იყო. მთელი ცხოვრება რომ დამდევდა. ათასჯერ სცადა ჩემი შეჭმა. ვერ მოახერხა. მაგრამ იმ ღამით, სულ ცოტაც და მოახერხებდა.
ვიგრძენი, რომ ის ჩემში ცხოვრობდა, მთელი თავისი სისაძაგლით და სისასტიკით დავინახე. ვცადე, რომ გარეთ გამეთრია, მაგრამ იმდენად სუსტი აღმოვჩნდი, როგორც ჩვილი ცოფიანი მხეცის წინაშე. მთელი არსებით ცეცხლში ვიწვოდი. გონება. გული. სული. სხეული. ყველაფერი მეფერფლებოდა.
ვერც ვსაუბრობდი. ვერც ვფიქრობდი. ვერც ვტიროდი და ვერც ვერავის ვეძახდი. მხოლოდ ვიწვოდი. წყვდიადის ცეცხლში ვიფერფლებოდი. აღარც იმედი. აღარც ძალა. არც სიხარული. არც სიყვარული. არც სიმშვიდე. მხოლოდ ცეცხლი და მწუხარების მწველი შეგრძნება.
დიდხანს გაგრძელდა ეს წამება. მერე როგორღაც მოვახერხე და ღმერთს ვთხოვე, დამხმარებოდა.
და ზუსტად მაშინ, როდესაც მივხვდი, რომ ჩემი სულის კვდომას ვუმზერდი. დაწვას. ჩანაცვრას. გაცამტვერებას. სიოს ხმასავით მოისმა გულში – „მცხეთაში წადი. ხომ დაგპირდა, რომ გიშველიდა. სთხოვე. გიშველის!“
მერე არ მახსოვს… ალბათ როგორღაც ჩამეძინა…
დილით ძმაკაცმა სამთავროს მონასტერში წამიყვანა და კიდევ ერთი სასწაული მოხდა ჩემს სულში. როგორც ადრე, ახლაც მიშველა, ახლაც მაშინვე დამეხმარა, ვთხოვე თუ არა, სითბო მოვიდა, სიმშვიდეც მოჰყვა, იმედი, რწმენა…
მამა გაბრიელ… ბერო გაბრიელ… ჩემო გაბრიელ… ვიმეორებდი გულში და ვიცოდი, რაც უნდა მექნა.
თუმცა იმ დღესვე უფრო ძლიერი ბრძოლა დაიწყო, მაგრამ ამჯერად ჩემი სული აღარ ჰგავდა ქარისაგან შერხეულ ლერწამს… ამჯერად სული მტკიცე იყო, როგორც ფოლადი. და მე გავბედე ჯვართამაღლების ტაძარში წასვლა. მისვლისთანავე საშინელი ბრძოლა დაიწყო. გულისისტყვების შტორმში მოვყევი. იქიდან წასვლა დავაპირე.
ვთქვი: „თუ შენ გინდა, რომ შენთან ვიყო თუ შენ გინდა, რომ აქ ვიყო და არსად წავიდე, მაშინ მითხარი!“
გულში ძალიან მკვეთრად გაისმა: „აქ დარჩი!“
ისე მკვეთრად, რომ მეგონა ეს ხმა სხვებმაც გაიგეს.
ამას მალევე მოჰყვა შემდეგი სასწაული…
და საბოლოოდ, მართლაც იქ დავრჩი.
მერე დაიწყო მშობიარობის ტკივილები, მაგრამ ვიცოდი, კარგად ვიყავი თუ ცუდად ვიყავი – სახლში ვიყავი!
დღეს კი მე ვუმზერ ჩემს შიგნით, როგორ ცოცხლდება და ხორციელდება ახალი კაცი.
ქრისტემ ფერფლიდან აღადგინა ჩემი სული, როგორც ფენიქსი.
ქრისტესთან ერთად ჩემი მოძღვარი – მამა თეოდორე… ჩვენი მოძღვრები, სულიერი დები და ძმები – გამუდმებით ჩემს გვერდით იდგნენ. ყველაფერში მეხმარებოდნენ. მათ შემიფარეს. მიმიღეს სულ მთლად დაჩეხილი, ნაწამები, დაწყლულებული და მომაკვდავი…
ვერასდროს შევძლებ სიტყვებით გადმოვცე ის მადლიერება, რომელსაც მათ მიმართ განვიცდი.
ისინი ნამდვილი პირვანდელი ქრისტიანები არიან!
მათ უყვართ ქრისტე და ცდილობენ სხვებსაც გადასდონ ეს სიყვარული.
და აი, მეც…
იმისთვის დავბრუნდი, რომ ყველას ვუთხრა – თუ მე გადავრჩი, იმ ჭაობიდან თუ ამოვედი, ის სიბილწე თუ მოვიცილე – ქრისტეს შეწევნით – თქვენ მით უმეტეს გადარჩებით!
მთავარია იწამოთ, რომ ქრისტე ღმერთია და ყველაფერი შეუძლია.
რომ მას უყვარხართ, ისე უყვარხართ, როგორც ვერავინ შეგიყვარებთ.
რომ თქვენთვის მოკვდა. ჯვარზე მოკვდა, თქვენ, რომ გეცოცხლათ და მარადიულ ბედნიერებას ზიარებოდით.

