ტექნოლოგიური გიგანტისა და გამომგონებლის, ილონ მასკის ქონებამ ისტორიულ ნიშნულს გადააჭარბა – იგი მსოფლიოში პირველი ოფიციალური ტრილიონერი გახდა.
სააგენტო Reuters-ის ინფორმაციით, ამის მიზეზი მისი კოსმოსური კომპანიის, SpaceX-ის მიერ განხორციელებული აქციების პირველადი საჯარო განთავსება (IPO) გახდა, რომელიც ისტორიაში ყველაზე მასშტაბური აღმოჩნდა.
SpaceX-მა IPO-ს ფარგლებში რეკორდული 75 მილიარდი დოლარის მოზიდვა შეძლო. აქციები ფიქსირებულ ფასად – 135 დოლარად გაიყიდა, რამაც კომპანიის საერთო საბაზრო ღირებულება 1.77 ტრილიონ დოლარამდე გაზარდა. აუქციონის დასრულების შემდეგ, კომპანიის აქციები Nasdaq-ის ბირჟაზე განთავსდა.
Forbes-ისა და Reuters-ის ფინანსური გათვლების მიხედვით, მასკის პირადი ქონება, რომელიც ძირითადად SpaceX-ისა და Tesla-ს აქციებისგან შედგება, ამჟამად 1.1 ტრილიონ დოლარს აჭარბებს. შედარებისთვის, პლანეტის მეორე უმდიდრესი ადამიანის, ლარი ფეიჯის ქონება დაახლოებით 300 მილიარდ დოლარს შეადგენს, რაც მასკის კაპიტალის მესამედზე ნაკლებია.
ანალიტიკოსების შეფასებით, ბაზარზე არსებული ასეთი უპრეცედენტო ინტერესი ე.წ. “ილონის პრემიუმითაა” გამოწვეული – ინვესტორები ენდობიან მასკის გრანდიოზულ ხედვას, რომელიც კოსმოსური ინტერნეტის (Starlink) გაფართოებას და კოსმოსში ხელოვნური ინტელექტის მონაცემთა ბაზების შექმნას გულისხმობს. ამავდროულად, მასკის ტრილიონერად ქცევამ მსოფლიოში კვლავ გაააქტიურა დისკუსია გლობალური ეკონომიკური უთანასწორობის შესახებ.

