შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, გენერალურ პროკურატურასთან ერთად, არასრულწლოვნების მიმართ განხორციელებული ტრეფიკინგის ბრალდებით ერთი პირი დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული მამაკაცი არასრულწლოვან შვილებს, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის გამოყენებით, თბილისში მოწყალების თხოვნას აიძულებდა, მათ მიერ შეგროვებულ თანხას კი თავად ისაკუთრებდა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მამაკაცი ბრალდებულის სახით დააკავეს.
ამ ეტაპზე დაზარალებულები სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს სერვისცენტრში არიან განთავსებულნი, მათ ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრება.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე სეკუნდა მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 17 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“, – აღნიშნულია შსს-ს ინფორმაციაში.

