დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე უკრაინის მოქალაქეს ბრალდება წარედგინა — პროკურატურა დეტალებს აქვეყნებს
საქართველოს პროკურატურამ აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე უკრაინის მოქალაქეს, ვ.კ.-ს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით წარუდგინა. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, უწყება საქმის დეტალებსა და ვიდეოკამერების ჩანაწერებს აქვეყნებს.
გამოძიებით დადგენილი გარემოებები:
-
ნარკოტიკული საშუალების მოხმარება: 23 აგვისტოს, 01:04 საათზე, დიდ დიღომში მდებარე ბუავას ნაქირავებ ბინაში მისი ნაცნობი, უკრაინის მოქალაქე ვ.კ. მივიდა, რომელსაც თან ნარკოტიკული საშუალება „მეთადონი“ ჰქონდა. ნივთიერება მათ ერთად მოიხმარეს. 03:00 საათისთვის ბრალდებული შეუძლოდ გახდა და გონება დაკარგა.
-
უგონო მდგომარეობაში მიტოვება: ბრალდებულის ჩვენებით, იგი გონს მხოლოდ 25 აგვისტოს, 09:00 საათზე მოვიდა. მან ნახა, რომ დაურ ბუავა მძიმედ სუნთქავდა და უგონოდ იყო. შეშინებულმა ვ.კ.-მ ბუავა სიცოცხლისთვის საშიშ მდგომარეობაში მიატოვა, დახმარება არ გაუწია და ბინა დატოვა.
-
ვიდეოკამერების ჩანაწერები: სადარბაზოს კამერები ადასტურებს ვ.კ.-ს შესვლას 23 აგვისტოს (01:04-ზე) და მის გამოსვლას 25 აგვისტოს (09:43-ზე), სადაც ჩანს, რომ მას შეუძლოდ ყოფნის გამო ადგილობრივები ეხმარებიან. 23 აგვისტოს ღამეს დაურ ბუავა კამერებზე ბოლოჯერ 02:38 საათზე დაფიქსირდა, როცა სადარბაზოდან 2 წუთით გავიდა და უკან დაბრუნდა.
-
ექსპერტიზის დასკვნა: ქიმიური ექსპერტიზით დადასტურდა ბუავას მიერ „მეთადონისა“ და ალკოჰოლის მიღების ფაქტი. ნარკოტიკი ამოღებულია მისი საცხოვრებელი ბინიდანაც.
სხვა დაკავებულები: ამავე საქმის ფარგლებში შსს-მ კიდევ ორი პირი დააკავა ნარკოტიკების უკანონო შეძენა-შენახვისთვის. მათგან ერთ-ერთია სწორედ ის პირი, რომელმაც ბრალდებულ ვ.კ.-ს „მეთადონი“ გადასცა.
პროკურატურა ბრალდებულისთვის პატიმრობის შეფარდების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს.
https://www.facebook.com/reel/1381393326794467

