მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ბალდის მოსახლეობა მოსახლეობა გარემოს დაცვის სამინისტროსგან ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერებას ითხოვს.
მოძრაობამ “ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” სოციალური სამართლიანობის ცენტრთან ერთად 20 ოქტომბერს პრესკონფერენცია გამართა. მოძრაობა ორგანიზაციასთან ერთად სასამართლოში სარჩელის შესატანად ემზადება, მანამდე მორატორიუმის გამოცხადებას ითხოვს კანიონში მიმდინარე სამუშაოებზე და პროტესტის უწყვეტ რეჟიმში გაგრძელებას აანონსებს.
მარტვილის მუნიციპალიტეტში მდებარე ბალდის კანიონს 2013 წლიდან ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს და “დაცული ტერიტორიების სააგენტოს” დაქვემდებარებაშია.
დაცული ტერიტორიების სააგენტომ გასულ ბალდის კანიონი და მის მიმდებარედ 24 130 კვმ მიწის ნაკვეთი, ტურისტული ინფრასტრუქტურის მოსაწყობად, კერძო კომპანიას – “კანიონი 350” – 40 წლით იჯარით გადასცა. სააგენტოსთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, კომპანიამ კანიონის ტერიტორიაზე უნდა მოაწყოს „ტურისტული ინფრასტრუქტურა, რომელიც მოიცავს (მაგრამ შესაძლოა არ შემოიფარგლებოდეს) ვიზიტორთა ცენტრს, არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის საფეხმავლო დაკიდულ ბილიკს (ხიდებითა და გადასახედებით) და არანაკლებ 350 მეტრი სიგრძის როლერის ატრაქციას. ჯამში 2 800 000 ლარის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.
ადგილობრივები სააგენტოს გადაწყვეტილების შესახებ ინფორმირებული არ ყოფილან და კანიონის კერძო პირისთვის გადაცემის შესახებ მხოლოდ მას შემდეგ შეიტყვეს, რაც კომპანიამ სამუშაოების წარმოება დაიწყო და კანიონის ტერიტორია შემოღობა. ამ ინფორმაციის მიღების შემდეგ, ადგილობრივები საკუთარი უფლებების დასაცავად გაერთიანდნენ და საპროტესტო აქციებს მართავენ.
22 სექტემბერს, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, ადგილობრივების სახელით სასამართლოს მიმართა და სარჩელის უზრუნველყოფის საშუალების სახით კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება მოითხოვა. სასამართლომ დროებითი ზომის მიღებაზე უსაფუძვლოდ თქვა უარი და მიუთითა, რომ სააგენტოს გადაწყვეტილება სასამართლოსთვის მიმართვამდე თითქმის 1 წელი მოქმედებდა და ამიტომ მისი შეჩერების გადაუდებელი აუცილებლობა არ არსებობდა.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადებენ სასამართლომ არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ კანიონის კომპანიისთვის გადაცემის შესახებ ადგილობრივებმა გვიან შეიტყვეს და არც ის, რომ აქტიური სამუშაოები კომპანიამ სწორედ ამ პერიოდში დაიწყო.
სოციალური სამართლიანობის ცენტრის სოციალური პოლიტიკის პროგრამის დირექტორის სალომე შუბლაძის განცხადებით, ორგანიზაცია კანონმდებლობის უხეშ დარღვევად და ადგილობრივების ინტერესების უგულებელყოფად აფასებს მიღებულ გადაწყვეტილებას.
“ვგულისხმობთ პირველ რიგში საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებას მოსახლეობისთვის, რომ მათ გარემოსთან დაკავშირებული საკითხების შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში მიიღონ მონაწილეობა. ეს უფლება სრულად იქნა უგულებელყოფილი. გარდა კონსტიტუციისა, დაირღვა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, რომელიც განსაზღვრავს, რომ უნდა გამოქვეყნდეს ცნობა გადაწყვეტილების მიღების შესახებ, დაინტერესებულ პირებს უნდა ჰქონდეთ მოსაზრებების წარდგენის უფლება. რაც კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, ამ ტიპის გადაწყვეტილებამ პირდაპირ დაარღვია დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნა, რომელიც ამბობს, რომ დაცული ტერიტორიების განკარგვის და განვითარების პროცესში ადგილობრივები, ის ხალხი, ვისაც ყველაზე მეტად ეხება ეს გადაწყვეტილება, უნდა იყვნენ ჩართულნი”, – განაცხადა სალომე შუბლაძემ.
როგორც სოციალური სამართლიანობის ცენტრში აცხადეენ კანიონზე მიმდინარე სამუშაოების შეჩერება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინებით, კომპანია სამუშაოებს დაუდევრად აწარმოებს, ჩეხავს ხე-მცენარეებს, აზიანებს ბუნებრივ გარემოს.
“ადგილობრივების მოთხოვნით, კანიონის ტერიტორიაზე მიმდინარე სამუშაოები გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმაც შეამოწმა და ჩვენი ინფორმაციით, გარკვეული დარღვევებიც დაადგინა. სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დეპარტამენტიდან ინსპექტირების მასალები გამოითხოვა, თუმცა ინფორმაცია ამ დრომდე არ მიგვიღია.
აღსანიშნავია, რომ 2023 წლის 11 ოქტომბერს კომპანიის მიერ სამართალდარღვევის ჩადენის ფაქტი მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ზედამხედველობის სამსახურმაც დაადგინა, კერძოდ, კომპანია სამუშაოების ნაწილს მისთვის იჯარით გადაცემული ტერიტორიის გარეთ აწარმოებს; სახელმწიფო საკუთრების მიწაზე განთავსებულია რკინის ჯიხური და გავლებულია ღობე.
გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ორგანიზებით გამართულ 5 ოქტომბრის შეხვედრაზე, ადგილობრივები სამინისტროსგან სწორედ სამუშაოების შეჩერებას ითხოვდნენ – საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე. მიუხედავად მინისტრის მოადგილის დაპირებისა, რომ დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში, იგი სამუშაოების შეჩერებას უზრუნველყოფდა, ადგილზე სამუშაოები ამ დრომდე გრძელდება.
მნიშვნელოვანია, სახელმწიფო უწყებებმა კიდევ უფრო დიდი ეკოლოგიური ზიანის თავიდან ასარიდებლად, გააძლიერონ ზედამხედველობა მიმდინარე სამუშაოებზე და შეაფასონ კანიონზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობა. ამასთან, რამდენადაც კანიონის კერძო კომპანიისთვის იჯარით გადაცემის შესახებ გადაწყვეტილება კანონდარღვევით იქნა მიღებული, აუცილებელია, გარემოს დაცვის სამინისტრომ ბალდის კანიონზე მიმდინარე სამუშაოები შეაჩეროს – ადგილობრივ მოსახლეობასთან შეთანხმების მიღწევამდე და საკითხის სამართლებრივ გადაწყვეტამდე”,-აცხადებენ სოციალური სამართლიანობის ცენტრში.
“იქიდან გამომდინარე, რომ საჭიროა, მობილურები ვიყოთ და სწრაფად მოვახდინოთ რეაგირება მიმდინარე მოვლენებზე, კანიონთან ახლოს გავშლით კარავს და გადავალთ პროტესტის სხვა ფორმებზე. ვიცით, რომ ეს შეიძლება ხანგრძლივი ბრძოლა იყოს, მაგრამ ერთ გოჯს არ დავთმობთ”, – აცხადებს მოძრაობის ერთ-ერთი ლიდერი ცოტნე თვარაძე.
რას პასუხობს ბალდელების პროტესტს “კანიონი 350”-ის მმართველი პარტნიორი და დირექტორი, გიორგი მერკვილაძე აპირებს თუ არა კომპანია, მიმდინარე სამუშაოები დროებით შეაჩეროს.
“სოციალური სამართლიანობის ცენტრი ადგილობრივ მოსახლეობას არ წარმოადგენს, ისინი ბალდელებიც კი არ არიან. ჩვენი კომპანია 1 მარტიდან მუშაობს ადგილზე. ამ დროიდან 10 ივლისამდე ერთი ადგილობრივიც არ მოსულა პრეტენზიით – პირიქით. სამართლიანობის ცენტრს სამმა პიროვნებამ მიმართა, რომლებიც არ არიან ბალდელები და მხოლოდ ზაფხულობით ჩამოდიან დასასვენებლად. როდესაც ისინი ჩამოვიდნენ, წილი მომთხოვეს და უარით გავისტუმრე. ამის შემდეგ დაიწყო პროტესტი. 1500-კაციანი სოფლიდან პროტესტზე როცა 50 ადამიანი მოდის, ეგ სოფლის პოზიციას არ წარმოადგენს”, – აცხადებს BM.GE-სთან საუბარში გიორგი მერკვილაძე.
როგორც კომპანიის დირექტორი აცხადებს სამუშაოების შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება.
“სამუშაოების შეწყვეტა არავითარ შემთხვევაში არ იგეგმება. ხელს გვიშლიან მაქსიმალურად, ჩვენს თანამშრომლებზეც მიდის ზეწოლა, შეურაცხყოფა, რომ სამსახურში არ გამოვიდნენ. სამინისტროსთან აქტიური კომუნიკაცია გვაქვს, სწორედ ამიტომ იყვნენ ჩამოსული სამინისტროდან, რომ კითხვის ნიშნები ჰქონდათ. თუმცა შეხვედრის შემდეგ ეს კითხვის ნიშნები გაქრა. მიხვდნენ, მომჩივნების რეალური მიზანი რა იყო”, – აცხადებს BM.GE-სთან საუბარში გიორგი მერკვილაძე.