„ევროპის საშობაოდ მორთული ჯადოსნური ქალაქები“ – „სიენენმა“ 12 ევროპული ქალაქი დაასახელა, რომელთა მონახულებას მოგზაურებს შობა-ახალ წელს ურჩევს.
ავსტრიულ, გერმანულ, ფრანგულ, ბელგიურ, ჰოლანდიურ, ნორვეგიულ და პოლონურ ქალაქებს შორის საქართველოს დედაქალაქიც მოხვდა. სტატიის ავტორი ჯო მინიჰელი „სიენენის“ სამოგზაურო პორტალის მკითხველს თბილისის მონახულებას ურჩევს.
„შობა ვისაც გიყვართ, საქართველოს და მის დედაქალაქს უნდა ეწვიოთ, აქ შობა-ახალი წელი ნომერ პირველი დღესასწაულია. საქართველოში უმრავლესობა მართლმადიდებელი ქრისტიანია, ამიტომ შობას, 25 დეკემბრის ნაცვლად, 7 იანვარს აღნიშნავენ. დღესასწაულების მთავარი დღე საქართველოში 31 დეკემბერია. ადგილობრივები ერთმანეთს საჩუქრებს უცვლიან, მთელ ქალაქში ცა ფეიერვერკითაა განათებული. პარლამენტის შენობასთან დიდი ნაძვის ხეა, იქვე ახლოს ეწყობა საშობაო სოფელი და საფესტივალო ბაზრები“, – წერს „სიენენის“ ჟურნალისტი.