🔵”იყვნენ ვისაც, ეს შენობა რცხვენოდათ დამცირებული საქართველოს გამო.
🔵იყვნენ ისინიც, ვისაც რცხვენოდა დედაქალაქის ცენტრში საქვეყნოდ გამოფენილი საცვლების გამო.
🔵13 თუ 14 წელი, ეს შენობა ერთადერთი საცხოვრებელი იყო იმათთვის, ვისაც არაფერი ჰქონდა სათხოვარი თავის დროზე, მაგრამ არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა და ყველაფერი დაკარგა. შემდეგ ვიღაცას არ მოსწონდა მისი გამოფენილი საცვალი დედაქალაქის ცენტრში.
🔵მისი მეგრულიც ყურს ჭრიდა.
🔵გვერდით, ფოსტის შენობასთან, დევნილების თავშეყრის ადგილი იყო. ეს იყო მათი „სოციალური ქსელი“. ყველა აქ მოდიოდა, რომ ნაცნობ-ახლობელს შეხვედროდა.
🔵ზოგიერთი წინასწარ უნიშნავდა შეხვედრას აქ, ზოგი ალალ-ბედზე მოდიოდა. იდგა და ელოდა ნაცნობს, ან უბრალოდ ნაცნობ სახეს, სადღაც მაინც რომ გადაჰყროდა იქ, აფხაზეთში და მერე რომ ისე მოეკითხათ ერთმანეთი, თითქოს განუყრელი მეგობრები ყოფილან.
🔵ახალ მეგობრობასაც დაუდო სათავე ფოსტის შენობამ. „თბილისურ“ მეგობრობას.
🔵აქ სიახლეებსაც გებულობდნენ. ზოგჯერ ჭორი უფრო რომ იყო. მაგრამ მაინც „სიახლე“ იყო და ვრცელდებოდა ამბავი სინათლის სიჩქარით. მით უფრო, რომ შუქი არ იყო და „მოამბეს“ თუ „კურიერს“ ვინ უყურებდა ან რადიოს ვინ მოუსმენდა.
🔵თბილისურ „ბრეხალოვკად“ მოინათლა, თუმცა აქ სოხუმური ყავა არ იყო. ამირან გაგუაც მოსკოვში წავიდაო. ამირანის ყავა ბრენდი იყო სოხუმელთათვის. საქართველოს თუ საბჭოეთის სხვადასხვა ქალაქებიდანაც ჩამოდიოდნენ ქვიშაზე მოხარშული ამირანის ყავის დასაგემოვნებლად.
🔵იქვე, ყოფილი იმელის (მარქს-ენგელს-ლენინის ინსტიტუტი) შენობაში აფხაზეთის დევნილი მთავრობა განთავსდა.
🔵„თბილისურ ბრეხალოვკაზე“ ახლა რიგითი დევნილებიც და დევნილი „ოფიციოზიც“ შეიკრიბა. თუმცა, სოხუმშიც ხომ ასე იყო. უბრალოდ ახლა მათ „დევნილები“ ერქვათ და თვის ბოლოს 12 ლარსაც ღებულობდნენ, შემწეობად.
🔵თუ 8 ლარი პატიოსან ქართველ დიასახლის უნდა ჰყოფნოდა, როგორც იმდროინდელი პირველი ლედი ამბობდა, 12 ლარი „დიიიიიდი“ ფული იყო. თვე-ნახევარი იცხოვრებდა ხელგაშლილად პატიოსანი ქართველი დევნილი და დაზოგავდა კიდევაც თანხას. ასე ეგონათ თუ თავს აჯერებდნენ, რომ მართლა იცხოვრებდა ადამიანი 8 თუ 12 ლარად.
🔵შემდეგ განახლებული საქართველოს დრო დადგა და „ივერიაც“ დააცლევინეს დევნილებს, რომელთაც ფული მისცეს, სადაც გინდათ იქ შეიძინეთ ბინები და მშვიდობაში მოგახმარათ უფალმაო.
🔵წამიერად მოიმატა უძრავი ქონების ფასმა ჯერ დედაქალაქში, შემდეგ ბათუმში და სხვაგანაც, სადაც დევნილებს ახალ ცხოვრებაში „გზა დაულოცეს“.
🔵„ბიბისის“ ჟურნალისტი იყო იმ დღეებში ჩამოსული და ქართულ-აფხაზურ ურთიერთობებზე რადიოსიუჟეტს ამზადებდა. მკითხა, ვუჭერდი თუ არა მხარს ადგილობრივ საზოგადოებაში დევნილთა სრულ ინტეგრაციას მხარს. ვუპასუხე: ზოგი ცდილობს ჩვენ მარგინალიზებას, მაგრამ არც იმას გავიზიარებ, რომ ქართველებმა აფხაზეთი დაივიწყონ და აფხაზეთის პრობლემა „თავისთავად“, „ლოგიკურად“ რუსთა და სეპარატისტთა მიზნებით დასრულდეს-მეთქი. ეს ნაწილი მაინცდამაინც არ მოეწონა. არ იყო „პრადვინუტული“. არ ვიცი, გავიდა ის ინტერვიუ ეთერში თუ არა.
🔵ადრე „თბილისურ ბრეხალოვკასთან“ დევნილი აფხაზეთის გული ფეთქავდა. ის აფხაზეთელთა სპონტანური ცენტრი იყო, თბილისში რომ შეიქმნა და ბევრს მაინცდამაინც არ სიამოვნებდა.
🔵ახლა დევნილები არსად არ იკრიბებიან. მხოლოდ გასვენებებში.
🔵„ივერიის“ დანგრევამ თითქოს მეორედ დაშალა აფხაზეთი და აფხაზეთელები.
🔵ახალი თაობა კი სრულადაა ინტეგრირებული და აფხაზეთი მაინცდამაინც აქტიურად არ აგონდება. მამების და ბაბუების მხარეაო, თბილისელი, ბათუმელი, ქუთათური თუ სხვა „აფხაზეთელი“ ახალგაზრდებისთვის.
სამწუხაროდ, დადგა დრო, როცა აფხაზეთი „აღმოსაჩენი“ გვიხდება.
🔵ერთ-ერთ, ჯერ კიდევ, შემორჩენილ „კომპაქტური ჩასახლებასთან“ გავიარე შემთხვევით. სადარბაზოდან მამა-შვილი გამოვიდა. მამა 40 წლამდე თუ იქნებოდა, შვილი 10-12 წლის. გულში გამკრა: ამ „კომპაქტურში“ უკვე ორი თაობა წამოიზარდა. ერთი კიდევ – დაიბადა, რომლისთვისაც სხვა საცხოვრებელი უბრალოდ უცნობია.
🔵2008 წლის აგვისტოს შემდეგ თბილისში ერთ-ერთ შენობაში მივედი, სადაც ახალგორელი დევნილები შეყუჟულიყვნენ. ინტერვიუ უნდა ჩამეწერა.
🔵ჰუმანიტარულს ურიგებდნენ. არ დამავიწყდება ერთი ბერიკაცის თვალები, მაკარონს რომ მისჩერებოდა: იჯდა და უყურებდა, დროდადრო გაიღიმებდა ჭაღარა წვერ-ულვაშში, უფრო სიმწრით. ალბათ, ფიქრობდა, რად მინდა თქვენი მაკარონი, ჩემს ნაკვეთში ხომ მოსავალია მოსაწევი აქ თავმოყრილ ხალხს რომ დააპურებდაო.
🔵ფოტოს გადაღება მინდოდა და ვერ გავბედე. ვერც მიკროფონი მივუშვირე. არა, ამაზე მძიმე სურათებიც მინახავს ბორჯომსა თუ სამეგრელოში და ფოტოც გადამიღია და ინტერვიუც ჩამიწერია.
🔵მაგრამ იქ ვერ გავბედე. თავი მეზიზღებოდა. რა უნდა ვკითხო ამ ბერიკაცს, მისი სახე, მისი თვალები ამბობენ ყველაფერს…
🔵„დევნილი“, „ლტოლვილი“, „იძულებით გადაადგილებული პირი“. 30 წელზე მეტია, ეს სიტყვა ჩვენს ლექსიკონშია
✅სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,სოხუმის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი