მაცივრის თავზე იასამნისფერი დახვეული ტელეფონი ორჯერ თუ დარეკავდა და იმასაც ბაბუაჩემი აპროტესტებდა. ვერ აეხსნა რა საჭირო იყო შუაგულ ტყეში ტელეფონი,რომელიც პირად სივრცეს ურღვევდა. ერთი ზარი ფაციასგან იყო. ჩვენს ქვევით,მეზობლად ცხოვრობდა და ბებიაჩემს ძირითადად სთხოვდა,რომ მასთან სადილად დავეტოვებინეთ ბავშვები. ისე არ მოწონდა ეს ამბავი სიბრაზისგან წამოაწითლებდა,მაგრამ
ტელეფონში ცდილობდა ხმაზე არ დატყობოდა. მეორე ზარი ქალაქიდან იყო -მშობლები გვირეკავდნენ.
ქალაქის ზარი ჭირდა. ბებიაჩემს შფოთვისთვის დამატებითი მიზეზი ქონდა, ხაზებს უჭირსო იტყოდა და პაპიროსს გაუკიდებდა.
ჩვენგან ოდნავ ზევით ტატიანა ცხოვრობდა,ისიც ჩვენსავით ზაფხულობით ჩამოდიოდა. ბევრი შვილი ყავდა და ხან ქუთაისში და ხანაც თბილისში იზამთრებდა. ბაბუაჩემი ამტკიცებდა, რომ უინტერესოდ მოსაუბრე იყო, არადა სინამდვილეში უდიდეს ტრაგედიას ატარებდა, თავისთვის ჩუმად. ბებიაჩემი წინასწარ აფრთხილებდა ბაბუაჩემს, რომ დილას მოსულ ტატიანასთვის სიზმრის მოყოლა ეცლია. ტატიანას ყველაფერი მალე წყინდა , გაბრაზდებოდა და მირბოდა. თუ ბაბუაჩემი კითხულობდა და ყურადღებას არ აქცევდა, მაშინ სიზმრის მოყოლასაც ასრულებდა. ბოლოს მაინც ბაბუაჩემი გაოცებული კითხავდა: რა გინდოდა უთენია ღელესთან კი მარა?
-ჩემი სიზმარი გავატანე ანტონა,რომ არ ამიხდეს.
– ღმერთო გვიშველე! იტყოდა ბაბუაჩემი, ამის გაგონებაზე კი -ტატიანა წამოხტებოდა და გარბოდა.
შუადღემდე მეძინა. ბებიაჩემი ამ ამბავსაც აპროტესტებდა, მაგრამ თუ ტატიანა იყო შემოსარიგებელი მაშინ ფეხაკრეფით დადიოდა და ფაფის ნაცვლად ჩაის და კარაქიან პურს მახვედრებდა. სხვა შემთხვევაში ძაღლებს შემოუშვებდა ოთახში და უკან მოყვებოდა ხმამაღალი ძახილით: გამოდით ძაღლებო პატრონი არ გყავთ?! პატრონი სად გყავთ აბა ?! სძინავს მთელი დღე.
ახალგაღვიძებულს ბებიაჩემი ტატიანასთან გაგზავნიდა შემოსარიგებლად. ამ შუალედში 10 ღერ “პაპიროსს” მოწევდა და აშხრიალებულ რადიოში გაურკვეველ ინფორმაციას უსმენდა. მე კიდევ მძულდა რძე ,რომელსაც ტატიანა დილაობით ჭკუასლებში ყიდულობდა და მასთან მისულს გამოზამთრებულ ჯანჯუხასთან ერთად მახვედრებდა.
ორივე მისი სახლის იმ შიდა კიბეზე ვჯდებოდით,რომელიც სამზარეულოს სასტუმრო სახლთან აკავშირებდა. თავსაბურავის გარეშე მხოლოდ ამ სივრცეში ვნახულობდი , სადაც მისი ამბების ფონზე ჩემს აბურდულ თმას მონდომებით მვარცხნიდა. უწყვეტად ვსვამდი კითხვას: რატომ ? რატომ?
ტატიანა უცნაური და თან ძაან უბედური ქალი იყო, შვილს ისე გლოვობდა სხვა ვერც მიხვდებოდა. შემორიგებულ ტატიანას ვეტყოდი ბებიაჩემი ჩაიზე გელოდებათქო და მეორე სერია მაშინ იწყებოდა ,როცა პაპიროს გაკიდებულ ბებიაჩემს საყვედურობდა. ნუ მაბოლებ ,რა ნახა “დია დია “ ჩემმა თვალებმაო. სინამდვილეში მის თვალებს მთავარი ტრაგედია უკვე დიდი ხნის წინ ჰქონდა ნანახი მისი შვილის გარდაცვალებით,მაგრამ ამას მედგრად ედგა. უფრო სწორად, გარეგნულად ასე აჩვენებდა სხვებს თავს.
ბებიაჩემი არ იყო მორწმუნე ქალი ტატიანასგან განსხვავებით. ერთადერთი დღე როცა უთენია ღმერთთან დიალოგს იწყებდა შობის დილა იყო. სანთლის შუქზე ჩითის პერანგში მოკლედ შეჭრილი “ კარეთი” მისი გამხდარი სილუეტი დაუჯერებელი იყო. მთელი ბავშვობა მეგონა,რომ ბებიაჩემის ეს კადრი სიზმარი იყო და გარიჟრაჟზე კარებს ამოფარებული მისი სიტყვების მოსმენა სიზმრის ნაწილი. ბებიაჩემი ღმერთს უწყვეტად რაღაცას უყვებოდა. მიჭირდა ფრაზების გარჩევა ნახევრად მძინარეს,თუმცა ჩამოთვლილ სახელებში ტატიანას სახელიც მხვდებოდა. ჩემს ფხაკურზე იხედებოდა და მე თავქუდმოგლეჯილი ლოგინისკენ გავრბოდი და საბანში ვიმალებოდი. დილას ვერ ამომეხსნა ის ქალი ნამდვილად ბებიაჩემი იყო თუ სიზმრის ნაწილი,რადგან შობის დღესაც კი უდრეკი მზერით აცხობდა გურულ ღვეზელს. ამ დღეს გვთხოვდა,რომ ყველა ერთად შევკრებილიყავით ყოფილები, ახლები, სხვისი და თავისი ბავშვები და იწყებდა პერსონალურად გამოცხობილი გურული ღვეზელის შემოტარებას.ყველა მორჩილად ელოდა თავის რიგს და ისმენდა მის ტექსტებს. ერთადერთი მე ვაპროტესტებდი მის ამ რიტუალს ,თუმცა ისეთი მზერით გამომხედავდა მის ხელებში მოქცეულს სხვა გზა არ მქონდა მის ტექსტს, უფრო მოწოდებას ვისმენდი: ღმერთო დააჭკვიანე ეს გოგო! აღარ მომიყვანოს სახლში სხვისი ძაღლები, გაეშვას გომბეშოების სიყვარულს და უსუფას სიმინდი არ მოიპაროს! გატრუნული ვუსმენდი და ეს უფრო აღშფოთებდა, ეგონა არ ვუსმენდი და ათჯერ გამიმეორებდა: გეყურება გოგო? თანხმობის ნიშნად თავს დავუქნევდი და მონდომებით ,ჩემი ხელით შეჭრი ჩოლკიდან თვალმოჭუტული კითხვას ვუსვამდი : რაო ღმერთმა ?
ჩემს ამ კითხვას წაიყრუებდა და სხვებისთვის გამოცხობილ ღვეზელზე სანთეულს აანთებდა.
შობის ჯადოსნურობა ჩემთვის ბავშვობიდან ნათელი იყო,როცა უდრეკი ბებიაჩემიც კი ამ დღეს ღმერთთან თავის დიალოგს იწყებდა . მისი სილუეტი ჩემს მეხსიერებაში იმდენად ჩაბეჭდილია, ყველა შობის ღამეს მეც თვალებს ვხუჭავ და ჩემს წინ დიალოგს ვიწყებ ღმერთთან. ჩამოთვლილთა სიაში ცხადია ტატიანაც არის,რომელიც ბებიაჩემის და ბაბუაჩემის ცხოვრების ნაწილი იყო.
©️ ნათია მსხილაძე – სოციალური ქსელი ✅