“და მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს… ”
და მე ვიგონებ პირველ თოვლებს ჩვენს ეზოებში და იმ დილებს, როდესაც თოვლს არაფრის კვალი არ აჩნდა. როგორი ძნელი იყო ჯერ წამოდგომა, მერე თოვლის გახვეტა და შეშის დაჩეხვა ან დაჩეხილის დანაფოტება, ცეხლის ასანთებად…
შუა ცეცხლი, ასე უწოდებდნენ ძველად. დიახ, სითბო და თუნდაც შიმშილის დამთრგუნველი და მადისმომგვრელი კერძის შიშხინი, დუღილი, ოხშივარი თუ სურნელი შუაგულიდან უნდა მოჰფენოდა მთელ სახლს. სახლს, სადაც კერა არ უნდა გაციებულიყო. “კერაგაციებული” დღემდეა შემორჩენილი ეს არასასურველი წყევლა მთაში…
ვინ ვინ და კავკასიელებმა ვიცით ჩვენი სახლის ის არამატერიალური ფასი, რაც ჩვენში იბადება, საზრდოობს და ღვინდება. სახლი ის არის, სადაც შენი ოფლი და გულია ჩამარხული. სადაც მართლა გთბილა და რომც გციოდეს, ისე მაინც არ გცივა, როგორც უსახლკაროს…
ასეთ წარწერას წავაწყდი ერთგან, ინგლისურად: “სადაც ჩემი საწოლი დგას, ჩემი სახლიც იქ არის”. დიახ, არიან ადამიანები, რომლებიც ასე აზროვნებენ…
ვერ ვიტყვი, რამდენად სწორია ეს ფორმულირება, მაგრამ უფრო თავის დამშვიდება მგონია, მშობლიურ ფესვებს მოწყვეტილთაგან შეთხზული. სადაც საწოლს დადგამ, შენი სახლი ყველგან რა თქმა უნდა, ვერ იქნება.
ეს ჩვენი სახლი და ოთახია, სადაც ნამდვილად თბილა. გარეთ კი თოვს. Let it Snow… აწერია სანათს დაე, ითოვოსო. მაგიდაზე კი ჩემი ძვირფასი თანამშრომლის ნაჩუქარი წიგნი დევს… თუ არ ვცდები, “ფეხზე დაკიდების ნატიფი ხელოვნება”. ძალიან რომ არ დაგაჰიპნოზოთ, მოდი, ბოლომდე დავცალოთ და ჩვენᲡ კერას გაუმარჯოს!
ლევან ცალუღელაშვილი