7 ივლისს (ძველი სტილით, 24 ივნისს) საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა იოანე ნათლისმცემლის შობას აღნიშნავს. იესო ქრისტეს წინამორბედი იოანე ნათლისმცემელი უდიდესი წინასწარმეტყველი იყო, რომელმაც ძველი აღთქმის ეპოქა დაასრულა და უფლის განკაცება დაამოწმა.
მღვდელმსახურ მართალ ზაქარიას გაბრიელ მთავარანგელოზმა აუწყა ვაჟის დაბადება. ანგელოზმა ისიც აუწყა, რომ ყრმისთვის იოანე ეწოდებინა.
სასწაულებრივი იყო მისი გადარჩენა ჰეროდეს მიერ ყრმათა ჟლეტის დროს, მთა გაიხსნა და დაფარა მართალი ელისაბედი და ყრმა, მომავალი უდიდესი წინასწარმეტყველი. მამა საკურთხეველში მოუკლეს, მალე დედაც გარდაეცვალა და ანგელოზები ზრდიდნენ მომავალ ნათლისმცემელს…
ნათლისმცემელი ბავშობიდანვე უდაბნოში იზრდებოდა, მარხვითა და ლოცვით ემზადებოდა ღვთის სათნო მსახურებისათვის. ცხოვრობდა უდაბნოში (ძველი აღთქმის წინასწარმეტყველის ელიას მსგავსად), ამხელდა საზოგადოების ბიწიერებას და მოუწოდებდა მონანიებისაკენ. მონათლა მრავალი ებრაელი, რომლებიც მის წინაშე ცოდვებს აღიარებდნენ და მოუწოდებდა: „შეინანეთ, რამეთუ მოახლებულ არს სასუფეველი ცათაი”.
იოანემ მისკენ მოსანათლად მიმავალი უფალი შორიდანვე იცნო, იორდანეზე მონათლა ქრისტე და ნათელს თავადაც ეზიარა.
იოანე ნათლისმცემელი ჰეროიდე I-ის (I საუკუნის I ნახევარი) თანამედროვე იყო. ჰეროდემ თავისი საყვარლის. ჰეროდიადას საამებლად იოანე ნათლისმცემელი საპყრობილეში ჩასვა, შემდეგ კი თავი მოაკვეთინა.
ღვთისმშობლის შემდეგ იოანე ნათლისმცემელი უდიდესი მეოხია ღვთის წინაშე.
იოანე ნათლისმცემლის ხსენების დღეებია: ნათლისღება – 19 იანვარი, შობა – 7 ივლისი და თავის კვეთა – 11 სექტემბერი.