აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა საინვესტიციო კლიმატის შესახებ 2024 წლის ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოზეცაა საუბარი.
ანგარიშის თანახმად, ბიზნესის ხელსაყრელი გარემოს გათვალისწინებით, საქართველო გამჭვირვალობის, კონკურენტუნარიანობისა და ეკონომიკური თავისუფლების კუთხით საერთაშორისო რეიტინგებში რეგულარულად იკავებს მაღალ ადგილს.
„2005 წლიდან 2023 წლამდე საშუალო ზრდის ტემპი 5%-ზე მეტი იყო. ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა ორიენტირებულია დაბალ დეფიციტზე, დაბალ ინფლაციაზე და ცვალებად რეალურ გაცვლით კურსზე. საქართველოს ეკონომიკა კარგ შედეგებს აჩვენებდა პანდემიისა და რუსეთის მიერ 2022 წელს უკრაინაში შეჭრის მიუხედავად. COVID-19-ის პანდემიის შემდეგ, საქართველოს ეკონომიკა 2021 წელს აღდგა, 10.4%-იანი ზრდით და 2022 წელს მოლოდინს გადააჭარბა 10.2%-იანი ზრდით ტურიზმიდან შემოსავლების, ომთან დაკავშირებული მიგრაციისა და ფინანსური შემოდინების ზრდის გამო. 2023 წელს ეკონომიკა გაიზარდა 7.5%-ით, ხოლო ინფლაცია დაეცა 0.4%-მდე. მდგრადი ზრდის სამი წლის შემდეგ, მოსალოდნელია, რომ საქართველოს მშპ გააგრძელებს ამ ტრაექტორიას. 2024 წლის პროგნოზით, 5-7%-იანი ზრდა არის მოსალოდნელი“, – აღნიშნულია ანგარიშში.
ამასთან, დოკუმენტის მიხედვით, ზოგადად, საქართველოში ბიზნესისა და ინვესტიციებისთვის კარგი პირობებია.
„თუმცა, არსებობს უნდობლობა სასამართლო სექტორის შესაძლებლობის მიმართ, განიხილოს კომერციული საქმეები დამოუკიდებლად ან დროულად, კომპეტენტურად, რამდენადაც ბიზნესის დავების ნაწილი სასამართლო სისტემაში წლობით ჭიანურდება. სხვა კომპანიები მიუთითებენ მუნიციპალურ დონეზე გადაწყვეტილების მიღების არაეფექტურ პროცესებზე, ეფექტური ანტიმონოპოლიური პოლიტიკის ნაკლებობაზე, პოლიტიკურ ჩარევაში ბრალდებებზე, კანონებისა და რეგულაციების შერჩევით აღსრულებაზე. საქართველოს მთავრობა აგრძელებს მუშაობას ამ საკითხების გადასაჭრელად და მიუხედავად დარჩენილი გამოწვევებისა, საქართველო რეგიონში მაღალ საფეხურზეა, როგორც ბიზნესის კეთების კარგი ადგილი“, – ნათქვამია ანგარიშში.