ლაშა ბაქრაძე ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლდა. ინფორმაციას საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის, ლაშა ბაქრაძის მიმართ ჩაატარა დისციპლინური წარმოება, რომელიც შეეხებოდა მიმდინარე წლის 3 სექტემბერს ლაშა ბაქრაძის განცხადებას ვასო გოძიაშვილის სახელობის სკვერში გამართულ ღონისძიებაზე.
სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტებისა და გარემოებების შესწავლითა და ინფორმაციის ანალიზით დასტურდება, რომ ლაშა ბაქრაძემ ჩაიდინა დისციპლინური გადაცდომა, რაც გულისხმობს ზნეობრივ-ეთიკური ნორმების, ქცევის ზოგადი წესების უგულებელყოფას ან დარღვევას, არაეთიკურ საქციელს ან სხვა ქმედებას, რომელსაც შედეგად მოჰყვა დაწესებულების დისკრედიტაცია, მიუხედავად იმისა, სამსახურშია იგი ჩადენილი თუ მის გარეთ.
„დასკვნის საფუძველზე, ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორი ლაშა ბაქრაძე დაკავებული თანამდებობიდან გათავისუფლდა. დასკვნის თანახმად, ცალსახაა, რომ ლაშა ბაქრაძის 3 სექტემბრის განცხადება ზიანს აყენებს მისი, როგორც ქართული ლიტერატურის მუზეუმის დირექტორის რეპუტაციას და ლახავს იმ მუზეუმის ავტორიტეტს, რომელიც გიორგი ლეონიძის სახელს ატარებს და მისიად ქართული კულტურის ინტერესების დაცვა აქვს განსაზღვრული. ლაშა ბაქრაძის განცხადება ლახავს როგორც ამ განცხადების ადრესატთა, ასევე ქალთა სქესის ნებისმიერი წარმომადგენლის ღირსებას, რითიც სცილდება გამოხატვის თავისუფლების ფარგლებს; არის დისკრიმინაციული და ლაშა ბაქრაძის მხრიდან ეს პირველი შემთხვევა არ არის.
პროფესიული დისკუსიების დროსაც კი ის გამოირჩევა მისთვის სხვა მხრივ მიუღებელი ქალების მიმართ სექსისტური განცხადებებით და ინტელექტუალიზმით შეფუთული უდიერი დამოკიდებულებით. საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ლაშა ბაქრაძე 5 სექტემბერს კულტურისა და სპორტის სამინისტროში იმყოფებოდა, სადაც მან ახსნა-განმარტებით ბარათში აღნიშნა, რომ „არასწორი სიტყვა“ გამოიყენა. ახსნა-განმარტების მიცემისას გამოირკვა, რომ ლაშა ბაქრაძემ წინა დღით, 4 სექტემბერს, განცხადებით მიმართა მუზეუმის დირექტორს (საკუთარ თავს) და გამოსცა დირექტორის ბრძანება N50, რომლითაც საკუთარი თავი შვებულებაში გაუშვა 5 ოქტომბრის ჩათვლით. შესაბამისად, დღეს გამოცემული ბრძანების თანახმად, ლაშა ბაქრაძე დირექტორის თანამდებობას აღარ დაიკავებს 6 ოქტომბრიდან.
ლაშა ბაქრაძე სსიპ გიორგი ლეონიძის სახელობის ქართული ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის დირექტორის თანამდებობაზე დაინიშნა 2010 წლის 16 მარტს განუსაზღვრელი ვადით“, – ნათქვამია კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინფორმაციაში.
ცნობისთვის, „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლაშა ბაქრაძემ 3 სექტემბერს საარჩევნო კამპანიის ფარგლებში გამართულ ღონისძიებაზე განაცხადა: „ჩვენ გვერდით დგანან თინა, თამარი, სოფო, ასეთ ადამიანებს გთავაზობთ და არა, ბოდიში და, იმ „ნახმარ სახეებს“, რომლებიც აქვთ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს“.
5 სექტემბერს კი, საქართველოს კულტურის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა, რომ კულტურის სამინისტრო ლაშა ბაქრაძის განცხადებას, პირველ რიგში, ლიტერატურის სახელმწიფო მუზეუმის ხელმძღვანელის ჭრილში განიხილავდა და გადაწყვეტილება უახლოეს მომავალში გახდებოდა ცნობილი.