დღეს საქართველომ ისტორიული ფურცელი გადაფურცლა. მცხეთაში, სვეტიცხოვლის საკათედრო ტაძარში საზეიმო ღვთისმსახურების ფონზე შესრულდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, შიო III-ის ინტრონიზაცია.
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ოფიციალურად დაიკავა საპატრიარქო ტახტი და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ახალი სულიერი წინამძღოლი გახდა.
საუკუნოვანი ტრადიციებით გამართული ინტრონიზაცია
ინტრონიზაციის ცერემონია, რომელიც ქართულ ეკლესიაში საუკუნეების განმავლობაში ჩამოყალიბებულ წესს ეფუძნება, განსაკუთრებული ემოციურობითა და სიმბოლიზმით წარიმართა.
წმინდა სინოდის მღვდელმთავრებმა ახალარჩეული პატრიარქი საპატრიარქო ტახტზე სამჯერ დასვეს, რის შემდეგაც მას გადაეცა პატრიარქის ძალაუფლების მთავარი ნიშნები — კვერთხი, ბისონი და მიტრა.
ტაძარში შეკრებილი მრევლი და სტუმრები მრავალჯერ სკანდირებდნენ: „აქსიოს! აქსიოს! აქსიოს!“ — რაც ბერძნულად ნიშნავს: „ღირსია“.
სვეტიცხოვლის უძველეს კედლებში გამეფებულმა სიჩუმემ და ზარების ხმამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი იმ ისტორიულ მნიშვნელობას, რომელსაც საქართველოს ეკლესიისთვის ეს დღე ატარებდა.
შიო III-ის პირველი სიტყვა საპატრიარქო ტახტიდან
თავის პირველ საპატრიარქო მიმართვაში შიო III-მ მადლობა გადაუხადა უფალს დაკისრებული პასუხისმგებლობისთვის და განსაკუთრებული პატივით მოიხსენია მისი წინამორბედი — უწმინდესი და უნეტარესი ილია II.
ახალმა პატრიარქმა ერთობაზე, სულიერ სიმტკიცესა და ეკლესიის მისიაზე ისაუბრა.
“2000 წელზე მეტი გავიდა მას შემდეგ, რაც წმინდა მოციქული ანდრია პირველწოდებულიყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ლოცვა-კურთხევით გამოემართა საქართველოსკენ, რათა უფლის კვართის მფლობელი ერი ქრისტეს ნათელს ზიარებულიყო. სწორედ უფლის ცოცხალი სიტყვით ჰპოვა ქართველმა ხალხმა თავისი ნამდვილი სახე და ჭეშმარიტი ბუნება.
საუკუნეებია, იღვწის, იბრძვის, ნაწილებად იხლიჩება, მაგრამ მაინც ერთიანდება ჩვენი ქვეყანა. კარგავს ძვირფას მამულიშვილებს, მაგრამ კვლავ მრავლდება, ეცემა და ისევ ფეხზე დგება, რადგან მოციქულის ღვაწლით განათლებულმა თავის გულში ღრმად დაიმარხა უფლის სიტყვა და უკუნისამდე არ იხილავს სიკვდილს. ქრისტიანობა ხომ მან საკუთარი იდენტობის, აზროვნების და თვითმყოფადობის ორიენტირად აქცია”- აღნიშნა შიო III-მ.
პატრიარქმა განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა ახალგაზრდებზე და აღნიშნა, რომ ეკლესია უნდა დარჩეს სივრცედ, სადაც ადამიანი იმედს, სიმშვიდესა და სულიერ საყრდენს იპოვის.
“ქვეყნის ხვალინდელი დღე და მომავალი არიან ჩვენი შვილები. ისინი ყოველდღიურად გვაკვირდებიან, გვისმენენ, სწავლობენ ჩვენგან. ხშირად ცხოვრების განსხვავებულ გზებს ირჩევენ, მაგრამ მაინც შვილებად რჩებიან. სწორედ მათ სჭირდებათ ყველაზე მეტად ჩვენი სიყვარული, ზრუნვა და თანადგომა.
მათში უნდა განმტკიცდეს ქრისტეს რწმენა, ეროვნული ფასეულობები, ტრადიციებისადმი პატივისცემა, პასუხისმგებლობის განცდა ერისა და ეკლესიის წინაშე. ეს კი ისევ და ისევ ჩვენ უნდა გავაკეთოთ. ისე უნდა ვიცხოვროთ და ვიშრომოთ, რომ მათთვის ღირსეულ მაგალითად ვიქცეთ, რათა მომავალში ერთსულოვანი, მორწმუნე, ღვთისა და მოყვასის სიყვარულით გამსჭვალული მოქალაქეები ჰყავდეს ჩვენს ქვეყანას”- განაცხადა შიო მესამემ.
ინტრონიზაციის ცერემონიას ესწრებოდნენ ეკლესიების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, დიპლომატიური კორპუსისა და ხელისუფლების წარმომადგენლები.
საზეიმო ლიტურგიის დასრულების შემდეგ ახალ პატრიარქს მშვიდობიანი და ღირსეული მწყემსმთავრობა უსურვეს.
დღევანდელი დღე საქართველოს ეკლესიის ისტორიაში უკვე ჩაიწერა, როგორც ახალი ეპოქის დასაწყისი — ეპოქისა, რომელსაც შიო III უხელმძღვანელებს.

