პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას მწვანე შუქი ჯერ საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აუნთოს. ორი დღეა, 9 მოსამართლისგან შემდგარი კოლეგია უზენაეს სასამართლოში იმას განიხილავს, დაარღვია თუ არა საქართველოს კონსტიტუცია საქართველოს პრეზიდენტმა.
მმართველი გუნდი, „ქართული ოცნება“ ჩამოყალიბებულია იმ საკითხში, რომ პრეზიდენტი უფლებამოსილების ფარგლებს სცდებოდა, ამიტომაც, იმპიჩმენტს იმსახურებს. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას კი მრავალი წლის გამოცდილების მქონე კონსიტუციონალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ პრეზიდენტს კონსტიტუცია არ დაურღვევია და როდესაც ვსაუბრობთ „ქართული ოცნების“ მიერ წარმოწყებულ პროცესზე, საქმე კეთილსინდისიერების საკითხამდე მიდის. „მე არ ვიცი, ვინ რამდენად ღრმად და საფუძვლიანად იცნობს საქართველოს კონსტიტუციას, მაგრამ ის ვიცი, რომ ირაკლი კობახიძემ იცის მისი შინაარსი და ისიც, როგორი ინტერპრეტააციით უნდა იყოს კონსიტუციის სხვადასხვა მუხლი განმარტებული. თუმცა ერთია ცოდნა და მეორეა ის, თუ რას ამბობ. მისეული ინტერპრეტაციები კონსტიტუციის კეთილსინდისიერი განმარტების ფარგლებს გასცდა,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ 4 ოქტომბერს წარმოადგინა თავისი შეფასება პრეზიდენტის იმპიჩმენტთან დაკავშირებით. „ამერიკის ხმასთან“ საუბრისას ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნონა ქურდოვანიძემ განაცხადა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციის უფლებამოსილების ფარგლებში მოქმედებდა. უფრო მეტიც, კონსტიტუციასთან შეუსაბამო ქმედებაში ბრალეულია არა პრეზიდენტი, არამედ მმართველი გუნდი, რომელიც კონსტიტუციის 78-ე მუხლისადმი ერთგულების გამო, პრეზიდენტის იმპიჩმენტს ითხოვს.
მმართველი გუნდის წარმომადგენელმა და საკონსტიტუციო სასამართლოში პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხის ერთ-ერთმა მთავარმა ინიციატორმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ „ქართულ ოცნებაში“ პრეზიდენტის იმპიჩმენტის თაობაზე პოლიტიკური გადაწყვეტილება მხოლოდ ახლა იქნა მიღებული (მიუხედავად იმისა, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას აქამდეც არღვევდა), რადგან ახლა პრეზიდენტის მხრიდან საქართველოს კონსტიტუციის დარღვევა სისტემური ხასიათის გახდა. ჩვენ აღარ მივიჩნევთ სალომე ზურაბიშვილს პრეზიდენტობის ღირსად,“- ამბობს ირაკლი კობახიძე.
სამიტი პეტრას ციხესიმაგრეზე
კიდევ ერთი პრეტენზია, სალომე ზურაბიშვილის მიმართ, რაც 4 ოქტომბრის სასამართლო სხდომაზე ირაკლი კობახიძემ გააჟღერა ისაა, რომ „სალომე ზურაბიშვილი ოპოზიციის მხარდაჭერის იმედით არღვევდა კონსტიტუციას“. მისი მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა გამოიხატებოდა იმ ვიზიტების განხორციელებაში, საზღვარგარეთ, რაც, კობახიძის თქმით, მას არ უნდა განეხორციელებინა.
სალომე ზურაბიშვილმა უკანასკნელი თვეების განმავლობაში რამდენიმე ვიზიტი განახორციელა საზღვარგარეთ და უმაღლესი თანამდებობის პირებს შეხვდა. ამის თაობაზე მას საქართველოს მთავრობისგან თანხმობა არ ჰქონია. მან განმარტა, რომ ეს იყო კერძო ვიზიტები, რაც საკუთარი ხარჯით დააფინანსა.
„ამერიკის ხმასთან“ კონსტიტუციის სპეციალისტი, ვახტანგ ხმალაძე ამბობს, რომ „ოცნებამ“ პრეზიდენტთან მიმართებით, ხმამაღალი პრეტენზიები ივნისში დააფიქსირა, მას შემდეგ რაც ზურაბიშვილი უცხოელ კოლეგებს შეხვდა. თუმცა მანამდე პრეზიდენტს ხმამაღალი სიტყვა უკვე ჰქონდა ნათქვამი. „ყველაფერი დაიწყო 26 მაისს, დამოუკიდებლლობის დღეს, როდესაც პრეზიდენტი გამოვიდა მმართველი გუნდის მკვეთრი კრიტიკით. ამის შემდეგ დაიწყო საუბარი იმაზე, რომ პრეზიდენტი არღვევს კონსტიტუციას,“- გვეუბნება ვახტანგ ხმალაძე.
კონსტიტუციონალისტის განმარტებით, „ოცნება“, იმპიჩმენტის საკითხის დაყენებისას, ერთადერთ ნორმას ეყრდნობა. ესაა კონსტიტუციის 52-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტი, რომელიც ამბობს, რომ “საქართველოს პრეზიდენტი, მთავრობის თანხმობით ახორციელებს წარმომადგენლობით უფლებამოსილებებს საგარეო ურთიერთობებში, აწარმოებს მოლაპარაკებებს სხვა სახელმწიფოებთან და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, დებს საერთაშორისო ხელშეკრულებებს, იღებს სხვა სახელმწიფოებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების ელჩების და სხვა დიპლომატიური წარმომადგენლების აკრედიტაციას; მთავრობის წარდგინებით ნიშნავს და ათავისუფლებს საქართველოს ელჩებს და დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელებს.”
საქართველოსა და უკრაინის პრეზიდენტები. პეტრას ციხესიმაგრე
ვახტანგ ხმალაძე გვეუბნება, რომ მმართველი გუნდი ამ ნორმის არასწორ ინტერპრეტაციას აკეთებს და განმარტავს იმგვარად, რომ პრეზიდენტისთვის აკრძალულია ნებისმიერი სახის კონტაქტი ნებისმიერ ოფიციალურ პირთან. მაგალითად, მას რომ დაურეკოს უცხო ქვეყნის პრეზიდენტმა, ტელეფონს არც კი უნდა უპასუხოს. უნდა უთხრას, რომ ჯერ მთავრობას დაეკითხება. თუ იმყოფება საზღვარგარეთ, შეხვედრაზე და საქართველოს მთავრობასთან შეთანხმების საფუძველზე, უფლებამოსილია, გაესაუბროს მხოლოდ სამი ქვეყნის პრეზიდენტს, ხოლო ამ მომენტში მიუახლოვდა მეოთხე ქვეყნის პრეზიდენტი და საუბარი გაუბა, ის უარით უნდა გაისტუმროს”. ვახტანგ ხმალაძეს ეს მაგალითები იმის საილუსტრაციოდ მოჰყავს, რამდენად აბსურდულ მდგომარეობამდე შეიძლება მივიდეს კანონის ამა თუ იმ ნორმის ბრუტალური განმარტება.
“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” ხელმძღვანელი „ამერიკის ხმასთან“ ამბობს, რომ პრეზიდენტი რჩებოდა კონსტიტუციის 78 მუხლის ერთგული, რომელიც, თავის მხრივ, ამბობს, რომ “კონსტიტუციურმა ორგანოებმა თავიანთი უფლებამოსილების ფარგლებში მიიღონ ყველა ზომა ევროპის კავშირსა და ჩრდილოატლანტიკური ხელშეკრულების ორგანიზაციაში საქართველოს სრული ინტეგრაციის უზრუნველსაყოფად”.
სალომე ზურაბიშვილი ევროპარლამენტარებს, თითქმის 40 წუთის მანძილზე მიმართავდა
„ჩვენი შეფასებით, მთავრობა არღვევს ამ ნორმას, როდესაც პრეზიდენტს არ აძლევს უფლებას განახორციელოს ვიზიტები საქართველოს ევროინტეგრაციის სასარგებლოდ. გარდა ამისა, ჩვენ ყურადღებას ვამახვილებთ იმპიჩმენტის მეორე კომპონენტზე, მის პოლიტიკურ ნაწილზე, რაც იმპიჩმენტის პროცედურას უნდა მოჰყვეს პარლამენტში. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილება პოლიტიკურ დონეზე უნდა მიიღონ დეპუტატებმა პარლამენტში. ვიცით ის, რომ „ქართულ ოცნებას“, ამ ეტაპზე, პარლამენტში არ აქვს საკმარისი ხმები ამ გადაწყვეტილების მისაღებად, თუმცა აქ სხვა მომენტია მთავარი. კერძოდ ის, თუ რამდენად მიზანშეწონილია, ზოგადად ამ საფუძვლით, იმპიჩმენტის გამოცხადება. ამაზე პასუხი ცალსახაა – ამ საფუძვლით პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება არ არის კონსტიტუციის მიზნებთან შესაბამისი,”- გვეუბნება ნონა ქურდოვანიძე.
მისი თქმით, პრეზიდენტისთვის იმპიჩმენტის გამოცხადება აზიანებს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესს.
ვახტანგ ხმალაძე რამდენიმე მოსაზრებას გაგვაცნობს მოტივების თაობაზე, რაც „ქართული ოცნებას“, შესაძლოა, ჰქონდეს, იმპიჩმენტის პროცედურის დაწყებისთვის. ერთ-ერთი, მათ შორის გახლავთ პრეზიდენტის სანდო კანდიდატის არსებობა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დადგომამდე. ამ სცენარის მიხედვით, თუ პარლამენტში ოცნებამ 100 ხმა მოაგროვა და პრეზიდენტის იმპიჩმენტი შედგა, სავალდებულოა რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნების დანიშვნა. ასეთ შემთხვევაში, პრეზიდენტის ინსტიტუტი, გარანტირებულად ოცნების კალათაში მოექცევა, მომავალი საპარლამენტო არჩევნების წინ.
ეს პირველი შემთხვევაა საქართველოში, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლო პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურას განიხილავს. პროცესი არაა მხოლოდ სამართლებრივი, ის პოლიტიკურ მდგენელსაც მოიცავს. თუნდაც, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტი კონსტიტუციის დამრღვევად მიიჩნიოს, საბოლოო სიტყვას მაინც პარლამენტი ამბობს.
საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების მიღებიდან ორ კვირაში პარლამენტმა უნდა უყაროს კენჭი იმპიჩმენტის საკითხს. 100 დეპუტატის ხმა სჭირდება საკითხის მიღებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, იმპიჩმენტის პროცედურა წყდება (მიუხედავად იმისა, მიიჩნევს თუ არა დამრღვევად ზურაბიშვილს საკონსტიტუციო სასამართლო).
პრეზიდენტს სასამართლო პროცესზე ორი ქალი წარმოადგენს – თამარ ჩუგოშვილი, ყოფილი დეპუტატი „ქართული ოცნებიდან“ და მაია კოპალეიშვილი – ის ყოფილი მოსამართლეა საკონსტიტუციო სასამართლოში. მოწინააღმდეგე მხარეს, „ქართულ ოცნებიდან“ ხუთი მამაკაცია – ირაკლი კობახიძე, ანრი ოხანაშვილი, გიორგი კახიანი, მიხეილ სარჯველაძე და თენგიზ შარმანაშვილი.
საკონსტიტუციო სასამართლოს 9 წევრიდან, პრეზიდენტის იმპიჩმენტის მხარდამჭერი, სულ მცირე, 6 უნდა იყოს, გადაწყვეტილება „ოცნების“ გამარჯვებად რომ ჩაითვალოს. საკონსტიტუციო სასამართლო, თავის გადაწყვეტილებას, განხილვების შემდგომ, წერილობით წარმოადგენს. ბოლო ვადა ამისთვის 22 ოქტომბერია.
ნინო დალაქიშვილი- “ამერიკის ხმა”