ქვეყნისა და ხალხის მიმართ ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები სასახლეში, თუ სასახლის გარეთ, აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები, – ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლის ეზოში განაცხადა.
„მინდა, პირველ რიგში, ყველას ძალიან დიდი მადლობა გითხრათ აქ მოსვლისთვის დღეს, რადგან დღეს ჩვენ აქ ვდგავართ, იქით არის სიცარიელე, აქ არის საზოგადოება. იქითკენ არიან ჩაკეტილები, ჩვენ ვართ გარეთ, რადგან ჩვენ არაფრის არ გვეშინია, არც გისოსების, აგერ არის ეს გისოსები და არ გვეშინია. მინდა, თქვენ გითხრათ და ჩაგაბაროთ ანგარიში. ექვსი წლის წინ მე დავდე ფიცი კონსტიტუციაზე, მაგრამ კიდევ უფრო ქვეყნის მიმართ ერთგულებაზე და თქვენს მიმართ ერთგულებაზე. ამიტომ ვარ მე დღეს აქ და ეს ერთგულება არაფრით არ შეიცვლება, ვიქნები მე სასახლეში, თუ სასახლის გარეთ. აქედან გამოვალ, თქვენთან გამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები.
ეს შენობა არავისი არ არის, ეს შენობა იყო სიმბოლო, ვიდრე აქ იჯდა პრეზიდენტი, რომელიც იყო ლეგიტიმური. მე ჩემთან ერთად მიმაქვს ლეგიტიმურობა. ჩემთან ერთად მიმაქვს დროშა. ჩემთან ერთად მიმაქვს ის, რაც არის თქვენი ნდობა. ეს სასახლე უნდა დავუბრუნოთ ორბელიანებს. მათი არის, მათ წაართვეს და მათი იქნება მუდმივად. მინდა, რომ ახლა, თქვენთან ერთად დავფიქრდეთ იმაზე, თუ რას ნიშნავს ლეგიტიმურობა. ლეგიტიმურობა მოდის მხოლოდ ერთი წყაროდან და ეს წყარო ხართ თქვენ. იქ, სადაც ხალხის ნდობა არ არის, ლეგიტიმურობაც ვერ იქნება. ამიტომ, გამოვალ თქვენთან და თქვენთან ერთად ვიქნები“,- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
ზურაბიშვილის თქმით, „პაროდიაა ის, რაც ამ წუთებში პარლამენტში ხდება“.
„დღემდე, აი, ამ წუთამდე დრო იყო მიცემული. ეს არ იყო ულტიმატუმი, მაგრამ დრო იყო მიცემული იმისთვის, რომ მოსულიყვნენ აქ ან „ოცნების“ წარმომადგენლები, ან თავად ბიძინა ივანიშვილი იმისთვის, რომ მოგვეძებნა ამ ღრმა კრიზისიდან პოლიტიკური გამოსავალი, ანუ შეთანხმება ახალ, თავისუფალ, ნამდვილ არჩევნებზე. ეს იყო ჩემი მოწოდება. ეს იყო ჩემი შეთავაზება, რადგან ყოველთვის არსებობს გამოსავალი, როცა ქვეყანაზე ფიქრობ და როცა ქვეყანა გინდა. აქ არავინ მოსულა, თქვენც ხედავთ, არავინ მოსულა და პასუხი ამ შეთავაზებაზე რა იყო – პასუხი იყო მუქარა ჩემს მიმართ, რაც უშედეგო არის. პასუხი იყო ცინიზმი თქვენს მიმართ, ამასაც არასოდეს არანაირი შედეგი არ ექნება. პასუხი იყო რეპრესიები, ძალადობა. პასუხი იყო რეალურად ომი საკუთარი ხალხის წინააღმდეგ, საკუთარი ხალხის ნების წინააღმდეგ და პასუხი არის დღეს ის პაროდია, რომელიც ახლა, ამ წუთებში პარლამენტში ხდება. ეს არის ნამდვილი პაროდია და ამ სახელმწიფოს არ ეკადრება ასეთი პაროდიები. იმიტომ, რომ იქ არის პაროდია, ამიტომ არის ეს განსხვავებული ორი სურათი. იქ არიან ჩაკეტილი, შეშინებული, გაყიდული, არალეგიტიმური, არაღიარებული არავისგან, სანქცირებული და დაბოღმილები. ჩვენ ვართ ღია, თავისუფალი, ლაღი, ძალიან მშვიდი და ჩვენთან არის სიმართლე. ჩვენთან არის სიყვარული, ჩვენთან არის ქვეყნის სიყვარული და ჩვენთან არის, რაც შეიძლება კიდევ უფრო მნიშვნელოვანი იყოს – ერთმანეთის სიყვარული და ამიტომ არის, რომ ჩვენ გავიმარჯვებთ“,- აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა.