“მე არავის ვებრძვი, ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ, დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“ — ამის შესახებ საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, ხელისუფლების „პანიკურმა რეაქციამ და აბსოლუტურად არაადეკვატურმა ქცევამ სისტემის სრული ლუსტრაცია მოახდინა“.
„საზოგადოებამ იხილა ხელისუფლების მორიგი სასაცილო და, ამავდროულად, სრულიად ამაზრზენი და ტრაგიკული მასკარადი. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლებას დროული და გამჭვირვალე განმარტებები გაეკეთებინა კონკრეტულ ფაქტებსა და დასმულ კითხვებთან დაკავშირებით, ვიხილეთ არასერიოზული გამოკითხვების სერია, რომლის ერთ-ერთი მთავარი მიზანი იყო ჩემი დაკავშირება „ნაციონალურ მოძრაობასთან“ და პროცესის იმგვარად წარმოჩენა, თითქოს ეს ყველაფერი წინასწარ დაგეგმილი და რადიკალურ ოპოზიციასთან კოორდინირებული მუშაობის შედეგი იყო“, — წერს ღარიბაშვილი.
მისივე თქმით, ბოლო დღეებში მის მიმართ სხვადასხვა ბრალდებები და შეფასებები გავრცელდა.
„ამ დღეებში გავარკვიე, რომ თურმე „დიფ-სტეიტის“ აგენტი ვყოფილვარ და, ამავდროულად, საფრანგეთის აგენტი. „გამიმართლა“, რომ სხვა უცხო ენები არ ვიცი, თორემ, ალბათ, სხვა ქვეყნების „აგენტადაც“ გამომაცხადებდნენ“, — წერს ყოფილი პრემიერი.
ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მისი „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირების მცდელობა უსაფუძვლოა.
„ტყუილად ნუ წვალობთ. როგორც წყალი და ზეთი არ შეერევა ერთმანეთს, ისევე შეუძლებელია ჩემი და „ნაციონალური მოძრაობის“ ერთმანეთთან დაკავშირება“, — აღნიშნავს ის.
მისივე თქმით, ლაზარე ჯორბენაძის საქმეზე გამოძიება თითქმის ხუთი თვეა მიმდინარეობს, თუმცა, მისი განცხადებით, ადამიანები და ჟურნალისტები, რომლებიც ამ პერიოდის განმავლობაში საჯაროდ სვამდნენ კითხვებს, არ დაუკითხავთ.
„სამაგიეროდ, ჩემი წერილის გამოქვეყნებისთანავე დაუყოვნებლივ დაიწყეს ყველა იმ ადამიანის დაკითხვა, ვინც საჯაროდ გამოეხმაურა ჩემს წერილს“, — წერს ღარიბაშვილი.
ყოფილი პრემიერ-მინისტრი ხელისუფლებას მოუწოდებს, მის წინააღმდეგ „პოლიტიკურ თამაშებს“ თავი დაანებოს.
„ხალხმა იცის, ვინ არის ირაკლი ღარიბაშვილი, და ჩვენი საზოგადოება ჩემს სიტყვასა და თქვენს სიტყვას ძალიან კარგად განასხვავებს. ხალხმა ისიც კარგად იცის, რომ მე არც დასავლეთს, არც აღმოსავლეთს, არც ჩრდილოეთს და არც სამხრეთს არ ვემსახურები. მე საქართველოს ვემსახურები!“ — წერს ის.
ღარიბაშვილი ასევე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს და აცხადებს:
„შალვა, ეს არ არის სამართლებრივი პროცესი — ეს არის დაუნდობელი პოლიტიკური დევნა!“
„აქვე, კიდევ ერთხელ შეგახსენებთ ყველას: მე არავის ვებრძვი — ზურგში დანა თქვენ ჩამარტყით, ახლა კი მე იძულებული ვარ დავიცვა ჩემი თავი და ჩემი ოჯახი ამ უსამართლობისა და სისასტიკისგან“, — წერს ირაკლი ღარიბაშვილი.

