
ადამიანებს ერთი საოცარი, სრულიად აუხსნელი ნიჭი გვაქვს – ვიცხოვროთ ხვალინდელი დღით, მაშინ როცა ჩვენი ფუმფულა ოთხფეხა მეგობრები ამ წამს, ზუსტად ამ წუთს იღებენ ცხოვრებისგან მაქსიმუმს.

ჩემს სამუშაო მაგიდასთან ყოველ დილით ერთი და იგივე ტრაგიკომედია თამაშდება: მე ვგეგმავ, რომ დღეს აუცილებლად დავისვენებ, ცხელ ყავას დავლევ, ცოტა გავისეირნებ და საღამოს ადრე დავიძინებ. ფანჯრის რაფაზე მოკალათებული ჩემი პრინცესა მია კი ისეთი მზერით მიყურებს, თითქოს მეუბნება: მეათე წელია, მაგ ზღაპარს მიყვები და იქნებ ერთხელ მაინც შეასრულოო…

ჩვენი, ადამიანების მთავარი შეცდომა ის არის, რომ საკუთარ თავს მსოფლიო მნიშვნელობის დისპეტჩერებად წარმოვიდგენთ. გვგონია, თუ ღამის სამ საათზე რომელიმე სასამართლოს განაჩენს ან ევროპარლამენტის რეზოლუციას და მსგავს რამეებს სასწრაფოდ არ გამოვაქვეყნებთ, დედამიწა ბრუნვას შეწყვეტს…

ამ დროს ყავა ჭიქაში უკვე მეოთხედ ცივდება, პურის ყიდვა ისევ მავიწყდება, სამაგიეროდ, მიას სტრატეგიული კვების მარაგი ორი თვით წინასწარ მაქვს შევსებული. პრიორიტეტები, როგორც ხედავთ, სხვადასხვანაირად გვესმის.

დააკვირდით ჩემს მიას. მას არასოდეს გადაუდია ძილი ორშაბათისთვის. არასოდეს ამბობს: ჯერ ამას გავაკეთებ, ამ ნიუსს “ჩავასწორებ” და მზის სხივს მერე მივეფიცხებიო. თუ მზე გამოვიდა, წვება რაფაზე და სრულიად უდარდელად აკონტროლებს ეზოს…

თუ წვიმს, ან ცივა ჩემს ან საკუთარ პლედში ეხვევა და სამყაროსგან დასვენებას იწყებს. თუ თეფშზე ორი მარცვალი დააკლდა, კნავილით საერთაშორისო მასშტაბის პროტესტს აწყობს, რათა მთავარი პრიორიტეტები დროულად შემახსენოს.
მე კი ვზივარ ეკრანთან, ვწერ ნიუსს, ვასწორებ სასვენ ნიშნებს, “ვებრძვი” ქვეყნისა და მსოფლიოს პრობლემებს და ზოგჯერ საკუთარი თავდადებითაც “ვამაყობ”. ..
სინამდვილეში კი, ალბათ, ყველაზე მეტად ლეპტოპის დახურვა მაშინებს, რადგან სიჩუმეში საკუთარ თავთან დარჩენა ბევრად უფრო რთულია, ვიდრე ათი ათასი სიტყვის რედაქტირება.
იქნებ სწორედ აქ არის მთელი ამბის არსიც? ჩვენ იმდენად მივეჩვიეთ მუდმივ სირბილს, რომ დასვენებაც კი სამომავლო გეგმების სიაში შეგვაქვს.
ველოდებით თავისუფალ დღეს, შესაფერის დროს, დასრულებულ საქმეებს… და ეს შესაფერისი დროც რატომღაც არასოდეს დგება…
ალბათ დროა, მეც ავიღო ერთი პატარა მასტერკლასი საკუთარი კატისგან: გამოვრთო ეკრანი ისე, რომ სინდისმა კიდევ ერთი ნიუსის გამო არ შემაწუხოს, დავისხა ცხელი ყავა, მივეფიცხო მზეს და ისე უდარდელად გავიზმორო, თითქოს ხვალ ორშაბათი საერთოდ არ არსებობს.

მია ამას უკვე ათი წელია მასწავლის. უბრალოდ, მე ჯერ კიდევ ცუდი მოსწავლე ვარ.
P.S.

კატებს დროის მენეჯმენტის კურსები არ სჭირდებათ. მათ უბრალოდ იციან, რომ ცხოვრება მხოლოდ საქმეებისგან არ შედგება.
