“ოქროს ბურთის” 30 ნომინანტი:
“ფრანს ფუტბოლმა” 2026 წლის “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტი დაასახელა. პრესტიჟულ სიაში საქართველოს ნაკრების კაპიტანი და “პარი სენ-ჟერმენის” ლიდერი ხვიჩა კვარაცხელია მოხვდა.
ქართველი ფეხბურთელისთვის ეს “ოქროს ბურთის” ნომინანტთა შორის მოხვედრის მესამე შემთხვევაა.
კვარაცხელიამ გასული სეზონი განსაკუთრებულად წარმატებით ჩაატარა. მან “პარი სენ-ჟერმენთან” ერთად საფრანგეთის ჩემპიონატი, საფრანგეთის სუპერთასი და ჩემპიონთა ლიგა მოიგო. პარიზულმა კლუბმა ჩემპიონთა ლიგის ტიტული ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ხვიჩას პირადი მიღწევა — UEFA-მ ის 2025/26 წლების ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელა. ქართველმა ტურნირზე 10 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.
“ოქროს ბურთის” ნომინანტთა შორის კვარაცხელია პირველად 2023 წელს მოხვდა და საბოლოო რეიტინგში მე-17 ადგილი დაიკავა. 2025 წელს კი ქართველმა ფეხბურთელმა მე-12 პოზიცია დაიკავა.
2026 წლის “ოქროს ბურთის” 30 ნომინანტს შორის არიან ლიონელ მესი, კილიან მბაპე, უსმან დემბელე, ლამინ იამალი, ჯუდ ბელინგემი, ჰარი კეინი, ვინისიუს ჟუნიორი, როდრი და სხვა მსოფლიო ფეხბურთის ვარსკვლავები. სრული სია ასეთია:
“ოქროს ბურთის” 30 ნომინანტი:
ხვიჩა კვარაცხელია, პაუ კუბარსი, ჯუდ ბელინგემი, მარკ კუკურელია, უსმან დემბელე, ბრუნო ფერნანდეში, ლუის დიასი, ერლინგ ჰოლანდი, გაბრიელ მაგალიაეში, აშრაფ ჰაკიმი, ჰარი კეინი, ლამინ იამალი, სადიო მანე, მარკინიოსი, ლაუტარო მარტინესი, კილიან მბაპე, ნუნუ მენდეში, ლიონელ მესი, მაიკლ ოლისე, ჟოაო ნევეში, უილიამ პაჩო, ხულიან კინიონესი, დეკლან რაისი, როდრი, დაიოტ უპამეკანო, ფერან ტორესი, ფაბიან რუისი, უილიამ სალიბა, ვიტინია და ვინისიუს ჟუნიორი.
“ოქროს ბურთის” 70-ე დაჯილდოების ცერემონია 26 ოქტომბერს ლონდონში გაიმართება. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც პრესტიჟული ჯილდოს ცერემონია ლონდონში ჩატარდება.
