შეერთებულ შტატებში ადამიანს ტვინში პირველად ჩაუნერგეს კომპანია Neuralink-ის ნეიროჩიპი, რომელიც საშუალებას აძლევს მას თავისი აზრებით მართოს სმარტფონი და სხვა გაჯეტები. “პირველმა ადამიანმა გუშინ მიიღო Neuralink -ის იმპლანტი. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კარგად მიმდინარეობს,” – ამის შესახებ კომპანია Neuralink-ის დამფუძნებელი ილონ მასკი სოციალურ ქსელში წერს.
მანამდე მასკმა განაცხადა, რომ პროდუქტის გამოყენებით, სახელწოდებით “ტელეპათია”, შესაძლებელია ტელეფონის, კომპიუტერის ან სხვა მოწყობილობის კონტროლი. მსგავსი ტექნოლოგიის შემუშავებაზე სხვა კომპანიები და მკვლევარებიც მუშაობენ.
Neuralink-ის პროექტის რეალიზაცია 2016 წელს დაიწყო. ნეიროტექნოლოგიურმა კომპანიამ თავისი მოწყობილობა პირველად წარადგინა 2019 წლის ივლისში, მას შეუძლია ტვინის სიგნალების გადაცემა Bluetooth-ის საშუალებით.
მოწყობილობა არის კაფსულა-მიმღები, რომელიც მიმაგრებულია ყურის უკან, სმენის აპარატის მსგავსად და საიდანაც ძაფის მსგავსი ელექტროდები მიდიან ტვინში. საერთო ჯამში, ტვინში 1500-მდე ელექტროდია ჩანერგილი, თითოეული მათგანი ადამიანის თმაზე ოთხჯერ თხელია. ერთი 4×4 მმ-ის სიდიდის პროცესორი ამუშავებს ინფორმაციას 10 ათასი ელექტროდიდან. USB-C-ის კაბელი უზრუნველყოფს მონაცემთა გადაცემის მაქსიმალურ გამტარუნარიანობას.
მაისში Neuralink-მა მიიღო იმპლანტის ადამიანებში ტესტირების ნებართვა. კლინიკური კვლევებისთვის კომპანიამ გადაწყვიტა შეერჩია მხოლოდ პარალიზებული პაციენტები, რომლებსაც არ აქვთ მხედველობა, სმენა ან არ შეუძლიათ ლაპარაკი. ცდები ჩატარდება ექვსი წლის განმავლობაში.
მოხალისეების შერჩევა სექტემბერში დაიწყო. Neuralink -ში განმარტავენ, რომ ამ ეტაპზე შეფასდება ძაფის მსგავსი ჩიპის და ქირურგიული რობოტის უსაფრთხოება. ვარაუდობდნენ, რომ ძაფები განთავსდებოდა ტვინის იმ არეში, რომელიც აკონტროლებს მოძრაობას. ოპერაციის წარმატებით დასრულდების შემთხვევაში, პაციენტს, შესაძლოა, მრავალი თვე დასჭირდეს, ვიდრე თავისი აზრებით კომპიუტერის მართვას ისწავლის.