ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო .
ამის შესახებ გამოცემა The Times–ი წერს.
როგორც სტატიაშია აღნიშნული, იმისათვის, რომ ომში გაიმარჯვოს, უკრაინას ჯარის რაოდენობის გაზრდა სჭირდება, იმიტომ რომ ომში შეიარაღებული ადამიანები იმარჯვებენ.
„მიმდინარე კვირაში, ომის დაწყების მეორე წლისთავზე უკრაინა იმაზე უფრო სახიფათო მდგომარეობაშია, ვიდრე ერთი წლის წინ იყო. რამდენიმე მძიმე მარცხმა – კერძოდ, ბახმუტმა, კონტრიერიშის ჩავარდნამ და ავდიივკაში რუსული ჯარის შესვლამ ბოლო 12 თვის მიღწევები დაჩრდილა. 2024 წელი კიევისთვის დასავლელი მოკავშირეების სანდოობასთან დაკავშირებით შექმნილი გაურკვევლობით დაიწყო. აშშ-ს ჯერაც არ დაუმტკიცებია უკრაინის დახმარების პაკეტი, ზელენსკიმ მოულოდნელად შეცვალა მთავარსარდალი, რუსეთი კი ფრონტის მთელ ხაზზე შეტევაზე გადადის“, – წერს გამოცემა.
The Times-ის მტკიცებით, ბრძოლის ველზე სიტუაცია რუსეთის სასარგებლოდ შეიცვალა.
„თუ უკრაინას ჰქონდა ასიმეტრიული წარმატებები კონფლიქტის სხვა მიმართულებებით, კერძოდ, შავ ზღვაზე რუსული გემების წინააღმდეგ დრონების გამოყენების მხრივ, პირველ რიგში, ომი მიდის ტერიტორიის გარშემო და მასში იმარჯვებენ ან მარცხდებიან შეიარაღებული ადამიანები. თუ ცოცხალ ძალასთან დაკავშირებული პრობლემები მალე არ მოგვარდა, ჯარისკაცების დეფიციტი ზღვაზე უკრაინის მიერ მიღწეულ წარმატებას ფასს დაუკარგავს. რუსეთმა აღადგინა თავისი სამხედრო პოტენციალი.
რუსული სამხედრო სამრეწველო კომპლექსი უსწრებს უკრაინის დასავლელ მოკავშირეებს შეიარაღებისა და ჭურვების მიწოდების მხრივ. მეტიც, ბოლო წელიწადში რუსეთმა ფრონტზე 300 000-ზე მეტი „მოხალისე“ გაგზავნა, უკრაინა კი ცდილობს, ფრონტზე მობილიზებული ადამიანები გაგზავნოს“, – აღნიშნულია სტატიაში.