პარლამენტმა სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის თანამდებობიდან ვერ გადააყენა – სახელმწიფოს მეთაურის იმპიჩმენტის საკითხი კენჭისყრაზე ჩავარდა.
კენჭისყრის შედეგად, პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების მომხრე 86 დეპუტატი იყო, წინააღმდეგი – 1.
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა. კენჭისყრისას, პარლამენტის პლენარულ სხდომათა დარბაზში, “ქართული ოცნების” უმრავლესობის წევრების გარდა, “ევროპელი სოციალისტები”, “გირჩის” წევრები და დეპუტატი ალეკო ელისაშვილი იმყოფებოდნენ. სხდომათა დარბაზში იმყოფებოდა თავად პრეზიდენტი ზურაბიშვილი.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა – 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.
პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხზე მომხსენებელი საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი ირაკლი კობახიძე იყო, რომელმაც ის არგუმენტები წარმოადგინა, რაც მმართველი პარტიის მხრიდან პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურის დაწყების საფუძველი გახდა. მმართველი პარტიის ლიდერი ასევე გამოეხმაურა საკონსტიტუციო სასამართლოს სამი მოსამართლის მიერ გამოქვეყნებულ განსხვავებულ აზრს. მომხსენებლის სიტყვით გამოსვლის შემდეგ, პროცესი კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა. ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის წარმომადგენელთა კითხვებს უპასუხა.
“ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე, უხეში, მრავალჯერადი. ეს არის კონსტიტუციის ღალატი, ეს არის ამ კონსტიტუციაზე დადებული ფიცის ღალატი, რაც არ შეიძლება დარჩენილიყო რეაგირების გარეშე”, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ საქართველოს პრეზიდენტის იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხის განხილვისას.
მისი თქმით, პრეზიდენტის იმპიჩმენტის პროცედურა დემოკრატიული პროცესის შემადგენელი ნაწილია, თუმცა რადიკალურ ოპოზიციას დემოკრატიის ეს ასპექტიც აღიზიანებს.
„რაც შეეხება ჩვენს პასუხისმგებლობას – ჩვენ დღეს ვმოქმედებთ იმ პასუხისმგებლობით, რომელიც გვაკისრია საქართველოს კონსტიტუციის, ქვეყნის ძირითადი კანონის წინაშე, ჩვენი პასუხისმგებლობა იყო და არის არ დავტოვოთ კონსტიტუციის არც ერთი უხეში დარღვევა რეაგირების გარეშე და იმპიჩმენტის პროცედურა არის სწორედ ამ პასუხისმგებლობის გამოხატულება“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, ქართული საზოგადოება სამი დღის განმავლობაში საკონსტიტუციო სასამართლოში არგუმენტებს ისმენდა თუ რატომ დაირღვა უხეშად პრეზიდენტის მიერ საქართველოს კონსტიტუცია.
„ეს აღარ არის ჩვენი საქმე. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს საქმეა ფაქტის დადგენა, რაც შეეხება პარლამენტს, ის იღებს პოლიტიკურ გადაწყვეტილებას დადგენილი სამართლებრივი ფაქტის მიხედვით. ეს იყო უმარტივესი სამართლებრივი კაზუსი და მინდა, შეგახსენოთ, რა იყო ამ კაზუსის ფაბულა და მოცემულობა. საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლი პრეზიდენტისგან ითხოვს მთავრობის თანხმობის მიღებას, როდესაც მას სურს ვიზიტის განხორციელება. ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილი სრულად იყო ინფორმირებული და ის რეგულარულად ითხოვდა თანხმობას. ამ შემთხვევაში, როდესაც მიდიოდა გერმანიაში, ითხოვა თანხმობა, თუმცა მთავრობამ მას თანხმობა არ მისცა, ამის მიუხედავად, ის მაინც გაემგზავრა როგორც გერმანიაში, ასევე საფრანგეთსა და ბრიუსელში, რითაც დაირღვა კონსტიტუცია“, – განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა.
როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ეს სამი ვიზიტი არ დაფინანსდა სახელმწიფო ბიუჯეტიდან და თუ ეს ვიზიტები იყო კონსტიტუციური და ლეგიტიმური, მაშინ პრეზიდენტმა რატომ არ გასწია სახელმწიფო ბიუჯეტიდან ხარჯები?
„მას ეგულებოდა „ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში და ჰქონდა მათი მხარდაჭერის იმედი. შესაბამისად, მას ჰქონდა გარანტიები, თუმცა მას არ ეგულებოდა „ნაცმოძრაობა“ საქართველოს პროკურატურაში. ბიუჯეტიდან ხარჯების გაწევით, ის ჩაიდენდა სისხლის სამართლის დანაშაულს. მინდა, შეგახსენოთ ლიტვაში გაკეთებული განცხადება, რომ ის არ იყო ფორმალურად უფლებამოსილი, განეხორციელებინა სამუშაო ვიზიტი. საკონსტიტუციო სასამართლოში განხილვებამდე, მან ორ ენაზე მიმართა ბელგიის მეფეს და აღნიშნა, რომ ბელგიაში ვერ წავიდა მთავრობის თანხმობის არარსებობის გამო. არის სამი მარტივი მტკიცებულება, რომ პრეზიდენტს ბოლო დღეებამდე გააზრებული ჰქონდა მისი სამუშაო ვიზიტების არაკონსტიტუციური ბუნება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე შეფასებით, პრეზიდენტის მხრიდან კონსტიტუციის დარღვევა იყო არა მსუბუქი, არამედ უმძიმესი დარღვევა, გამომდინარე იქიდან, რომ ის პირდაპირ დაუპირისპირდა კონსტიტუციურ წესრიგს.
„უფრო მეტიც, სალომე ზურაბიშვილმა სცადა ქვეყანაში დე ფაქტო კონსტიტუციური წესრიგის შეცვლა და სცადა პირდაპირ, უხეშად შეჭრილიყო საქართველოს მთავრობის ექსკლუზიურ კომპეტენციაში, განახორციელოს როგორც საშინაო, ისე საგარეო პოლიტიკა. ეს არის კონსტიტუციური წესრიგის უხეში დარღვევა, რომელსაც სერიოზული სიმძიმე აქვს. აქედან გამომდინარე, ერთმნიშვნელოვნად ეს არის თანამდებობიდან გადაყენების ღირსი დარღვევა. რაც შეეხება პოლიტიკურ მხარეს, ამ მცდელობით საქართველოს პრეზიდენტი დაუპირისპირდა საქართველოს ევროინტეგრაციის ინტერესს. მინდა, შეგახსენოთ, რომ როგორც ზოგადად საგარეო პოლიტიკის განხორციელებაზე, ასევე ევროინტეგრაციაზეც, საქართველოში ექსკლუზიურად არის პასუხისმგებელი საქართველოს მთავრობა და სწორედ მისი პრეროგატივაა პრეზიდენტს მიანდოს ან არ მიანდოს შესაბამისი ქმედებების განხორციელება. მთავრობა ვერ ენდობოდა პრეზიდენტს შესაბამისი ვიზიტების განხორციელებისას. ჩვენ მიგვაჩნია, რომ კონსტიტუციის დარღვევა არის მძიმე, უხეში, მრავალჯერადი. გარდა ამისა, პრეზიდენტმა დააანონსა, რომ განაგრძობდა სისტემატურად საქართველოს კონსტიტუციის უხეშად დარღვევას, ეს არის კონსტიტუციის ღალატი, ამ კონსტიტუციაზე დადებული ფიცის ღალატი, რაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, დარჩენილიყო რეაგირების გარეშე“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტში თანამომხსენებლის სტატუსით გამოვიდა საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. მან იმპიჩმენტის პროცესი და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება შეაფასა.
„ეს დღეც დადგა. საქართველო ამასაც მოესწრო. პირველად საქართველოს ისტორიაში პრეზიდენტის იმპიჩმენტი იმართება და ამით თქვენ თავს იწონებთ. ამ დროს კი, 16 ოქტომბრის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება ისტორიაში შევა, არა როგორც კანონის უზენაესობის გამარჯვება, არამედ როგორც ერთპარტიული უზენაესობის გამყარება სასამართლო სისტემაზე.
მე აქ არც არაფრის დამტკიცებას არ ვაპირებ და არც ვინმეს დარწმუნებას იმაში, რაც ისედაც ცხადზე ცხადია – კონსტიტუციის არც არსი და არც სულისკვეთება არ დამირღვევია. ბრალდებების გასამყარებლად თქვენ უნდა წარმოგედგინათ მტკიცებულებები და ვერც ერთი ვერ წარმოადგინეთ! საქართველოს საზოგადოებამ კარგად იცის, თუ ვინ რას ცდილობს. მე რას ვცდილობდი და რა შევძელი, სწორედ იმ ვიწრო უფლებების ჩარჩოში, რათა ჩვენი ქვეყნის მიმართ პატივისცემა, ნდობა და თანამშრომლობა ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან სხვა საფეხურზე ამეყვანა. მე კი ამ პროცესით ვერაფერს დამაკლებთ, დღეს ჩემი ბედი კი არა, თქვენი ბედი წყდება. თქვენ მე კი არ მიწყობთ იმპიჩმენტს, არამედ თქვენ თავს, ქვეყანას, მის ევროპულ მომავალს! და თქვენი ყოველი ხმა, არის ხმა მიცემული ჩვენი მომავლის წინააღმდეგ. არასოდეს არ დაგავიწყდეთ, რომ დღეს თქვენ – პიროვნულად და კოლექტიურად იღებთ ამ პასუხისმგებლობას“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.
მისივე თქმით, მას დღეს მხოლოდ ერთი გეგმა აქვს და ეს გეგმა საქართველოსთვის წლის ბოლოს კანდიდატის სტატუსის მოპოვებაა.
„სწორედ ამ ტრიბუნიდან და ამ მძიმე დროს, მივმართავ ჩვენს ევროპელ პარტნიორებს და მოვუწოდებ, რომ ამ ანტიევროპული იმპიჩმენტის მიუხედავად საქართველო არ მიატოვონ, რამეთუ რუსეთს არ უნდა მიეცეს საშუალება ამ რეგიონში თავისი გავლენა გააძლიეროს, რბილი ძალის, ირიბი ოკუპაციის გამოყენებით თუ შავი ზღვის დესტაბილიზაციით მაშინ, როდესაც უკრაინაში მარცხდება და ეძებს გზებს სახის გადასარჩენად. მივმართავ ჩვენს პარტნიორებს, როგორც ამ ქვეყნის პრეზიდენტი, რამეთუ წარმოვადგენ ამ ხალხს და მის ისტორიულ არჩევანს და მაქვს სრული ლეგიტიმაცია და უფლებამოსილება, ამ ხალხთან ერთად და მისი სახელით ვითხოვო ამ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. მჯერა, რომ სტატუსზე გადაწყვეტილების მიღებისას ჩვენი პარტნიორები მხედველობაში მიიღებენ ერთი მხრივ, ქართველი ხალხის მრავალჯერ დადასტურებულ მისწრაფებას და მეორე მხრივ, საქართველოსა და ევროპის საერთო გეოპოლიტიკურ გამოწვევებს“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლის შემდეგ სიტყვით გამოვიდნენ პოლიტიკური ჯგუფების და ფრაქციების წარმომადგენლები, რის შემდეგაც საკითხზე კენჭისყრა გაიმართა.
იმპიჩმენტის წესით თანამდებობიდან გადაყენების საკითხზე კენჭისყრა ფარული წესით ჩატარდა.
პარლამენტის რეგლამენტის გათვალისწინებით, თუ იმპიჩმენტს პარლამენტის წევრთა შესაბამისი რაოდენობა – 100 დეპუტატი არ დაუჭერს მხარს, საკითხი მოხსნილად ითვლება და თანამდებობის პირისთვის იმავე ბრალდების წარდგენა დაუშვებელია.