საქართველოს საპატრიარქოში გამართულ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის სამი კანდიდატი შეირჩა.
საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)
რუის-ურბნისის მიტროპოლიტი, მეუფე იობი (აქიაშვილი)
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი, მეუფე გრიგოლი (ბერბიჭაშვილი)
საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, ანდრია ჯაღმაიძე ინფორმაციით, კათოლიკოს-პატრიარქის ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიო მუჯირი-მ 20 ხმა მიიღო.
მისივე განცხადებით, მროველ-ურბნელმა მიტროპოლიტმა მეუფე იობი აქიაშვილი-მ და ფოთისა და ხობის მიტროპოლიტმა მეუფე გრიგოლი ბერბიჭაშვილი-მ შვიდ-შვიდი ხმა მიიღეს.
ჯაღმაიძის თქმით, სინოდის სხდომაზე მთავარი, პრინციპული საკითხი, რაც ამ თემებს გადაწყვეტდა, იყო ის, რომ მართვა-გამგეობის დებულებაში არსებული ჩანაწერები შესრულებულიყო ზედმიწევნით.
„დღეს შეირჩა სამი კანდიდატი – მოსაყდრე შიო, მეუფე იობი და მეუფე გრიგოლი. შემდგომში ამ სამ კანდიდატს შორის კენჭისყრა გაიმართება გაფართოებულ კრებაზე, რომელიც განსაზღვრავს მომავალ პატრიარქს“, — განაცხადა მან.
ამ ეტაპზე გაფართოებული კრების თარიღი უცნობია.
3 საპატრიარქო კანდიდატიდან ერთს, სინოდის შემდეგ, გაფართოებულ კრებაზე, 17 მაისამდე აირჩევენ.
ზუსტი თარიღი უცნობია, თუმცა ცნობილია ადგილი – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის 142-ე საჭეთმპყრობელს, სამების საპატრიარქო ტაძარში გამოარჩევენ. ხმის უფლება ექნებათ მხოლოდ მღვდელმთავრებს, კრებას კი 2000-მდე სასულიერო და საერო პირი დაესწრება, რომელიც მხოლოდ საკუთარი აზრის გამოთქმის უფლებით ისარგებლებს.
ახალი პატრიარქის არჩევნებისთვის სინოდმა სამი საარჩევნო კომისია შექმნა – ხმის დამთვლელი, სამანდატო და სარედაქციო კომისიები, რომლებიც საარჩევნო პროცესის გამჭვირვალედ, სამართლიანად და ორგანიზებულად ჩატარებას უზრუნველყოფენ.
პატრიარქი გახდება ის, ვინც პირველივე კენჭისყრაზე სინოდის წევრთა ხმების ნახევარზე მეტს მიიღებს. თუკი მღვდელმთავრების ხმები სხვაგვარად განაწილდა, კენჭისყრა განმეორდება და მონაწილეობას სამიდან ის 2 კანდიდატი მიიღებს, ვინც პირველი კენჭისყრის დროს მეტი მხარდაჭერა მოიპოვა.
გაფართოებულ კრებაზე არჩეული პატრიარქის ინტრონიზაცია სვეტიცხოველში შედგება. 142-ე საჭეთმპყრობელს კუნკულბარტყულს, ჯვარპანაღიას, ისტორიულ საპატრიარქო ოქროს მიტრას და კვერთხს გადასცემენ. ატრიბუტიკას, რომელიც პატრიარქმა ილია მეორემ 49 წელი ატარა.

