პროტესტის მე-13 დღე ბალდაში
“ჩვენ, ბალდის მოსახლეობა, აღარ გავატარებთ კანიონის მიმართულებით მიმავალ კომპანიის მანქანებს მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება”.
ბალდის კანიონის გადასარჩენად შექმნილი მოძრაობის წევრები და ადგილობრივები, რომლებიც უკვე მეოთხე თვეა, ბალდის კანიონში მიმდინარე მშენებლობას, მშვიდობიანი ფორმებით აპროტესტებდნენ, გუშინ ინვესტორს და მის თანამშრომლებს, კანიონზე შესვლის უფლება არ მისცეს. ადგილზე მობილიზებული იყო პოლიცია.
ადგილობრივების ხმაურიანი პროტესტი და ინვესტორისთვის გზის გადაკეტვა გამოიწვია წინა დღეს, მომხდარმა ინციდენტმა. “კანიონ 350”-ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე და მისი თანამშრომლები, ბალდის კანიონის მცველებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ.
ადგილობრივი თაზო რუხაია, რომელიც პროტესტის პირველივე დღიდანაა პროცესებში ჩართული, ის უშუალოდ ახორციელებს -ბალდის კანიონზე მიმდინარე მშენებლობის მონიტორინგს, აფიქსირებს იმ დარღვევებს, რასაც კომპანიის წარმომადგენლები ჩადიან და შემდგომ ატყობინებს გარემოს დაცვის სააგენტოს. ( სხვა საქმეა, როგორ რეაგირებს გარემოს დაცვის სააგენტო ამ დარღვევებზე).
ერთ-ერთი ასეთი შემოვლის დროს თაზო რუხაიას, კერძო კომპანიის 15-მდე წარმომადგენელი, ინვესტორ გიორგი მერკვილაძესთან ერთ თავს დაესხა და ფიზიკურად გაუსწორდა. რამაც სოფლის მოსახლეობის სრული პროტესტი გამოიწვია და ყველანი ერთად დაუპირისპირდა ინვესტორს.
შეკრებილებმა საავტომობილო გზა მხოლოდ ინვესტორისა და მისი თანამშრომლებისთვის ჩაკეტეს, სხვა ყველა ადამიანს გადაადგილება ჩვეულებრივად შეეძლოთ. სამართალდამცავებმა აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება მოსთხოვეს, რასაც ხმაური და დაპირისპირება მოჰყვა.
“მოსახლეობამ მხოლოდ მუშებს და ინვესტორს გადაუკეტა გზა, ხაზს ვუსვამ იმას, რომ მხოლოდ ინვესტორს და მუშებს არ ვუშვებდით დანარჩენმა ყველამ გაიარა. ამის მიზეზი იყო ის ფაქტი, როცა ინვესტორმა და მუშებმა ფიზიკურად იძალადეს ჩვენს თანასოფლელზე. დაიჭრეს ორი ადამიანი და 15-მა კაცმა სცემა”-ბალდის კანიონის ერთ-ერთი მცველი, ცოტნე თვარაძე.
“ამას ვაკეთებთ გუშინდელი ფაქტის გამო, რის შედეგადაც მოსახლეობა თავს დაცულად ვერ გრძნობს და საფრთხის ქვეშ არის, რადგან ინვესტორმა და მისმა თანამშრომლებმა შეიძლება კიდევ ვინმე დაიმარტოხელონ და სცემონ. მანამდეც იყო შეურაცხყოფის შემთხვევის ფაქტი ინვესტორის მხრიდან. ჩვენ მივმართეთ პოლიციას იმ იმედით, რომ ვეღარ გაბედავდა, მაგრამ გუშინ უარესი გააკეთეს, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი უსაფრთხოებისთვის ეს ხალხი არ შემოვუშვათ, სანამ ამაზე რეაგირება არ მოხდება და არ გამოუტანენ განაჩენს.
ჩვენ არანაირი სურვილი არ გვაქვს ვიღაცასთან ფიზიკურ დაპირისპირებაში ჩავერთოთ. პროტესტს გავაგრძელებთ. ხვალ უფრო მეტი გავხდებით და სანამ ეს მშენებლობა არ შეჩერდება, პროტესტი სულ იქნება. აცხადებენ ბალდის კანიონის მცველები.
კანიონ 350 -ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე აცხადებს, რომ ბალდის კანიონზე ხუთი თვე, ისე მუშაობდნენ, რომ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ.
“ჩვენ ხუთი თვე ვმუშაობდით და არანაირი პრობლემა არ ყოფილა ადგილობრივებთან. ხუთი თვის მერე ჩამოვიდნენ დამსვენებლები, ეგენი არც ერთი არ არიან ბალდლები, დასასვენებლად ჩამოდიან ზაფხულში. პირველივე შეხვედრაზე, წილი მოითხოვეს, სახელმწიფოს არ გადაუხადო და ჩვენსკენ გამოიქნიე წილი. რაზეც უარი მოვახსენე. ამის შემდეგ დაიწყო ზეწოლა ჩემს თანამშრომლებზე, ბულინგი, გინება ლანძღვა,პირდაპირ და ონლაინ, პირდაპირ. ადგილობრივი თანამშრომლები მყავდა სადღაც 15-20 კაცი, ყველა დააბულინგეს და არცერთი არ გამოცხადდა სამსახურში”,-აცხადებს კანიონ 350 -ის დირექტორი, გიორგი მერკვილაძე.
ძალადობაში მხილებული ინვესტორი, ყველანაირად ცდილობს ადგილობრივების გუწრფელი პროტესტი და ოდა-ბადეს დაცვა, ფულს დაუკავშიროს, თუმცა მისი არავის სჯერა. ფულიანმა ინვესტორმა არ იცის, რომ ყველაფერი ფულზე არ იყიდება.”
“ინვესტორმა ვეღარ გაიგო რა დაგვაბრალოს.
ხან წილს ითხოვენო. ხან ენჯეოების მითითებებს ასრულებენო. ხან ადგილობრივები არარიანო.
თურმე ბალდელი არაა ადგილობრივი და მერკვილაძეა ბალდის მკვიდრი. ხან გვაბულინგებენო.
ხვალ ალბათ იტყვიან ნარკოტიკებით მოვაჭრეები არიანო.
ზეგ ალბათ იტყვიან სატანისტური სექტის წარმომადგენლები არიანო.” ასე პასუხობს ცოტნე თვარაძე გიორგი მერკვილაძეს.
შეგახსენებთ, ბალდის კანიონის მცველებს, ბალდის კანიონთან მე-13 დღეა კარავი აქვთ გაშლილი. ისინი ადგილობრივებთან ერთად რამდენიმე თვეა კანიონის გადარჩენისთვის იბრძვიან.
“დაცული ტერიტორიების სააგენტომ” 2022 წლის ნოემბერში ბალდის უნიკალური კანიონი და მის მიმდებარედ 24 130 კვმ მიწის ნაკვეთი, რომელსაც საქართველოს კანონმდებლობით ბუნების ძეგლის სტატუსი აქვს მინიჭებული, აუქციონის წესით, 40-წლიანი საკუთრების უფლებითა და გარკვეული ვალდებულებებით კერძო კომპანიას, “კანიონი 350-ს” 40 წლით იჯარით გადასცა.
შპს “კანიონ 350” ერთადერთი, კომპანიაა, რომელიც ამ აუქციონში მონაწილეობდა უფრო მეტიც, საჯარო ამონაწერის მიხედვით, “კანიონ 350” 2022 წლის 8 ნოემბერს, აუქციონის გამოცხადებიდან 3 დღეშია რეგისტრირებული, 15 კი ნოემბერს, აუქციონში გამარჯვებული გახდა და ბალდის კანიონს 40 წლით დაეპატრონა.
დღეს, პროტესტის მე-13 დღეა! ისინი დაშლას არ აპირებენ, საკუთარ სახლში არიან იცავენ ოდა-ბადეს,მათ სურთ იქაურობას ბუნებრივი იერი შეუნარჩუნდეს
“ბალდის კანიონის შესანარჩუნებლად” მოძრაობის წარმომადგენლების თქმით, სანამ კანიონში მშენებლობების ნებართვა არ გაუქმდება, პროტესტი გაგრძელდება.
” კომპანიის ხელმძღვანელებისა და თანამშრომლების მანქანები უკან გავაბრუნეთ, ჩვენი მშვიდობიანი პროტესტითა და სამართლიანი მოთხოვნით!
დღეიდან, ჩვენ, ბალდის მოსახლეობა, აღარ გავატარებთ კანიონის მიმართულებით მიმავალ კომპანიის მანქანებს მანამ, სანამ სამართლიანობა არ აღდგება. მოვითხოვთ:
∷▷ პასუხისგებაში მიეცნენ კომპანიის ის წარმომადგენლები, რომლებიც ფიზიკურ და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებენ ადგილობრივ მოსახლეობას!
∷▷ გაუქმდეს ჩვენი სოფლისგან მალულად გაფორმებული იჯარის ხელშეკრულება და კანონდარღვევით გაცემული სამშენებლო ნებართვა!”- აცხადებენ ბალდის კანიონის დამცველები, რომლებიც მე-12 დღეა ბალდის კანიონთან გაშლილ კარავში ათენებენ ღამეს.