📌”იარე ლიზა” – რამდენადაც გაჟღერდა, საკმაოდ ძვირადღირებული მხატვრული ფილმი ყოფილა: 1 740 690 ლარი გაუღია სახელმწიფო ბიუჯეტს. ჰოლივუდში კი არა, ბოლივუდშიც კი ერთ ადგილს არ ასწევენ ამ თანხად, მაგრამ ეს არც ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მდიდარი ჯორჯიაა და არც მთლად მდიდარი, მაგრამ საკმაოდ მტკიცე ფეხებზე მდგომი ინდოეთის მუმბაი. ეს საქართველოა, კავკასიის არც თუ შეძლებული ქვეყანა. კი გვეუბნებიან, ეკონომიკა დუღსო, მაგრამ, ეტყობა, დუღილის ტემპერატურამ 100°C ჯერ მიაღწია და ხელი არ დაგვიმდუღრავს.
მაპატიეთ, სიტყვა გამექცა, დავუბრუნდეთ ჩვენს „ლიზას“, სანამ შორს წასულა…
თითქმის 2-მილიონამდე ლარი ამ პატარა არცთუ მთლად მდიდარი ქვეყნისთვის პატარა ხარჯი ნამდვილად არაა. ჰოდა, თქვე დალოცვილნო, ამდენ ფულს რომ ითვისებთ გემრიელად, კორექტურა მაინც აირიდეთ, გთხოვთ, თორემ, ფილმის დასაწყისშივე, პირველივე წუთში „სახელმწოფოს“ (ნაცვლად „სახელმწიფოს“-ი) ვკითხულობთ. კი, მეც არა ერთხელ გამპარვია კორექტურა ჩემს წიგნებსა თუ სტატიებში (და, ალბათ, ამ პოსტშიც გამეპარება), მაგრამ მე არავინ მაძლევს ამ ბიუჯეტის 1%-საც კი (ამხელა თანხა საერთოდ თვალითაც არ მინახავს არათუ ერთად, ნაწილ-ნაწილად დაწყობილი), კორექტირებაში ფული რომ გადავიხადო.
რამდენიმე წამის შემდეგ, შავი ფერის ფონზე ვკითხულობთ, რომ „ომი, რომელმაც ადამიანში ადამიანი გაანადგურა“. აფხაზეთის ომზეა საუბარი, მე რომ გვერდი არ ამიარა. ომი სისასტიკეა, და არც ერთ საღად მოაზროვნეს ის არ უნდა. ამასთან ერთად, ომი, ზოგადად, ანადგურებს ადამიანს, მაგრამ ამ ფილმში, რომელიც კონკრეტულ ომს ეხება, ამ ფრაზის ჩართვა შორს მიმავალი დასკვნისკენ უბიძგებს მაყურებელს. ავტორი გვეუბნება, რომ ამ ომმა ადამიანში ადამიანი მოკლაო… მაგრამ განა ამ ომში? სხვა ომებში არა?! რა თქმა უნდა, კი, დამეთანხმებით თქვენ, მაგრამ ფილმის მაყურებელს კადრების დაწყებამდე უკვე უნერგავენ თავში, რომ ამ ომმა ადამიანში ადამიანი გაანადგურა და ამ საშინელი ფრაზით ზომბირებული მაყურებელიც უკვე მზადაა ფილმი მიიღოს ისე, რომ იხილოს განადგურებული ადამიანი.
როგორც ერთ ცნობილ ფილმშია: „კლიენტ დაზრელ“ (კლიენტი მომწიფდა).
მაგრამ თქვე დალოცვილნო, ამ ომში, იცით, რამდენი ადამიანი გამოვლინდა?! ძალიან ბევრი, ძალიან ბევრი! ადამიანები, რომლებმაც საკუთარი სიცოცხლე მსხვერპლად გაიღეს, ცოლ-შვილნი, მშობელნი ბედის ანაბარად დატოვეს, თავად კი საკუთარი სიცოცხლე სხვას აჩუქეს უანგაროდ.
რატომ ამაზე არ კეთდება აქცენტი? არა, ომი რომ ცუდია, ვიცით. გმირები გამოიყვანეთ ეკრანზე, სახელებს რომ ვივიწყებთ და მომავალს ვუკარგავთ მათ საგმირო საქმეებს.
დავეწიოთ „ლიზას“, თორემ, ვატყობ, გაგვექცა.
ჰო, ფილმის წყაროდ, „ნამდვილ ამბად“ გაზეთ „7 დღის“ რეპორტიორის აფხაზეთში ნანახი და განცდილი ამბები ყოფილა გამოყენებული. Veni, vidi, vici! სხვას ვერაფერს იტყვი, ოღონდ გაიუს იულიუს კეისრის ნაშრომები, რომლებიც დღემდე შემოგვრჩა, სხვათა შორის, დიდი ისტორიული ღირებულისაა. საისტორიო წყაროა, რომელსაც ევროპის ისტორიის შემსწავლელი მკვლევარი გვერდს ვერ აუვლის. კეისარმაც ნახა და განიცადა, ასე თუ ისე, მაგრამ წყაროა მისი ნაშრომი. ჩვენი ფილმის წყაროზე რა ვთქვა, რით გაგახაროთ? ისევ გამექცა სიტყვა.
„ლიზას“ დავეწიოთ, „ლიზას“…
ფილმი დაიწყო!
რეჟისორს რეჟისურას ვერავინ დაუწუნებს. ქალბატონ ნანას კინემატოგრაფიული ხედვა, კადრების ეფექტი, მონტაჟი… ბრწყინვალეა! შედევრია! ამ თვალსაზრისით, ბევრი კონკურსიდან პრიზს ჩამოიტანს, თუ წარადგენენ.
მაგრამ…
კადრს მიღმა მამაკაცი, სასიამოვნო ხმის ტემბრით, ვინმე თბილისელ „კაი ბიჭ“ „ნიუტონას“ რომ განასახიერებს, გვეუბნება, რომ ოხურეისთან აფხაზებმა აფხაზეთში რუსების მიერ მიცემული საბჭოთა დანგრეული ტანკებით შემოგრიხინებულ ქართველებს პირველი „კაი ბიჭი“ მოუკლეს. „კაი ბიჭი“ რა ტერმინიცაა და რომელ სამყაროსთანაა აფილირებული, ახსნა არ გვჭირდება. ისევ მაყურებელს ეუბნებიან, რომ აფხაზეთში „კაი ბიჭები“ შეგრიხინდნენ. არა, ეს ტყუილი არაა. „კაი ბიჭებიც“ იყვნენ და კარგი ბიჭებიც იყვნენ. იმათშიც იყვნენ ნამდვილი მებრძოლნი. არა მაროდიორები და ნარკოტიკებისათვის საავადმყოფოების დამყაჩაღებელნი (ასეთებიც იყვნენ, სამწუხაროდ), არამედ – თავდადებულად მებრძოლნი. მაგრამ ფილმის ავტორთ ეს არ აინტერესებთ. მაყურებელი სხვა მიმართულებით უნდა წაიყვანონ.
ყველაფერი რუსმა დაიწყოო, გვეუბნებიან „ნიუტონას“ პირით ავტორები. ასეა, საწინააღმდეგო არაფერია.
დავეწიეთ „ლიზას“. ტელეწამყვანი ყოფილა. სავარაუდოდ „7 დღის“ რეპორტიორ ლია ტოკლიკიშვილია პროტოტიპი… ჩვენი ლიზა თოქ-შოუს უძღვება 27 სექტემბერთან დაკავშირებით. სტუდიაში „ლტოლვილებია“ მოყვანილი, რომლებიც აგრესიას ვერ მალავენ და ყველაფერს უარყოფითს იხსენებენ. პროდიუსერი გამწარებულია, ეს ხალხი ვინ მოიყვანაო??
კიდევ ერთი მიმართულებაა მიცემული მაყურებლისთვის: აფხაზეთიდან „ლტოლვილი“ აგრესიული ადამიანია, რომელსაც დაკარგული აქვს რეალობის აღქმა. საერთოდ, აზროვნებასაა მოკლებული. ის წარსულით ცხოვრობს. მარგინალიზებულია. აქ კი ლიზა შემოდის მსხვილი კადრით და ამ მარგინალიზებულ აუდიტორიას ეუბნება, რომ აფხაზეთი დაკარგულია, ის რუსეთს აქვს ოკუპირებული, ხოლო ქართველების მხარეს ისეთი რამეები ხდებოდა ამ მარგინალებს წარმოდგენაც არ აქვთ და „დოკუმენტად“ ნიუტონას „დღიურს“ იშველიებს.
ვნახოთ, რას წერდა ნიუტონა? ისე კი, ვერ წარმომიდგენია, ომშიც იყო და დღიურიც წერო. ასეთი მხოლოდ ისევ და ისევ კეისარი მაგონდება, მაგრამ, როგორც ამბობენ, ის უნიკალური ნიჭით იყო დაჯილდოებულიო. ნუთუ, „ნიუტონაში“ განმეორდა კეისრის ნიჭი? ვნახოთ.
საპროდიუსეროში კი რეჟისორი ქალი „ოპონირებას“ ცდილობს, ბებიაჩემი აფხაზებმა გააპარესო…
ისევ ზემოქმედება მაყურებელზე….
ლიზა მოგვიწოდებს იმ მხარესაც, აფსუებსაც მოვუსმინოთ.
ამ დროს ვიღაც სოხუმიდან აფხაზი (ცოლი და ბებია ქართველი ჰყოლია; ცოლი ქართველებმა მოუკლეს) რეკავს. რუსულ-ქართულად საუბრობს. საპროდიუსეროს რეჟისორი, რომელსაც აფხაზებმა ბებია გაუპარეს, თვალებზე ცრემლი მოადგა.
აფხაზი ამბობს, რომ ის მუჰაჯირად იქცა.
მუჰაჯირად რუსებმა მე-19 საუკუნის მეორე ნახევარში აფსუები აქციეს. რომ არა ქართველ საზოგადო მოღვაწეთა და სასულიერო პირთა დიდი თავდადება, დღეს აფხაზეთში არცერთი აფსუა არ იქნებოდა. აფსუები მუჰაჯირობას ქართველებს აბრალებენ. სამწუხაროდ, რუსმა მოახერხა, რომ მისი დანაშაული ქართველს გადააბრალა იმ დროს, როდესაც ქართველი მუჰაჯირობას ეწინააღმდეგებოდა და აფხაზს იცავდა. ჰოდა, ფილმის ავტორი, იმედი მაქვს, უნებლიედ, სეპარატისტულ რიტორიკასაა აყოლილი და ქართველს აბრალებს მუჰაჯირობას. მესმის, ეს 1992-1993 წლების ომზეა საუბარი, მაგრამ მაყურებელს ხომ ამდენის გაფიქრების შესაძლებლობა არ აქვს და მის ცნობიერებაში ილექება აღქმა, რომ ქართველები არიან მუჰაჯირობის ინიციატორები.
ისევ ზემოქმედება მაყურებელზე…
სხვათა შორის, ამ ბოლო დროს ზოგიერთი ქართველი მკვლევარი ცდილობს ქართველი სასულიერო პირები, რომლებიც აფხაზებს იცავდნენ ცარიზმის დროს, ცარიზმის დამქაშ შოვინისტებად გამოიყვანონ. უბრალოდ საწყენია.
ლიზა უპასუხე, ლიზა უპასუხე, ყურში ეუბნება თოქ-შოუს წამყვანს რეჟისორი. მაგრამ ლიზა გაიქცა სტუდიიდან.
ლიზა სოხუმელი მაყურებლის ტელეფონის ნომერს ითხოვს.
შემდეგ კადრში „დოკუმენტური“ ნაწილი შემოდის: როგორ მიდის ლიზა ომში, ლიზა, რომელსაც სჯერა, რომ აფხაზი მტერია. მამა უშედეგოდ ცდილობს მის შეჩერებას: ჩვენ ერთი სამშობლო გვაქვს, რუსები გვაქეზებს ერთმანეთის წინააღმდეგო…
ლიზა მაინც წავიდა.
კადრში გენერალი გიორგი ყარყარაშვილი შემოდის. უკვე ომის შემდგომი, დახეიბრებული. ლიზა ახსენებს მის ცნობილ ფრაზას, თუ აფხაზი 100 000 ქართველს თუ მოკლავს, ჩვენ 80 000 აფხაზს ანუ მთელს ერს გავანადგურებთო. ეს ფრაზა გენოციდიაო, აფასებს ლიზა.
გენოციდი საერთაშორისო სამართლის დანაშაულია. გენოციდის ფაქტის გამო, სერბეთმა კოსოვო დაკარგა.
გ. ყარყარაშვილი კი ამბობს, რომ ეს ფრაზა ცხელ გულზე ნათქვამი და შეკოწიწებულ-დამახინჯებულიაო, მაგრამ მაყურებელს უკვე ცნობიერებაში დარჩა ლიზას შეფასება: ეს გენოციდიაო!!!
ლიზა ერთ მართალ აფხაზ ადამიანს ეძებს, რომ ქართველებს აფხაზებისკენ გული შემოუბრუნოს. ბიბლიური პასაჟია: სოდომ-გომორი არ განადგურდებოდა, თუკი 10 მართალი ადამიანი მოიძებნებოდა.
ქართველს აფსუისკენ გულის მიბრუნება არ სჭირდება. თუკი ვინმესკენაა ქართველის გული მიბრუნებული, რაოდენ საოცრადაც, უცნაურად და აბსურდულადაც არ ჟღერდეს, აფსუაა. მახსოვს, ომის დროს ჩვენთან მყოფმა „უნა-უნსოელმა“ მებრძოლმა მითხრა: კახა, თქვენ ომს წააგებთ, რადგან აფხაზებს უყურებთ როგორც მეზობლებს, მეგობრებს, კლასელებს, თანამშრომლებს, რომელთანაც ძველებურად გააგრძელებთ ცხოვრებას. ისინი კი როგორც მტრებს, ისე გიყურებენ. ამიტომ თქვენ მათი განწირვა გიჭირთ, იმათ თქვენი კი – არა.
მაშინ გამიკვირდა ეს სიტყვები. ჩვენს გულუბრყვილობაზე კი არა, იმაზე, რომ ომს წავაგებდით.
შემდეგ ისევ ნიუტონას დღიურს ვკითხულობთ: გაგრიდან ფოთში ნაალაფარ ჟიგულებს ვაგზავნითო, რუსი ნაშოჩკები მოწყენის უფლებას არ გვაძლევენო. სოჩაში გულაობდნენ, თურმე. ქართველი მეომარი თურმე სოჩაში გადადიოდა გაგრიდან. ვაჰ, ზღაპარშიც კი არ დაიწერება ასეთი რამ.
მერე ნიუტონა გვეუბნება, რომ ნაძირალების დაწყებულია ომი და ყველანი ნაძირალები ვართო… მე რომ ვიცნობ, ბევრი სხვა რომ იცნობს „ნაძირალებს“, ნეტავი მე მქონდეს მათი ვაჟკაცობა!!!
ვიღაც აფხაზი პოეტის ლექსს გვასმენინებენ ფილმის ავტორები. ქართველებს მოუკლავთო…
ისევ მაყურებლის ზომბირება. პოეტი ხომ ყველაზე ჰუმანური ადამიანია ადამიანებში, რომელიც სიყვარულის, ბუნებას, მშვიდობას უმღერის… ჰოდა, ქართველებმა მოკლეს!!!
გაიგო ლიზამ ტელეფონის ნომერი. ავსტრალიური ქსელი ყოფილა.
ომზე „დადარდიანებული“ ლიზა ერთ სასტუმროს აუზში მოგრიალე ქართველებს უყურებს.
ისევ ზომბირება: მათ არაფერი ადარდებთ.
თუმცა, აქ, ალბათ, ნაწილობრივ დავეთანხმები ავტორებს: სამწუხაროდ, ნელდება აფხაზეთის პრობლემა ჩვენს საზოგადოებაში. ის, თითქოს, აფხაზელებს შემოგვრჩა მხოლოდ, ჩვენს ტვირთად და დარდად იქცა!
ჰო, ნიუტონა გვეუბნება, რომ „გნიდა ნარკუშები გაგრის დასაცავად ლომებად იქცნენო“. ზემოთ ხომ ვთქვი, „კაი ბიჭებიც“ იყვნენ და კარგი ბიჭებიც-მეთქი. უბრალოდ ისევ მაყურებელს უნერგავენ „25-ე კადრის“ მეთოდით, რომ ქართველი მეომრები „ნარკუშები“ იყვნენ…
ომი რომ დასრულდა და სამშვიდობოს გამოვაღწიეთ, დედა თითქმის ერთი წელი „ვალერიანის წვეთებს“ მასმევდა. სხვანაირად ვერ ვიძინებდი. სიმშვიდე მქონდა დაკარგული.
ლიზა იხსენებს, რომ „მეგრული კილო“ გვაღიზიანებდა თბილისშიო. იყო ასეთი. მგონი, ახლაც არის. ვინმემ მეგრულად რომ დაილაპარაკოს, ყველა მისკენ მიბრუნდება. ისე კი, ეს გვტკივა. მეგრულიც ქართულია, უბრალოდ იქ ძველი ქართული სიტყვებია შემორჩენილი, სალიტერატურო ქართულში კი ძალიან ბევრი ბარბარიზმია (სომხურ-თათრულ-სპარსულ-არაბული), რომლებმაც ძველი ქართული სიტყვები ამოაგდეს ხმარებიდან და მეგრულის გაგებინების პრობლემა გამოიწვია.
პოეტ ჯუმა ახუბას დღიურს გვაკითხებენ: ჩვენ ერთი სისხლი ვართო.
მერე კი არქივი რატომ დაწვითო, ჯუმა გვეკითხება მისი დღიურით, იქ ხომ თქვენი ისტორიის საბუთები ინახებოდაო.
სამწუხაროდ, ეს მიზანმიმართული ქმედება – ანუ არქივის განადგურება – არ იყო. ომში ყველას ჭკუა არ ყოფნის. ეგაა და ეგ.
ისევ ლიზას რეჟისორი შემოდის, რომელიც ლიზას ფეისბუკ-პოსტის კომენტარებს გვიკითხავს. ლიზას ილია ჭავჭავაძისა და აფხაზი თავადების ფოტო გამოუქვეყნებია პოსტით, ასე ვცხოვრობდით ერთადო. კომენტარები კი აგრესიულია აფხაზების მიმართ. მერე რუსულენოვან კომენტარს გვაცნობს: ყველანი უნდა გარუსდნენ და ასე დამყარდება მშვიდობა კავკასიაშიო.
ლიზას რეჟისორი მამა-პაპურად შეუკურთხავს რუსებს.
აფხაზეთში მეომარი ქმარი აჩერებს ლიზას: იმ ჯოჯოხეთიდან ვერაფერს გამოიტანო! თან მეგობარ-მებრძოლებს იხსენებს, რომლებიც იქ დაეცნენ.
ყველაფერი კარგი. ეთანხმები. ცდილობ დაეთანხმო და ამ დროს მიშა, ლიზას ქმარი გვეუბნება, მართლა გმირები კი არ ვიყავით, წამლებს (ნარკოტიკი) გვაყრიდნენო…
ისევ ნარკოტიკი შემოიტანეს ფილმში ავტორებმა. ნარკომანი ვყოფილვარ მეც და ყველანი, ვინც სამშობლოს ვიცავდით, ჩვენს ოჯახებს ვიცავდით.
მასწავლიდნენ, რომ სამშობლოს დაცვა უპირველესი ვალდებულება და მოვალეობააო. თურმე, ეს ნარკომანობა ყოფილა.
ლიზა გაცოფებულ ნარკომანყოფილ ქმარს აჩერებს და ეუბნება, იმათი თვალით შეხედე მოვლენებსო.
შემდეგ კომანის მონასტრის მონაზონი იხსენებს, როგორ მოკლეს აფხაზმა და რუსმა ბოევიკებმა მღვდელმონაზონი მამა ანდრია – მართლაც უფლის წმიდა ტარიგი. თუმცა ეს გახსენება უფრო შეურაცხყოფად გამოჩნდა…
სად მივდივართ, კითხულობს ლიზა.
მონაზონი მხარს უჭერს ლიზას მცდელობას, სიმართლით ხიდი გააბას აფხაზებსა და ქართველებს შორის. გასული საუკუნის დასაწყისში ოლღა გურამიშვილმა მოითხოვა ილია ჭავჭავაძის მკვლელის პატიება. ის დიდსულოვანი ქმედება იყო, მაგრამ ლიზას მისია ოლღა გურამიშვილის ქმედებას ვერც კი უახლოვდება.
შემდეგ ახალდაბელი ნადეჟდა შემოდის. კადრსმიღმა ისმის ხმა. ახალდაბაში ქართველებმა აფხაზთა შურისძიება ვიწვნიეთ აძიუბჟაში ქართველთა სისასტიკისა და მხეცობის გამოო. ახალდაბის გენოციდს გადარჩენილი ნადეჟდა, შვილიშვილითურთ, აძიუბჟას აფარებს თავს, სადაც მოსკოვიდან ახლადაჩამოსული აძიუბჟელი აფხაზმა გადაარჩინა.
არაერთმა აფხაზმა გადაარჩინა ქართველი. არაერთმა. ისევე, როგორც არაერთმა ქართველმა გადაარჩინა აფხაზი.
მაგრამ აძიუბჟაში რა მოხდა, ვერ ვიხსენებ. თუმცა, მეხსიერების დაკარგვას, მადლობა უფალს, ჯერ არ ვუჩივი. სხვებსაც დავეკითხე. არც მათ ახსოვთ…
ესეც ზომბირება მაყურებლის. აფხაზები სცოდავდნენ, მაგრამ მათზე უფრო მეტად ქართველებიო. თან მოგონილი მაგალითი შემოაქვთ ე.წ. „აძიუბჟას ტრაგედია“. აძიუბჟის ტრაგედიით მთავრდება „ახალდაბელი ნადეჟდას“ ამბავი. მასობრივ მედიაში, რომელსაც ჟურნალისტიკის გარდა, კინოხელოვნებაც შეგვიძლია მოვიაზროთ, ვისაც უმუშავია, ყველამ კარგად იცის, რომ ყოველთვის მთავარია ის ბოლო ფრაზა, რომელსაც რესპონდენტს ათქმევინებ. სწორედ ეს რჩება მაყურებლის მეხსიერებაში!
კახა კვაშილავა – სოხუმის სახელნწიფო უნივერსიტეტის პროფესორი