„ევროპული საქართველოს“ თავმჯდომარის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სანამ დეოკუპაცია არ მოხდება, ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებული კატასტროფული ვითარება მთლიანად ვერ შეიცვლება, „მაგრამ ოკუპაციის პირობებშიც კი საქართველოს ხელისუფლებას აქვს ინსტრუმენტები, რომელიც ვალდებულია, მოქალაქეებისთვის რისკის შესამცირებლად გამოიყენოს“.
ამის შესახებ მან ენგურჰესთან საოკუპაციო რეჟიმისთვის ენერგიის მიწოდებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
მისი თქმით, ენგურჰესი არის ერთ-ერთი ინსტრუმენტი, რომელიც ნორმალური მთავრობის პირობებში უნდა გამოყენებულიყო საოკუპაციო რეჟიმზე წნეხის მოსახდენად, მაგრამ ამის ნაცვლად, „გვაქვს ვითარება, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჰესი თითქმის მთლიანად საოკუპაციო რეჟიმს ემსახურება”.
„არსებობს გრაფიკი, თუ წლების განმავლობაში როგორ იცვლებოდა ბალანსი არაოკუპირებული საქართველოსთვის მოხმარებული ენერგიისა და საოკუპაციო რეჟიმის მიერ წართმეული ენერგიის მოცულობას შორის. მანამდე არსებობდა 90-იანი წლების შეთანხმება, როდესაც წილი 60/40-ზე იქნებოდა, ეს არ იყოს სასურველი ამბავი, მაგრამ ეს იქნა მიღწეული. ბოლო წლებში, ანუ ამ რეჟიმის პირობებში, 80%-მდე და ზოგჯერ უფრო მეტიც მიეწოდება საოკუპაციო რეჟიმს. ისმის კითხვა რატომ?! მტერთან კომპრომისი შესაძლოა აუცილებელი გახდეს, თუმცა ჩვენ უნდა ვიცოდეთ, თუ რისთვის აკეთებს ის ხელისუფლება, რომელიც წესით ჩვენს ინტერესებს უნდა იცავდეს ამას.
რატომ ვაძლევთ ჩვენს მტერს ენერგიას? რაში არის ეს გაცვლილი? თუ კი ჩვენი მოქალაქეებისთვის მდგომარეობა უარესდება, მკვლელობები გრძელდება და ამისთვის ფასს ჩვენი მტერი არ იხდის, მაშინ ჩნდება ლეგიტიმური ეჭვი, რომ ადგილი აქვს გარიგებას, ან პოლიტიკურ-გეოპოლიტიკურ გარიგებას ჩვენს მტერთან ეროვნული ინტერესების ხარჯზე, ან კომერციულ, ანუ კორუფციულ გარიგებას. (არსებობს ვერსია, რომ ოკუპირებულ ტერიტორიაზე მაინინგი ხდება, რაშიც საქართველოს ხელისუფლებიდან არის ვიღაც ჩართული). სხვა ახსნა ამ ტენდენციას გარდა ჩვენი პირდაპირი მტრისთვის ხელისშეწყობისა, ან ჩვენი ეროვნული ინტერესების ხარჯზე ფულის კეთებისა ამას არ აქვს,“ – აღნიშნა ბოკერიამ.
მისივე თქმით, ენგურჰესის მოხმარების წილი 90-იანი წლების მერე საქართველოს მხრიდან ისედაც შემცირდა, რადგან სხვა ჰესებიც გაჩნდა, ამ ინსტრუმენტით კი შეგვიძლია რუსეთსა და მის მარიონეტებზე ზეწოლა მოვახდინოთ.
„შეგვიძლია ვთქვათ, რომ თუ არ გამოსწორდება იქ ვითარება, ენერგიის მიწოდება მთლიანად ჩაიკეტება მათთვის. ჩვენ ეს შეგვიძლია გავაკეთოთ ჩვენი ენერგეტიკისთვის მნიშვნელოვანი ზარალის გარეშე. ჩვენ რომ ნორმალური მთავრობა გვყავდეს ამ ვითარებას უნდა იძიებდეს უსაფრთხოების სამსახური, ხომ არ გვაქვს საქმე ქვეყნის საბოტაჟთან? – ეს კითხვები საზოგადოებამ მაინც უნდა დასვას რიტორიკულად, რადგან დამაჯერებელი პასუხების იმედი არ გვაქვს.
ეს მაინც უნდა იქცეს თემად, რადგან როცა ხალხი დამნაშავეების დასჯას ითხოვს, სინამდვილეში ჩვენ მოქალაქეების მკვლელობას ვაფინანსებთ. ეს კითხვები უნდა დასვას მედიამ და საზოგადოებამ იმ ხელისუფლების წინაშე, რომელიც სამწუხაროდ, დღეს ჩვენი ქვეყნის ბედზეა პასუხისმგებელი“, – განაცხადა ბოკერიამ.