რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა “რუსეთის დღესთან” დაკავშირებით, უკრაინაში მიმდინარე ომის მონაწილეებთან შეხვედრაზე ნატო-სა და უკრაინის კონფლიქტის შესახებ მორიგი განცხადებები გააკეთა. კრემლის ლიდერის მტკიცებით, ჩრდილოატლანტიკური ალიანსის წევრებმა უკვე გააცნობიერეს, რომ რუსეთის სტრატეგიული დამარცხება შეუძლებელია.
„ნატო-ს ქვეყნები ცდილობდნენ ჩვენს სტრატეგიულ დამარცხებას, ახლა კი მიხვდნენ, რომ ეს შეუძლებელია. ეს არის ამოცანა, რომლის გადაჭრაც შეუძლებელია. ისინი ზედმეტად გადასცდნენ ზღვარს, როდესაც ამის შესახებ საჯაროდ განაცხადეს და იჩქარეს“, – აღნიშნა პუტინმა.
რუსეთის პრეზიდენტმა კონფლიქტის დაწყებაში კიდევ ერთხელ დაადანაშაულა დასავლეთი და აღნიშნა, რომ ნატო-ს წევრი ქვეყნები ყველაფერს აკეთებენ რუსეთის წინააღმდეგ „ომის გასაჩაღებლად“.
„ჩვენ არ დაგვიწყებია სამხედრო მოქმედებები სპეციალური სამხედრო ოპერაციის დაწყებით. სწორედ მათ მოაწყვეს სახელმწიფო გადატრიალება უკრაინაში, რამაც შემდეგ გვაიძულა ყირიმის მოსახლეობა დაგვეცვა. მოსკოვი დონბასში კონფლიქტის მშვიდობიან მოგვარებას რვა წელი ელოდა და იძულებული გახდა, იქაური ხალხი იარაღის ძალით დაეცვა“, – განაცხადა ვლადიმერ პუტინმა.
ამასთანავე, კრემლის ლიდერმა აღნიშნა, რომ რუსეთი მზად არის უკრაინის კონფლიქტის მოგვარების თაობაზე მოლაპარაკებებისთვის, თუმცა მხოლოდ საკუთარი ინტერესების გათვალისწინებით. მისივე თქმით, ქვეყანა ერთი ნაბიჯით წინ უნდა იყოს თავისი ოპონენტების სამხედრო გამოწვევებზე.
„ჩვენ ვეთანხმებით მოლაპარაკებებს, მაგრამ მხოლოდ ჩვენი ეროვნული ინტერესების გათვალისწინებით – არა მხოლოდ დღევანდელი, არამედ გრძელვადიანი, ისტორიულად მნიშვნელოვანი ინტერესების“, – დასძინა პუტინმა.

