“ჩემს ბიძაშვილს სოხუმიდან ჩვენი სახლების ახალი ფოტოები გამოუგზავნეს. არ ვაზიარებ სპეციალურად.
ვზივარ, წიგნზე ვმუშაობ, სამურზაყანოს ისტორიაზე. ალაგ-ალაგ პოსტებიც გამოვაქვეყნე აფხაზეთის ისტორიულ წარსულზე. ვმუშაობ და თითქოს ენგურს იქით გადავდივარ და იმ სანახებში ვიმყოფები…
გონება სოხუმში გამექცა. ჩვენს ქუჩაზე „აღმოვჩნდი“, კომკავშირის გზატკეცილზე…
გავხსენი ფოტო და საკუთარ სახლს ვუყურებ.
ჭიშკართან „ვდგავარ“.
ჩემს ბაბუას, სამსონს, დიდი ეზო ჰქონდა. ცნობილი და დამსახურებული აგრონომი იყო, მეორე მსოფლიო ომში არტილერისტად იმსახურა და არაერთი ჭრილობით დაბრუნდა სახლში. საბოლოოდ, სწორედ ამ ჭრილობებით მიყენებული გართულებებისგან გარდაიცვალა 1976 წელს.
სამ შვილს ეზო სამ ნაწილად გაუყო. ძირითადი სახლი უმცროსს – ნუგზარს – დაუტოვა.
დედამ და მამამ დაოჯახებისთანავე დაიწყეს სახლის მშენებლობა. დედის ოჯახი – ბებია-ბაბუა და ბიძები – გვერდში დაუდგნენ ახლადშექმნილ ოჯახს. ყველაფრით ეხმარებოდნენ: ფინანსები, სამშენებლო მასალები, მშენებლობაშიც მონაწილეობდნენ.
ლამის 4 წელი მიმდინარეობდა მშენებლობა. მართალია, პატარა ვიყავი, სკოლაშიც კი არ დავდიოდი, მაგრამ რაღაც-რაღაცები კარგად მახსოვს. მშენებელს გენო ერქვა, მერხეულიდან, ჩვენების მეზობელი იყო. რამდენადაც მახსოვს, ძალიან გულიანი და თბილი კაცი იყო.
მოკლედ, ნათესაობა ორივე მხრიდან ჩართული იყო ჩვენი სახლის მშენებლობაში. ყველა რაღაცით გვეხმარებოდა. მეზობლებიც განზე არ იდგნენ. ძალიან კარგი სამეზობლო გვქონდა. უფრო, ერთი დიდი ოჯახი ვიყავით, ვიდრე – მეზობლები. ჩვენს შორის არსებული ღობეები უფრო ფორმალობა იყო, ვიდრე – რაღაც მიჯნა. მართლაც, ერთი დიდი თბილი ოჯახი ვიყავით.
ერთხელ დავწერე ასეთი პოსტი:
“მამაჩემისა და დედაჩემის ოფლით აშენებული სახლი სოხუმში, რომელშიც სულ 15 წელი იცხოვრეს. ახლა სხვა “მეპატრონე“ ჰყავს..
ეს ჩვენი სახლის ჭიშკარი. იცით, ვისი შეღებილია და თუნუქმიკრულია?
ახალი „მეპატრონის“ არა. ჩვენი! დიახ, ჩვენი შეღებილია. მახსოვს, 1988 წლის მაისში რომ ვღებავდით მთელი ოჯახი.
ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელი გავიდა.
ახლა გამოთვალეთ, რამდენი წელია, ხელი არ შეუვლია არაფრისთვის ჭიშკარზე ჩემი მშობლების სახლის ახალ „მეპატრონეს“…
სხვა ფოტოში კი ჩანს, რომ ეზოს ერთ კუთხეში ნამდვილი სანაგვე მოუწყვიათ…
მამაჩემს უთხრა ახალმა „მეპატრონემ“, შენს სახლზე 10 წელია, თვალი მიჭირავსო.
10 წელი თვალი კი ეჭირა, მაგრამ 30 წელია, მის ოჯახს არაფერი გაუკეთებია.
ფოტოზე ჩანს ჩემი საძინებლის ფანჯრები….“.
აი, ახლა რომ ფოტოს ვაზიარებ, ამაზე დავწერე. ახალს არ გავაზიარებ.
ვუყურებ ახალ ფოტოს, სადაც სრულად ჩანს შიდა ეზო, სახლი…
არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ ეზოში ერთ ადგილას დატოვებული ბალახოვანი სივრცე სრულად ამოუბეტონებიათ. დედას უყვარს ეზო. აქაც, გლდანში, პატარა საგარეჟე ადგილი გვაქვს და პატარა ყვავილნარად აქცია. სულო და გულო, რა გინდა, იქ რომ არ გაუხარებია!
ჰოდა, დედამ ის პატარა მონაკვეთი დატოვა. ლამაზი სანახავი იყო მწვანე ბალახით გალამაზებული ეზოს მონაკვეთი.
ახალ „მეპატრონეს“, ეტყობა, ბალახის მოვლა ყელში ამოუვიდა და უბრალოდ გადააბეტონა.
წინ ჩემი საძინებლის ფანჯარა ჩანს. ის დახურული შუშაბანდის მარცხენა მხარესაა. პატარა ოთახია. ერთი ლოგინი ძლივს ეტევა, მაგრამ რაღაცნაირად მყუდრო და თბილი.
მეორე სართულზე, რომელსაც საძინებლად და სტუმრების მისაღებად ვიყენებდით, შესასვლელი კიბის ქვეშ მამამ ჩვენს ერთგულ ძაღლს, ნეგროს – გერმანულ ნაგაზს – კომფორტული სახლი მოუწყო. ჩემმა დამ ლეიბებით დაუთბო. თუმცა, მაინცდამაინც იქ ცხოვრება არ უყვარდა ნეგროს (ახალ „მეპატრონეს“ ამოუშენებია საერთოდ). ცდილობდა დღისით ჩვენთან ქვედა სართულზე ყოფილიყო, ღამით კიდევ – საძინებელში. მაგრამ დღისით აბაზანაში იყო, სადაც ზაფხულში გრილოდა, ზამთარში კი საკმაოდ თბილოდა. ღამით კი ან საკუთარ სახლში ან მეორე სართულის კარებთან ეძინა და ისე ხვრინავდა, რომ ძილს მიფრთხობდა. მეც ვდგებოდი და შევძახებდი, თორემ ხვრინვას გემრიელად გააგრძელებდა.
საპირისპირო მხარეს მშობლების საძინებელი და მათ გვერდით ჩემი დის – იას ოთახი იყო. ერთი დიდი სივრცე ეკავა „ზალას“, სადაც სტუმრებს ვღებულობდით და იქვე ჩემი 999-წიგნიანი ბიბლიოთეკა (ის მეათასე წიგნი ვერ შევიძინე) და იას გერმანული თოჯინების კოლექცია და პიანინო იდგა.
ქვედა სართულზე, ასევე დიდი ოთახი იყო, სადაც ვიკრიბებოდით. ზოგჯერ მშობლები და ია ქვედა სართულზე რჩებოდნენ დასაძინებლად. განსაკუთრებით ზამთარში. სანამ ცენტრალურ გათბობას დააყენებდნენ მშობლები, დიდი „ფეჩი“ იდგა და ზამთარში ქვემოთ ძილს არაფერი სჯობდა. თუმცა მე ჩემი პატარა და მყუდრო საძინებელი მერჩივნა და ზედა სართულზე ავდიოდი.
მისაღები ოთახის ერთ კუთხეში იასა და ჩემი კაბინეტი იყო, სადაც გაკვეთილებს ვამზადებდით, ვსწავლობდით. აქაც, ერთ მხარეს, პატარა ბიბლიოთეკა მქონდა მოწყობილი. კედელზე კი მსოფლიოს პოლიტიკური რუკა იყო გაკრული, რომელზედაც აღნიშნული მქონდა ის ქვეყნები და ქალაქები, სადაც ქართული დიასპორა ცხოვრობდა. იმ საბჭოურ, ჩაკეტილ ეპოქაში ვცდილობდი, სადაც კი რაიმე ცნობას წავაწყდებოდი ქართულ დიასპორაზე, ჩამეწერა და რუკაზეც აღვნიშნავდი.
სხვა მხარეს სამზარეულო გვქონდა.
ეზოს ერთ მხარეს მამამ სამზადი და პატარა საკუჭნაო მოაწყო. ეს საკუჭნაო ომის დროს ჩვენი ნეგროს თავშესაფრად იქცა. ვერ შეეჩვია აფეთქებებსა და გასროლებს და საკუჭნაოს შორ კუთხეში იწვა აცახცახებული.
თუმცა, მხდალი ძაღლი არ იყო. ჩვენი ეზოს უკანასკნელი დამცველი აღმოჩნდა….
მამაჩემი უყვარდა ძალიან. ყველასგან გამოარჩევდა. მას უხმოდ ემორჩილებოდა. თუ რამ ატკივდებოდა, მამასთან მიდიოდა და ისიც ცდილობდა გაერკვია, რაში სჭირდებოდა დახმარება და ეხმარებოდა კიდევაც.
სამზადის კარები თეთრად გვქონდა შეღებილი. დღესაც ასეა. მეორე სართულის ორი კედლის გასწვრივ დიდი აივანი გავაკეთეთ. როგორც დავტოვეთ, ახლაც ისეა. კარგ დარში ყოფნას იქ არაფერი სჯობდა.
ერთადერთი ცვლილება, პატარა ბოსტანი, რომელიც ჭიშკრიდან ხელმარჯვნივ გვქონდა, შემოუღობავთ. მშობლებსაც შემოღობილი ჰქონდათ, პატარა, დაბალი დეკორაციული ღობით, რომელიც ეზოს ძალიან ალამაზებდა. ჩვეულებრივი ღობე გაუკეთებიათ…
ვუყურებ ამ ფოტოს და თითქოს ჭიშკრის მიღმა ვდგავარ.
ამ ფოტოზე, რომელსაც უყურებთ, ჭიშკარი და სახლის ფრაგმენტი ჩანს. ახალ ფოტოზე კი სახლი და ეზო მთლიანად. 30 წელია ეს ეზო არ მინახავს. მესიზმრებოდა, მაგრამ არ მინახავს. ახლა ვნახე და თითქოს იქ აღმოვჩნდი, საკუთარ სახლში, სადაც მხოლოდ 15 წელი ვიცხოვრეთ, გლდანში კი 25-ე წელია ვცხოვრობთ…
არაფერი წამოგვიღია სოხუმიდან. ვინ ელოდა 27 სექტემბრის შედეგს?! დედამ სახელდახელოდ რაც ჩაყარა ძველ ჩემოდანში, მხოლოდ ის შეგვრჩა. საბუთები, პასპორტები და საშემოდგომო ტანსაცმელი…
დანარჩენი ყველაფერი იქ დარჩა. ახალი „მეპატრონის“ მისვლამდე, სხვამ გაძარცვა და იმ სხვამ მოკლა ნეგრო, რომელიც უცხო ადამიანებს ეზოში არ უშვებდა. ვიცით, ვინც იყვნენ…
იყვნენ!
სამწუხაროა, რომ იმათთვის თავიც გვაქვს დადებული.
ახალი „მეპატრონე“ მხოლოდ გვიან მივიდა. 10 წლის ლოდინის შემდეგ.
ჭიშკრის სახელური უნდა ჩამოვწიო მხოლოდ…
და შევალ.
შევალთ!”
✅სოციალური ქსელი -კახა კვაშილავა© -ისტორიის დოქტორი,ასოცირებული პროფესორი