“ბრიტანების სახლში რომ მოვედი, ესპანელი ქეარგივერი დამხვდა, რომელიც კარგი ინგლისურით საუბრობდა, მაგრამ სისუფთავესთან ქონდა პრობლემები. მალევე გაუშვეს… მერე ოლგა მოვიდა, ამერიკაში დაბადებული უკრაინელი, ბევრი ტატუებით, რომელიც მთელი დღე ტელევიზორს უყურებდა. ისიც მალე გაუშვეს… ახლა ადი გვყავს, შავკანიანი ამერიკელი ბიჭი. ადი ძალიან თავაზიანი ადამიანია და შესაშურად კარგად აკეთებს თავის საქმეს. ამიტომ, სანამ თვითონ ენდომება აქ მუშაობა, არსადაც არ გაუშვებენ.
ამ ხნის მანძილზე, ყოველთვის, როცა ქეარგივერს ეძებდნენ, ქართველებს ვთავაზობდი და ერთადერთი პრობლემა, ენის არცოდნა იყო. ზრუნვის გარდა, ბრიტანებისთვის, ძალიან მნიშვნელოვანია, ადამინს, რომელიც მათ მშობლებს მოუვლის, გამართულად შეეძლოს კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე.
ჩემამდე, ქართველი ქეარგივერიც ყოლიათ, რომელიც ძალიან მოსწონდათ, მაგრამ მოხუცებს გაუჭირდათ მასთან შეგუება, ენის არცოდნის გამო და ისიც გაუშვიათ. ძალიან ცდილობდაო, სწავლობდა, გუგლსაც ვიხმარდითო, მაგრამ არაფერი გამოვიდაო.
მე, ახლა, იმ ოთახში ვცხოვრობ, სადაც ეს ქართველი ქალი ცხოვრობდა. უჯრების დალაგებისას, ეს ფურცელი ვიპოვე. ვერაფრით გავიმეტე გადასაგდებად, მაგრამ რომ მკითხოთ, რატომ ვინახავ, ვერ გიპასუხებთ…
ეს ფურცელი, არის სახეში გაწნული სილა, მთელი ჩემი ქვეყნის დარდს რომ იტევს და ამაზე სევდიანი, მე პირადად, არაფერი წამიკითხავს ცხოვრებაში! ეს არის შიში, რომ დაკარგავ სამსახურს, სადაც დღეში 225 დოლარს გიხდიან, არ იხდი ბინის ქირას, არ ყიდულობ საკვებს, არ გეხარჯება ფული ტრანსპორტში. ციხეში ხარ, ფაქტიურად, მაგრამ ფინანსურ პრობლემებს აგვარებ და არ გეშინია, რომ შვილები მშიერი გეყოლება. მერე რა, რომ უშენოდ იზრდებიან. მერა რა, რომ შენს ცხოვრებაში არაფერი არ ხდება, საერთოდ არაფერი! ეს ფურცელი, მსხვერპლად შეწირვის აქტია და ისეთი სიცხადით განარცხებს მიწაზე, რომ გვერდები გტკივა! კიდევ იმედია ეს ფურცელი. იმედი, რომ გადარჩები, რომ გაუძლებ და რომ დაბრუნდები იქ, სადაც გული დატოვე…
ძალიან ბევრი უმუშევარი ქართველი ცხოვრობს ბრუკლინში. ზოგს ქუჩაში ძინავს, მაგრამ მე არ შემხვედრია ადამიანი, რომელიც უკან დაბრუნებას აპირებს! რადგან უკან დაბრუნება, იმის აღიარებას ნიშნავს, რომ დამარცხდი. თან, არ არსებობს იმედი, რომ სამშობლოში დაბრუნებული, იქ არსებულ პრობლემებთან გამკლავებას შეძლებ.
მე მაინც მგონია, რომ არ არის, ამ ქვეყანაში, კარგი სამსახურის პოვნა ძნელი. ენა უნდა იცოდე, აუცილებლად და ცოტა მარიფათიც გქონდეს. სხვა შემთხვევაში, შენი დამსაქმებელი, შენზე ცოტა ადრე ჩამოსული ქართველია, ან რუსი ებრაელი და შესაბამისად, ხელფასიც ისეთი დაბალია, რომ არ ღირს.
ძალიან ბევრი მაგალითის მოყვანაც შემიძლია აქ, თუმცა, ეს კონკრეტული ადამიანების ცხოვრებაა და არ იქნება ამაზე საჯაროდ საუბარი სწორი.
ამხელა პოსტი კი იმიტომ დავწერე, რომ დღეს, ერთ პატივსაცემ და განსწავლულ ადამიანთან კამათში შევედი და ყველა არგუმენტზე, საპასუხოდ “აბა მიშა ჯობდა” დამახვედრა. არც მეცინება და აღარც მეტირება იმაზე, რომ სიღარიბის ზღვარზე მყოფ, ლუკმა პურის საშოვარს გადაგებულ ადამიანებს, მხოლოდ ის არგუმენტი დარჩათ, ამ დამპალი მთავრობის დასაცავად, რომ ყველაფერი მიშას ბრალია! აღარაფერს ვამბობ იმაზე, რა მტკივნეულია, აქედან, იმის ყურება, როგორ ეპატრონება რუსეთი საქართველოს და ისტერიკამდე მივყავარ ფიქრს, რომ რასაც ჩვენ უბრძოლველად ვთმობთ, ჩვენი შვილების დასაბრუნებელი გახდება!
მეც დავთმე, აბა რა ვქენი? ავდექი და წამოვედი! კი, საუკეთესო გამოსავალი იყო, მაგრამ რის ხარჯზე?
ხან, მგონია, რომ გული გამისკდება. აი, მაგალითად, ღარიბაშვილისთვის გზაზე გამოდგმული ქალი რომ მადლობას იხდის, შავები რომ არ გვაცვიაო და პარალელურად, უკრაინიდან ჩამოსვენებული ქართველი ბიჭების ცხედრებს, სამი ადამიანი რომ ელოდება, აეროპორტში. აქ, ვინმეს თუ გაგიჩნდათ კითხვა, უკრაინაში დახოცილ ბიჭებთან ჩვენი მთავრობა რა შუაშიაო, იყოს, არ გიპასუხებთ, რადგან ვცადე, რამდენჯერმე და აზრი არა აქვს!
არა ბატონო, არც მიშა მინდა და არც გრიშა! მინდა პრემიერმინისტრი, რომელიც ისე დაალაგებს ყველაფერს, რომ უინტერესო იქნება მასზე წერა და ფიქრი… ისეთი მერი მინდა გყვავდეს, რომ ქალაქში, ბავშვი დენის დარტმით თუ მოკვდება, ეყოს პასუხისმგებლობა და ადამიანობა და გადადგეს! მინდა, მართლა დუღდეს ეკონომიკა და დასაქმებულთა 60% საჯარო სექტორზე არ მოდიოდეს! ჩემს ქვეყანაში, ღირსეულად ცხოვრების და მუშაობის საშუალება მინდა მქონდეს, ისე, რომ რომელიმე გაზულუქებული ქოცის ღმერთად გამოცხადების აუცილებლობა არ მქონდეს!
ხან, მგონია, რომ უფლება არ მაქვს, აქედან, ვინმეს რამეზე მივუთითო, რადგან წავედი… წავედი კი იმიტომ, რომ მქონდა შეგრძნება, პარლამენტის წინ, აქციებზე ვბერდებოდით მე და ჩემი რამდენიმე მეგობარი და კი, ნიჰილიზმის წარმოუდგენელმა განცდამ და გადარჩენის ინსტიქტმა სძლია!
წავედი და გულის ამოვარდნამდე მენატრება სახლი…
წავედი, მაგრამ აუცილებლად დავბრუნდები!” | წერს Kato Mikeladze სოციალურ ქსელში