პირველ ოქტომბერს გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხაელ როთმა გამოაქვეყნა ინფორმაცია, თუ როგორ შეუძლიათ საზღვარგარეთ მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეებს არჩევნებზე ხმის მისაცემად რეგისტრაცია, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატმა, გივი მიქანაძემ განაცხადა.
მან ასევე მოიყვანა აშშ-ის საელჩოს მიერ განთავსებული „ქარდების“ მაგალითი, რომლებიც კონტექსტიდან გამომდინარე, მიქანაძის შეფასებით, სახელისუფლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციებს გამოხატავდა.
„პირველ ოქტომბრიდან დაწყებული აშშ-ის საელჩო სოციალურ ქსელში სისტემატურად ათავსებდა „ქარდებს“, რომელთა შინაარსიც, კონტექსტიდან გამომდინარე, პოლიტიკურ ხასიათს ატარებდა და სახელისუფლო გუნდის საწინააღმდეგო პოზიციას ასახავდა. 4 ოქტომბერს საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ საჯაროდ განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ საარჩევნო კამპანიის ფარგლებში ბილბორდებზე ასახული ინფორმაცია არის „სამარცხვინო, შოკისმომგვრელი და ამაზრზენი“. მიხალ როთმა გაასაჯაროვა ორი პირის საკონტაქტო ინფორმაცია, რომლებიც, მისი თქმით, საქართველოს მოქალაქეებს რეგისტრაციის პროცედურაში დაეხმარებიან, რაც ცალსახად წინასაარჩევნო პროცესებში უცხოური ჩარევაა“, – განაცხადა გივი მიქანაძემ.